ბრალი (მცირე პოემა)


ბ რ ა ლ ი

(მცირე პოემა)

წინანდლის ტყეში ცხოვრობდა
ერთი მელია ცბიერი.
ცუდად იქცევა, თუმცაღა
კეთილისა აქვს იერი.

ღამით ჩამოდის სოფელში,
როდესაც ყველა ძილშია.
ქათმებს მუსრს ავლებს, შიმშილს კლავს,
ძაღლისაც არ ეშინია.

შავ-შავ დინგს შეყოფს სუყველგან,
სისხლი სწყურია ქათმისა,
წრიპა წიწილსაც არ ინდობს,
ნერწყვს ადენს გემო ტყავისა.

ასე გრძელდება წლებია,
ვერ დაიჭირეს ვერასდროს.
რამდენიც თითქმის ხელთ იგდეს,
კუდის მოქნევით ვერაგობს.

და რომ გასხლტება მოქნილად,
თავს ისევ ტყეში შედურთავს.
ასე ჰგონია, რომ ქვეყნად
ღმერთიც კი ზიანს ვერ უზამს.

***

მოსახლეობა გაბრაზდა -
ვეღარ მოითმენს მელასა,
ბოროტს და ქვემძრომს, ქათმის მკვლელს,
ოხერს და გაიძვერასა.

გამწყრალი ხალხი ერთ დღისით
შეკრიბა სოფლის ხუცესმა.
პირდაპირ კითხვით დაიწყო:
რა ვუყოთ მელას მუცელსა?

გლეხებს ფიქრიც არ დასჭირდათ:
ჩვენ მაგას ვერრით გავაძღობთ,
როდემდე ყლაპოს ქათმები,
ასე რომ, თავი წავაძროთ.

ერთხმად დასჭექა ყოველმან,
ხუცესმაც დაადასტურა.
მგონი, შურს ამოიყრიან -
მელას მიჰყვება ზედ ტურაც.

დადგა ის ჟამი, როდესაც
ჯავრს ბლომად ამოიყრიან.
ყველა მხეც-ნადირს მოკლავენ,
მიწასაც არ მიაყრიან.

აი, დაიწყო ალესვა
სოფელში ცულის, წალდისა...
მოხუცი, გინდა უწვერო -
ყველა ერთთავად განრისხდა.

დათქვეს დეკემბრის ერთი დღე,
როცა გეგმავენ ზღვევასა,
გაჩენა დააწყევლინონ
საძრახ-ტიალსა მელასა!..

***

გათენდა ეგ დღეც სისხლისა,
სუსხია ძვლების გამხეთქი.
ყველა წამოხტა ადრევე,
უნდა ახეთქონ სახეთქი.

აისხეს კომბალ-შურდული
და აჰყვნენ ბილიკს და მაღლობს.
ამ გზის ბოლოსკენ ბუნაგში
ბინადრობს მელა საბრალო.

მთელ სოფელს ნახავთ შეკრებილს,
ტანადსაც, იქვე კუზიანს.
ზოგიც ნამდვილი ვაჟკაცი,
ზოგიც სეირის ბუზია.

ალმად მიუძღვით თავკაცი,
დიდი გული აქვს ბელადსა,
რომ სული გააცხებინოს
სოფლის სიმდიდრის შემხრავსა.

უკვე გამოჩნდა ის სორო,
მიადგნენ ძლივსღა საწადელს.
როგორც იქნება, მოკლავენ
მთელი წინანდლის გამტანჯველს.

ჯერ წინ მიუშვეს ხუცესი,
რომელმაც მელას შესძახა:
"დროზე გამოდი შენ გარეთ,
თორემ გაჩვენებთ ბნედასა!"

უეცრად შეცბა მელია,
ხალხს სახლთან სულ არ ელოდა.
იფიქრა, "გავიპარები",
რადგან ჯერ კიდევ ბნელოდა.

მიხვდა ხუცესი ამ ზრახვას
და მელას კიდევ უყვირა:
"არ გამოგივა დასხლტომა,
ხალხი ჩაგსაფრდა უკნიდან."

ცრემლებმოდენილ მელიას
იმედი სრულად ჩაუქრა
და გადაწყვიტა, ხალხს შეხვდეს.
"იქნებდა, მართლა რა უნდათ."

ჯამაათობა გაიყო,
სოროდან მელა გამოძვრა,
ამდენი კაცის შემყურე
შიშნაკრავს ესღა ამოხდა:

"რა გინდა, ხალხო, კეთილო?
უნდა დამსაჯოთ დანითა?
რა ვქნა, რომ მიწევს ტაცება
თქვენი ნაზარდი ქათმისა".

- ენა ჩაიგდე, ბოროტო,
გვიწყვეტ ჩვენს კვერცხის მდებლებსა.
წიწილებსაც კლავ,
მამლებსაც,
ნარჩევ და ნასუქ დედლებსა.

- რა ვქნა, ბატონო, რაი ვქმნა!
შიათ ჩემს საწყალ შვილებსა.
როგორც კი სახლში ვბრუნდები,
მიკრეჭენ მომცრო კბილებსა.

საჭმელი უნდათ, სასმელი,
სამი მყავს აგერ სოროში.
არაფერია საძღომად
ამ ტყიურ ოღროჩოღროში.

ამიტომ მიწევს ჩამოსვლა
ტყიდან თქვენს ლამაზ სოფელსა,
რომ უცებ თვალი შევავლო
საქათმეს, თუნდა ბოსელსა.

მარტო მანდაა საკბილო,
შვილებს ვაპურებ მაგითა.
სულაც არ მეპიტნავება
მოპარვა სხვისი ქათმისა.

ასე რომ, ყველას ძალზე გთხოვთ -
კრძალვით და ქედდადრეკვითა -
ახლა ნუ მომკლავთ, ჭირი მე,
საფასურს გიხდით ღმერთითა.

არ დამიობლოთ ლეკვები,
ყოფას ნუ დაგვიბნელებთა.
მაგრამ თუ გამომასალმებთ,
თქვენ მაინც მიმიხედეთა".

აქ შეწყდა სიტყვა მელასი,
ნათქვამი გულის შემძვრელი.
არ დარჩა ერთი მსმენელიც
მდუღარცრემლდაუდენელი.

ხუცესი ძალზე ჩაფიქრდა,
ღრმად აიტანა ჭიდილმა:
ნეტავ, ვაცოცხლო თუ მოვკლა
მის გამო, რაც ჩაიდინა.

უჭირს გადაჭრას საკითხი.
ამიტომ ჰკითხა იქ მყოფებს:
როგორ მოვიქცეთ, გავწიროთ?
- ეს მელა დიდხანს იცოცხლებს.

ასეთი იყო პასუხი
სევდანარევი ხალხისა;
დაუშვეს იარაღები -
"ნეტავ, რამ წაგვახალისა!"

ბოლოს გაბრუნდნენ გლეხები
კვლავ დაღმა, სოფლის შარაზე.
მელა კი მადლსა სწირავდა,
რომ არ ააცვეს დანაზე.

***

რა სულელია გლეხობა,
არ იცის ცნობა ავისა,
ეს იმიტომ, რომ მათ სჯერათ
მელიის სიაფანდისა.

***

ორი დღეც კი არ გასულა,
რომ დაიწოკდა სოფელი.
ხელახლა ჩამოსულიყო
ის მელა, მუდრეგ-ოხერი.

ზამთარში ჭამა დააკლდათ,
ცხოველი მთლად გასწყდომიათ.
არსად მინახავს უფალი
კაცს ასე რომ გასწყრომია.

***

ყინვაც დაედოთ ზემოდან,
მომსრავი არე-მარისა.
მელია კი არ ტყუოდა...
ბრალი ამ შტერი ხალხისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი