მეთერთმეტე სტუმარი


მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე       ს ტ უ მ ა რ ი

ხელის დაქნევაც ვერ მოვასწარი...
ქარმა წაიღო, რაც მოიტანა.
მხოლოდ ტკივილი დარჩა იგივე - 
არც მოიკლო და არც მოიმატა.

ყველა უარი და ყველა ფიქრი
მოვინანიე, შენ რაც გიხილე.
ერთი რამ მიმაქვს საგზლად ცის იქით - 
ცოდვა, რომელიც ვერ გაგიმხილე.

ცელი წვივებში მომისვა ბედმა,
ტრიალ მინდორში გავხევდი უბრად:
სუფრა ათ კაცზე იყო გაშლილი
და მეთერთმეტე მივსულვარ სტუმრად.

კარი, რომელიც მომავალს აღებს,
ამ სიყვარულმა მთლად გადარაზა,
შენ კი მიდიხარ აუღელვებლად,
როგორც სოფელში მიდის შარაგზა.

და შენც წახვედი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი