რეცენზია ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნზე - "ტიბეტური საგანძური"
ბადრი სულაძის - ისტორიკოსის, პედაგოგისა და პოეტის - რეცენზია წიგნზე: ერეკლე ბეჟუაშვილის „ტ ი ბ ე ტ უ რ ი ს ა გ ა ნ ძ უ რ ი“ ამ წიგნის შესახებ ლიტერატურის კრიტიკოსები ისაუბრებენ, მე, უბრალოდ, ჩემს შთაბეჭდილებას გიზიარებთ, უფროსწორად კი ჩემს გაოცებას გამოვხატავ თორმეტი-ცამეტი წლის ბავშვის განუმეორებელი გონითა და გამბედაობით შექმნილი სქელტანიანი რომანის გამო, რომელიც კითხვის დაწყებისთანავე გიპყრობს და გიმორჩილებს. გიკვირს, საიდან ასეთი მწერლური ნიჭი ამ ასაკში. ფენომენალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან ბავშვები სამყაროს მთლიანი ცნობიერების შესახებ ასე მაღალმხატვრულად, ასე სიღრმისეულად და ფილოსოფიურად არ მსჯელობენ. გხიბლავს თხრობის დახვეწილი სტილი, მსუყე ლიტერატურული პასაჟები, პერსონაჟების შექმნისა და ამეტყველების, მათი ხასიათების გამოძერწვის ვირტუოზული ტექნიკა, ამბების მოყოლის ხელოვნება - სიუჟეტის განვითარების, კვანძის შეკვრისა თუ გახსნის თვალსაზრისით. დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ძველი არქიტექტურული კომპლექსების, გემთმშენებლობის, საბრძოლო აღჭურვილობისა თუ სხვა ტექნიკური გამოგონებების, ასევე, ტექნოლოგიური მიღწევებისა თუ ლანდშაფტური ნაირგვარობის ოსტატურად აღწერა იდუმალებით მოსილი გარემოს შექმნის ფონზე, რაც სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებისთვისაა დამახასიათებელი და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - სულგანაბული გატაროს ძველი ტიბეტური იეროგლიფებით შედგენილი შანგ-ლასის საკრალური გრაგნილის მოძიების ფათერაკებით დატვირთულ გზაზე და ნაწარმოების გმირებთან ერთად განგაცდევინოს ცხოვრებისეული დრამატიზმით აღსავსე ეპიზოდები, სადაც საბოლოოდ სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს. წიგნის ავტორი ნამდვილი ვირტუოზია, რადგან მოულოდნელობის ეფექტის შექმნით, ანალიტიკური თხრობის უნარით აღწერილი ვიქტორიანული ეპოქის ინგლისისა თუ ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალისა თუ ტიბეტის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ამბების უშუალო მონაწილედაც გაქცევს და თან მოზომილი, ძალდაუტანებელი, ტაქტიკური სვლებით შემეცნებით ექსკურსსაც გთავაზობს ისტორიისა და ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა დარგში დაგროვებული ცოდნის გაზიარებით და მაინც - ყველაზე მთავარი განცდა, რაც ნაწარმოების კითხვისას არ გტოვებს და დასრულებისას კიდევ უფრო გიმძაფრდება, ისევ და ისევ მთავარ საკაცობრიო პრობლემას უტრიალებს, როგორ დავძლიოთ ადამიანური სისუსტეებით ნასაზრდოები ამბიციები, როგორ ვიცხოვროთ მეგობრებისთვის მინიჭებული სიხარულიდან გამომდინარე გრძნობით, რომანის პერსონაჟების - არნე ჰარისონისა თუ ჯონათან ნაბსის ან ჯონათან ნაბსისა თუ ფილიას ატკინსის ურთიერთობის გათვალისწინებით... დიახ, ფენომენალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ერეკლე ბეჟუაშვილი, ეს განუმეორებელი გონის ბავშვი და ამავე დროს დიდად განსწავლული კაცი, ამ რომანით დედამიწის ხელახლა აღმოჩენისკენ მოგვიწოდებს, რადგან დედამიწას „რაც შეიძლება მეტი საიდუმლო დავცინცლოთ“ - ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების ნიშნით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ერეკლეს ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალში "ქუჯი" სწორედ ამ წიგნით გამარჯვებას (ნომინაციაში - წლის საუკეთესო დებიუტი) და მრავალ წარმატებას ვუსურვებ!.. პატივისცემით და დიდი სიყვარულით - ბადრი სულაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი