ერის სიმფონია


შოთას ლექსით გავჩნდი, თვით თამარი მზრდიდა;

აკვანს ბაზალეთის ტბის ძირას მირწევდნენ.

ბარში დავიბადე, თავადის მახლობლად (წინანდლელი ვარ და თავადში ალექსანდრე ჭავჭავაძეს ვგულისხმობ - ე. ბ.),

როცა მაღალ მთაში ამირანზე მღერდნენ.

წამოზრდისთანავე დავითს მიმაბარეს - 

მისგან ვისწავლე მე, რაც კი მისწავლია.

მუდამ ხელს მიწყობდა და მეხმარებოდა - 

წიგნებს მაკითხებდა უკვდავი ილია.

თუმცა მარად მქონდა მე მრავალი კითხვა: 

რა არს თავგანწირვა, როგორ უნდა, რითი?..

ამის ფიქრში ვიყავ, როცა მოვისმინე

ჩვენი თევდორე მღვდლის წმინდა მაგალითი.

ვაჟას ჩოხით და ხმლით ყველგან დავდიოდი;

სადღა იყო მაშინ შიში და მტრის ძალა?!

არც მაშინ დავტოვე ჩემი საქართველო,

როცა მონღოლთ ურდო ზვავად მოეძალა.

ბერმა გაბრიელმა ის გზა დამანახა,

რისთვისაც მიღირდა მე მთელი ცხოვრება:

არ გაგიჭირდება ურჩხულთა გაქელვა,

თუკი დაამარცხე შენი გულის ვნება.

მიხარია, რადგან ჩემს ერში მოვლინდნენ

ხერხეულიძენი და რომ ვარ კახელი.

"პატარა კახს ჰგავხარ" - ასე მიძახოდნენ.

მიტომაც შემარქვეს ერეკლეს სახელი.

ჩემი სამშობლოსგან მტკიცედ ეს ვისწავლე:

კლდედ უნდა იცხოვრო -  ურყევი და სალი.

როცა გამიჭირდა, ძალით მომეხმარა ღმერთის ანარეკლი - ვახტანგ გორგასალი.

გრიგოლ ხანძთელმა მე ზეცად ამიყვანა.

ფასი დავინახე ძველთა სისხლი-ძვალის.

თუ შენთან არა ვარ, ტკბილო ერო ჩემო,

მაშინ ყველგან თან მდევს განცდა ამორძალის.

შენი სიყვარული, შენდა თავგანწირვა

მუდამ სულით დამაქვს, ყელს ჯვრად მკეთებია.

ჩემო საქართველო, სუნთქვა-ნეტარება,

შენთვის მომიძღვნია, რაც მიკეთებია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი