Memento mori
ყველას სძინავს, ღამე მწირავს, და პატრონმკვდარი ყმუილა სინდისის ბანი, არის მიმომწყდარი, -ფრთოსანი ჩარაზულ სახლში, მიუგდიათ და გასულან ხალხში. სად დაეკარგა ყველაფერს აზრი; თითქოს დაღვარეს გრაალის თასი! მთვარის პინაზე შეგდებული დღე, ზამთრის ნაჭუჭში ჩაკარგული მზე; - ყმუის ძაღლი---პატრონი თუ გალოკილი ადარდებს ძვალი?! ხორცგამოცლილი, გლუვი მთვარე, ამ ყმუილისთვის აგდია გარეთ. ფრთოსანი აწყდება ჩარაზულ კარებს. ღამე აჭყიტებს ფანჯრებში თვალებს, ათიათასი ძვირფასი თვლების ყრია ფარდაგი და ერთადერთი ასაცმელი ძაფი არ არის! სად დაიკარგა აზრი მთავარი? ეს საზეპურო სამოსელის ქამრის სადარი! თქვენი ადგილი ამ ქორწილში ნეტა სად არის?! ჩამონაღვენთი სევდა მთვარიდან სულში ჩავიდა, ვერაფერს ვერ დაიწყებ ახლა თავიდან! არსაიდან მოსული თოვლი არსად წავიდა. გუშინ საქორწინე ბეჭედივით გამტყდარა მთვარე; მსტოვრებივით აცეცებენ მთიებნი თვალებს. ზამთრის დღე მინებდა ცივი მზის მკლავებს; ღრუბლის ქარავნები-ყაჩაღანა ქარებს! ხიდან ხეს ქარის ხმა გადაეცემა, ცოტაც და ცხოვრებაც პირქვე დაეცემა; გახსოვდეს სიკვდილი!---უბნობს ღამე, უჭირავს გლუვი, გალოკილი ქალა მთვარე, ყმუილა სინდისი მომცდარა ტყუილა; ბოლო შეჭამანდი-შიშით განაზავი ფლავი არის. გახსოვდეს, სიკვდილი მუდამ აქ არის. -მთვარე-მრგვალი; გლუვი თავი; პირველი კაცის ძვალი. გოლგოთის მთა და მხსნელი ჯვარი. კიდევ? კიდევ ----მთვარის პინაზე შეგდებული დღეების ჯავრი. 16.02.2004
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)