ფიქრები
ფიქრებს არ აჰყვე, ფიქრები კლავენ და მერე სისხლით სავსე სასმისით შენდობას სვამენ. და გველი ბუდობს იქ, სადაც უხმოდ და არაფრისთვის ქარებს მოუხმობ. ომები მიდის სრულიად უხმლოდ, რომ წაგებულნი სამარეს უგდონ. ფიქრებს ერიდე! დუმილის შიგან რომ შეგიყვანს და ხელებს შეგიკრავს და დასაძირი ქვების ტომარა ხარ უმოძრაოდ, როგორც სუდარა. ფიქრებს ერიდე - არ ხრავთ მუდარა! ფიქრებს მდუმარებს იმედის ხრჩოლვა ბევრჯერ უნახავთ და გამურული სახით მომდგარნი წასაკითხავი მოაქვთ ოთხთავი. ფიქრებს ერიდე - მდუმრიად მავალთ, კარმოჯარულებს, მძევლად რომ ჰყავხართ და თოვლში კვალი არასდროს არ აქვთ. ფურცლის სითეთრე თოვლივით მდნარი, ბასრი კალმის პირს იმ ფიქრით არის. ვით თავის ქალა, ნამარხი ძვალი, გამომზირალი ღიმილით წყნარით. ო, ეს ფიქრები და მათი ჟამი- სისხლით აღვსილი შენდობის თასი - მკივან ტურათა რომ ახლავს დასი! 2020.02.20 პრაღა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)