მდევრები
ღამეს შავი ემოსა კაბა, ვარსკვლავები ნაწიბურებად აჩნდა და თეთრი ბურანი მთვარის ნამთვრალევივით აჰყვა-აელანდა. გუშინი, სიზმრად ბნელი, ნაერთგულებ მეგობრად დამრჩა, გველის ლიბოში ზლაზვნა, ცოლის ალერსად შამრჩა და შორით ჩხავილი ყვავის დედის მოთქმებად დამხვდა, რაც რამ დაიწყო ეშხით, გაქრა, დაიკარგა კვამლად და ნაკვერჩხლები ძველი ცამ გადიყარა გაღმით მთათა. სუნთქვის მანძილზე ედგა ვარსკვლავი ვარსკვლავს, მაგრამ გზაი ცხრა მთა გახდა, ლოდინის მძიმე ლოდით ვერვინ ვერ გადახდა მათგან, თუმცა მანძილი ერთი ამოსუნთქვის გახლდათ. მეგონა მოგაწევდი ხმას, ხელები აღმეპყრო ცად!! მაგრამ მხარმდგომმა მომტეხა ფრთა, გამომეცალა, განმიდგა განს. ალბათ დაალბო მიწა ჩემი ცრემლების წვიმამ და მეწყერმაც გამყარა მას. ვინც უნდა მდგომოდა მხარს, ნუვინ შემინდობთ ბრალს, რაიც მივაგე უნდოდ დაკარგულ ძმას, და ნურად ჰგონებთ ხმას, რომ ასწვდება ცას და მიმოძრავს. დე, ტრამალს დაკარგული ქარივით ეგოს ცალად ნუვინ შეიწყნარებთ, ნუვინ შეიფარავთ! მე ცოდვების ასხმა ძროხასავით მკიდია ეჟვნებად და არვინ დამკარგავს, ეს სოფელი მომდევს მდევრებად, საძოვარი უხვი, საძოვარი მსუყე, არად მეგემა და ოღრო-ჩოღროს დავიწყე ხეტება. ცოდვები ხმობენ, ცოდვები ჟღერენ და ჟამი ჩერდება. რამ გაგაშავა, ღამევ, ჩემფერავ? მე ბრალი მადევს, მთვარევ, შენდენა, გული რომ მქონდეს, მთვარევ, შენხელა, თოლთ არ დავაწყებინებდი მწკლარტედ ცრემლთდენას; რაი გატირებს? შესდექ შენფერად, ვარსკლავი ხარებს ვარსკვლავამდე სუნთქვის შერჩენას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)