წერილი აფხაზეთს


ზაფხულის მშვიდ ღამეს, როცა სამყარო შენს ირგვლივ გაიშლება, გაიფიქრებ, რა
საოცარია ეს დედამიწა და რა იდეალურია ყველაფერი, მაგრამ მერე გულის პატარა ნაწილი შეგიტოკდება და მოულოდნელად იგრძნობ დიდ ტკივილს ისე რომ ამ უეცარ სევდას სახელსაც ვერ დაარქმევ ან ზუსტად გეცოდინება მაგრამ ხმამაღლა თქმის შეგეშინდება, მერე კი ეს დიდი სამყარო შენს გულამდე დაპატარავდება, ხელახლა შეგაყვარებს თავს და ისევ გამოგატარებს ომს, რომელიც არა მარტო მიწაზე არამედ შენს სულშიც დღემდე ბობოქრობს-აფხაზეთს, რომელიც ჩვენთვის დღეს მხოლოდ წერილებსა და სამახსოვრო ფოტოებში არსებობს, ყველაზე ტკბილსა და მწარეს.

ქაოსითა და ქარიშხლებით სავსე სამყაროში, თითოეული ადამიანი ეძებს თავის წილ თავშესაფარს, მე გულით უბინაომ და ღატაკმა კი თავი ჩემს დაკარგულ აფხაზეთს შევაფარე. როცა იზრდები, ხვდები რომ ეს მხარე პატარა სამოთხეა,რომელიც თუნდაც ნაწამები და დატანჯული მაინც მფარველი ანგელოზივით მოვლენილა შენთვის და გიცავს. აფხაზეთი ყველგანაა: დედის თბილ სურნელებაში, პირველ თოვლში, ზაფხულის წვიმაში, სოფლის გრძელ ღამეებში, სევდიან ღიმილში, დიდ სიყვარულსა და ტკივილშია, პირველ რიგში კი ჩემს გულშია. ეს ის ადგილია, თუნდაც ერთხელ ნახო ან გაიგო მასზე საკმარისია, რომ სამუდამოდ გაგყვეს მასზე მოგონებები.

-რა გითხრა, რით მოგირჩინო ტკივილი? განა არსებობს სიტყვა, რომელიც შენამდე მომიყვანს? ნუთუ ასეთი რთულია შენი სიყვარული, რომ ამდენი სისხლი და წელი დაჯდა. იქნებ, არა ვარ ღირსი შენი მხარის ყველა სეზონი ვნახო, მაგრამ გპირდები, რომ მოვალ და ყველა ჭრილობას მოგიშუშებ, ვიზრუნებ და გავზრდი, ყველა იმ ნაწილს რომელიც 93-ში დავტოვე.

აფხაზეთის მაგიური პეიზაჟები დღემდე ფეთქავს მარადიული რიტმით, ქარის
სუნთქვას, ფოთლების შრიალს ეხმიანება და მოგვითხრობს ამბებს რომელსაც ვერ
მოისმენ სხვაგან ვერსად, ვერავისგან. დროის დაუნდობელი მსვლელობა ფიჭვისა და ველური ყვავილების სურნელს აზავებს ბუნდოვან გამოსახულებასთან, რომელიც მტკივნეული შეხსენებაა აღუდგენელი დანაკარგისა. ეს ის ადგილია, სხვას რომ ვერსად იპოვი და ვერაფრით შეანაცვლებ სადაც არ უნდა წახვიდე, თუნდაც მთელი სამყარო მოიარო.
 
თვალწარმტაცი ხედების მიღმა, უფრო ღრმა, მტკივნეული ისტორია იმალება.
ისტორია, რომელმაც არა მარტო მიწა, არამედ ხალხიც დააშორა და დააპირისპირა. შევნატრი დღეებს, როცა კონფლიქტის შემზარავი აჩრდილი აღარ იქნება ჩვენი თანმდევი და შეიცვლება ის დრო, რომელმაც აფხაზეთის საზარელი ბედი განსაზღვრა, თუმცა თუნდაც მთელი სამყარო ამიჯანყდეს, პლანეტებსა და
ვარსკვლავებს რომ ასე სასტიკად ჰქონდეს დაწერილი, მე მაინც ჩემს გზას
გავაგრძელებ აფხაზეთამდე, თუნდაც ეკლებით სავსეს მაგრამ მაინც ჩემსას და მის
ბედისწერას შევცლი.

დრო აფხაზეთში, თითქოს 1993 წლის 27 სექტემბერს გაჩერდა და დღემდე ელოდება მის მკვიდრებს რომ 21-ე საუკუნეში ისევ გაგრძელდეს.

-შემოდგომაზე დაგკარგე და შემოდგომაზე გიპოვი და მერე შენს არცერთ სეზონს არ გამოვტოვებ.

-დრო, როცა ისევ შევხვდებით იქნება დღე, როცა ხელახლა შეგიყვარებ და მერე ამ
სიყვარულს მთელი ცხოვრება გულით ვატარებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი