ქარაგმა


დანაპირები ჩანს ნაპირები,
 მოდის გვერდუქცევი ზღვარი, 
როგორც დაღალული 
ხმები, დაკარგული

 არის ჩემი გემის კვალი.

 აფრაშემოგლეჯილი კაბა 

ქარის ხელისცეცებას გაჰყვა 

და ჟინგამქრალი ქარი 

თოლიების ფრთებქვეშ

 შემძვრალი არის
და შიშველია გემი

 მზის ჩამოშლილი თმებით, 

ჟღერს დაყუდება ბოლო, 

როგორც ორღანს მომწყდარი 

აკორდი საბოლოო.

არის ჟამი და ვარ ჟამში ჩანაქარვი, 
არ მაქვს განძრევის თავი.
 აღივსება კათხა ზღვათა, 

მივაქარაგმე ზმანებათა წარსვლად 
წარსული 
და ამოუკითხავი დამრჩა 
ყველაზე სრული, ყველაზე ვრცელი ქარაგმა . . .

და უსახური,
 ჩემი მსახური

 ჩრდილის სუდარის

 არის დამხური, 

როს იქნება
 მზერის ჩაქარვება

 და უხილავი 
რიფები ხილვადნი.

 თოლიები ეძებენ

 დანამსხვრევი გემის კვალს,

ფრთებში მრუში ქარი 

არის ჟინგამქრალი, 

თუმც ავხორცობისთვის

 ეძებს ჟამს. 

აფრა მონაგლეჯი, მიზანს მონაწყვეტი,
არვის არ მისცემს თავს, 
კდემამოსილი, სახემოშლილი უსტარს სატრფიალოს ჰგავს.

 ჟამი იყო, როგორც მძიმე ქარვა, 
კვლავ ამოუცნობი იყო ქარაგმა
 და იშლებოდა საღმრთო მწუხრის გამა, 
არ ამოიკითხება არა, არა, არა! 
და უსახურმა 
ჩემმა მსახურმა
 ჩრდილის სუდარით 
თვალნი დამხურა.

დანაპირები ჩანს ნაპირები, 
მოდის გვერდუქცევი ზღვარი, 
ვარ როგორც დაღალული 
ხმები, დაკარგული, 
მძიმეა, მძიმე 
ქარვა ჟამის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი