Ciao


დალია სული უსასრულო უიმედობამ
ტრიალებს ქარში აჩრდილები ლურჯი სიმართლის
გრძელი ბილიკი, უსასრულო სევდის მაგვარი
შეგეცოდება, შეგზიზღდება
უვნებო წამი.

საუკუნეა მთვრალი მთვარე გვიყვება ამბავს
როგორ დაღლილა ეს სხეული პარტიზანობით
და Bella Ciao, Bella Ciao, Bella Ciao
გაჰკივის ქარი...
როგორ დამძიმდა ეს სხეული უიმედობით!

ბნელმა შესრუტა ყველა ვნება,
ყველა ტკივილი
ქარსგადარჩენილ, უსახლკარო მოდის ნიავი.
უიმედობის, სევდიანი დამაქვს თვალები
და უსაშველოდ ბევრის მთქმელი მოდილიანი...

ეს მარტოობის ასი წელი,
როგორც მარკესთან
ისე აბერებს ადამიანს,
სიცოცხლე აცლის
და დამჭკნარ თითებს,
ჭაღარა თმებზე, სევდამორეულ ხელს გადაუსვამს.

ჭექაა, ციდან ვარდება მეხი
ორად გააპობს ყოველ ტკივილს
აქ, ღრმად დამარხულს
და შორს დანახულ მოკიჟინე სხეულის აჩრდილს დაჰყვება მთვარე.
მთვრალი მთვარე, გალეშილ მზერით უნათებს ბილიკს და გაგიჟებით პარტიზანელს უსმენს ზემოდან, რომელიც კივის
Bella Ciao, Bella Ciao, Bella Caio! 

დღეს მეც გავგიჟდი საბოოლოდ!
ოჰ, როგორ მესმის ახლა ალან პოს.

და გაფრენამდე მაკლია წამი
წამი ტკივილის,
და დაღუპვის
და სიცრუის
უჩემო წამი...


24.01.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი