არსი
ჩემი ლექსები სიყვარულზე რომ დამეწერა ვიცი ძვირფასო ვერ აიტანდი სიძულვილს და რადგან ასეა დავეხეტები ქუჩებში და როგორც ყოველთვის თბილისში ახლა ყველაფერი ისევ ისეა გადმოეფინათ აივნიდან თეთრი ზეწრები მოხუცი ყიდის პამიდვრებს და თვითონ მშიერი უკან ბრუნდება იმ სახლებში, სადაც ფანჯრები ჩაერაზათ, სადაც ღმერთია როგორი მძიმე შეიძლება იყოს მსუბუქი აღარ უვლიან ყვავილებს და მკვდარი ყლორტები ფესვებიანად სამუდამოდ დასაჭრელია ბავშვები აღარ თამაშობენ გარეთ და ახლა იქ სადაც ერთხელ ბაღი იყო, შენობებია როცა ღამდება და ღამე როცა ასე ბნელია იქ სადღაც, ვიღაც ცარიელი სახლის სარდაფში ვეღარ იძინებს, აღარ იცის როგორ ჯობია ცხოვრება, როცა უსამართლოდ გიჭერს მარწუხებს იქნებ ჯობია იქ წახვიდე სადაც გელიან ვიცი დამძრახავ რატომ არ ვწერ სიყვარულზე, სამშობლოზე ფერად დღეებზე და ჩვენს მიწებზე, ნაომარზე დატანჯულზე უკვე წლებია როგორ აგიხსნა, როგორ გითხრა, ჩემო კარგო, სწორად გაიგო ადამიანი გაცილებით უფრო დიდია!.. რაღა აზრი აქვს თუ მიწები მინდორ ველი მთები, ტყეები დაგვრჩება ოხრად თუ ნიადაგზე არ იხარა ადამიანმა?!. ელენე მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი