კალანდა
ქარი ირქინებოდა გარეთ და ყინვა ნაკვალევისგან ჰერბარიუმს თხზავდა ძალიან გვიან. კალანდის ბნელდებოდა ღამე, ჭიქებს ევალებოდათ ღვინოების თრობამდე ზიდვა. შენ მეუბნებოდი, "სიზმრად ჩაგიყოლიო და გულში ჩაგიკრაო, მინდა." მე კი დარდად მიმყვები- აუხდენელი ოცნების ფერით. და შენი მომავალი ლივლივებს სიზმრად. ველი ერთ სიტყვას, რომლისგან არ იჩეკება გველი. სიტყვას რომელისგან არ ჩამოწვეთს გესლივით ყინვა. უკვე გველებშიც იოლია ძილი, იმათაც შეუთხზავთ სამყოფი და ბუდემ გრაგნილად სხეულების ისწავლა მირქმა! მე, ერთს, არ მაქვს საბუდარი არსად! მე, ერთს, არ მყოფნის თრობა ყურძნის ნაჟური წვენით! რატომღაც ქარივით მასხია ფრთები და ყოველ ნაბიჯს უცაბედად ვყინავ. ველი ნატერფალს თოვლში ნაბეჭდს ლექსებად, ისეთს: ოდესმე ულამაზესს ჩამოვშლიდე ჭრელი გველივით უსტარს. გველივით ლამაზია, გასრესილი თავით დავთარი გაშლილი, ატაცებული ხელად. ველი, გააპოს მდინარე ვიღაცამ კვერთხით, რომ არ წამართვან მოვარაყება სამკაულებით, ფარაონისგან დევნილს. ქარი ახლაც ირქინება გარეთ და ნეტავ ჩაგყევი სიზმრად, თუ ყინვა მოასკდა ლოლოსრქებიან ფანჯრებს?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)