ბოლო ზარი


ბ ო ლ ო       ზ ა რ ი

და დარჩა იგი, ვისთვისაც ვწერდი,
სხვა ყველა გაჰყვა ბოლო ზარის ხმას...
ნატიფ დროებას ვუქციეთ გვერდი - 
Tempos Modernos ტკბილ ხილს არ ისხამს.
თეთრი პერანგი ჭრელი წარწერით:
„ხვალ გამოცდა მაქვს, ერთი მაგისიც!“
სხვები მილოცვებს მხრებზე გაწერდნენ,
მე კი მარკერი გულზე გაგისვი.
ცა მოიჭედა ლურჯი ფრესკებით,
ნიმფა ჰიადებს ვიწვევთ საწვიმრად.
მზის დაწურვისას ბანკეტს ვესხედით,
რაც ბალთაზარის იქცა ნადიმად...
დელგმის ხავილი სკოლასაც მისწვდა,
რომელმაც წლები გვიძმო, გვიმამა.
მსუბუქი ცრემლით ვნამავდით მიწას,
ჩვენი ამბოხი მორწყვად იამა.
გადარჩა იგი, ვისთვისაც ვწერდი...
ჩემით გაექცა არესის მახვილს...
მპოვა რაინდმა ხატკეთილ მზერით
და ზარს შემოჰკრა - ბოლოს და ნამდვილს!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი