სიმარტოვე


ქარია გარეთ, მე მახსენდება ფიჭვები როგორ ღელავდნენ ქარში. 
ქუჩები ბნელი, სევდიანი, ნაცნობი უცხო,
დადიან ქარში სხეულები, ხელები უხმოდ.
ყვირიან ჩუმად მეგობარო ტკივილები, ყვირიან ჩუმად... 

შემოგვეჩვია შავი სევდა, სიმარტოვე, სიცარიელე.
სიმარტოვეში უფრო ცხადად, უფრო აშკარად ჩვენ შევიძულეთ ერთმანეთი, გადავიყვარეთ!
ყველა ნიღაბი შეგვიხორცდა
ყველა ჭრილობა
გაუფასურდა ყველაფერი, რაც კი ვიწამეთ
და დარჩი მხოლოდ მეგობარო 
ჩუმი ნიღაბი... 

ქარია გარეთ, მე და შენ ქარში
ვუმზერთ ჰორიზონტს, 
ეგ შენი მზერა სევდიანი, მთქმელი რაღაცის შემომეჩეხა დამცინავად
თუმც ვერ მივუხვდით
თუმც ვერ გავუგეთ
რა გვიჭირდა, 
როგორ გვტკიოდა
რატომ ვიტირეთ.
დავალთ და 
დაგვაქვს ტკივილები,
სევდა, 
სხეული. 
ოჰ, როგორ გვინდა
ამოხეთქოს  სულიდან
დარდმა
გადავეჩვიოთ სიმარტოვეს, სიცარიელეს.
სიმარტოვეში უფრო ცხადად უფრო აშკარად ჩვენ შევიძულეთ ერთმანეთი! 
გადავიყვარეთ... 

ე.მარღია
#პოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი