თურმე
თ უ რ მ ე... ...და თურმე იდგა გელათთან მეფე, თურმე უჭვრეტდა ბაცისფერ მთვარეს... იქ წყალწითელაც დიოდა მყეფე! იგერიებდნენ მტრებსა და მთავრებს. გამოხდა ხანი... ცოდვების დამღამ დაგვაწყებინა სისხლში გნიასი. ერთმანეთს ვკლავდით უნდობლად, მაგრამ გავიდა წელი თითქმის შვიდასი... ...და თურმე იდგა ილია სანთლით, თუმც იცის: ღვენთვა დასწვავს და ავნებს... მაინც ლოცულობს - ვარსკვლავებს დათვლის, ოღონდ გადავრჩეთ! შხამსაც კი დალევს! ისევ გაფრინდა მრავალი წელი (საუკუნე ხომ ცოტა არ არის!) და მესამე მხსნელს კვლავდაკვლავ ველით... გვინდა შემოკვრა ხელახლა ზარის. ...და თურმე (უკვე მესამედ ვამბობ) დადგება სანთლით გელათთან გმირი... სახე არ უჩანს, თუმცაღა ამბორს გამოიმეტებს სამყარო მრგვლივი! არ ვიცი, ამ გმირს სახელი რა აქვს - ამირანია თუ ტარიელი, მაგრამ გაგანდობთ, რაც გულით დამაქვს: უფლის მსახური არის ძლიერი! სადღაც გასაღებს მაინც მიაგნებს - უკურთხებს თვითონ ღმერთი განზრახვას - წინ გაიჭრება, ზუსტად მოარგებს და სამუდამოდ ახსნის ზარდახშას!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი