მოლაყბე მამალი


ქორმა მოიდგა თვის ბუდე

შეუწვდომელსა მთაზედა.

დაეშვა ქვემოთ, ბარში და

დაწიოკება გაბედა.

ხის საქათმეში შეფრინდა,

მამალს მიუგო ხმამაღლა:

"უნდა შევებათ, ასე მსურს,

არ გავიგონო გადაღლა.

გამოიყვანე წიწილნი,

პირს წყალი უკვე მომადგა.

ხომ იცი, რომ დაგამარცხებ,

დარჩები მხოლოდ მძორადა".

"კარგი, რადგანაც ასე გსურს,

ვიბრძოლოთ, - უთქვამს მამალსა, - 

ვიცი, მომიგებ, თუმცაღა

მაინც მოვსინჯავ ძალასა.

აბა, რას ვიზამ, ტიალო,

დარდი მაქვს ჩემი შვილების,

მაგრამ იცოდე, გაფრთხილებ,

ვერავინ ვეღარ გიშველის.

შენა სთქვი, შენ მოიგონე,

შენ ხარ ამ ჩხუბის ავტორი,

მე გიმეორებ, გახსოვდეს - 

კარგი მყავს ბატონ-პატრონი".

ქორმა ატეხა ხარხარი:

"ვით ხარ ასე სასაცილო?!

მაინც რას მიზამს ეგ კაცი?

მისით გსურს, რომ შემაშინო?!"

"აი, რას იზამს, უტვინოვ,

- მამალმა მასხრად აიგდო, - 

გირჩევ თვალებში მიყურო

და ყური კარგად დამიგდო:

როგორც კი ჩემს ხმას გაიგებს,

დატოვებს თავის სახლსაო.

წამოვა და ხელს მოჰკიდებს

ხის თოფის ხის კონდახსაო.

თუ აქ შეგისწრო, აქ გნახა,

დაემშვიდობე სიცოცხლეს.

მკვდრებს კუდს აძრობს და ინახავს,

ხორცს კი ძაღლისთვის იტოვებს.

ბევრჯერ მოსულან აქ, ჩემთან 

ათასი ჯურის მელები,

მაგრამ აქედან არც ერთსა

არ გამოუჩნდა მშველელი".

ამის გამგონე მთის ქორი

სიცოცხლისათვის იხვეწდა,

შეშინებული გაიქცა,

მთის იქით გადაიხვეწა.

*

როდის უშველა ქათამსა

ჩხუბმა და მხრების ძალამა?!

და ასე გადაირჩინა

თავი მოლაყბე მამალმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი