ტავტოგრამები
ტავტოგრამა - მ მტერი მუდამდღე მრავალგვარია: მართლობს მტყუანი, მზეობს მართალი. მეფე მეფურად მიიწევს მაღლა, მონას მონურად მოსწონს მათრახი. ტავტოგრამა - დ დარიან დღეებს დედამიწაზე დაუსრულებლად დარაჯობს დედა. დრო დაამარცხებს დარდსა და დრტვინვას. დიდების დილა დუმილით დგება. ტავტოგრამა - ს სიო სისინით სრბოდა სულეთში, სამარადისო სუნთქვით სუნთქავდა. სიკვდილმისჯილებს სიცოცხლე სჯიდა, სულ საბოლოო საათს სუდრავდა. ტავტოგრამა - ბ ბავშვია ბედის ბორანზე, ბარში ბუდეა ბუების. ბოლოცეცხლების ბრიალი ბევრჯერ ბრალია ბუნების. ტავტოგრამა - ნ ნიამორები ნავარდობენ ნაჩრდილარებში, ნაპირად ნახავთ ნორჩთა ნაზად ნიავქარობას... ნაბადმოსხმული ნინველია ნავში ნატიფში, ნაწვიმარნამჯანაჭამნასუქ ნერბებს ნატრობდა. ტავტოგრამა - ა აზრია არსებობისა ახალი აკვნის აგება. ანგელოზისგან აკრძალულს ადამიანი არღვევდა... ტავტოგრამა - გ გარდაუვალი გახდა, გველებო, გულწრფელ გონების გაყიდვა გროშად. გულში გამქრალი გრძნობები გველის, გარეთ - გამტყდარი გობების გროვა. ტავტოგრამა - ი იარებს ილბობს ირემი, ილოკავს, ისარს იტკიებს, ინამავს, იავადმყოფებს, იესოსავით* იტირებს. * - აქ: სისხლის ცრემლებით (სახარებისეულად ცნობილია, რომ იესო ქრისტე გეთსიმანიის ბაღში სისხლის ცრემლებით ტიროდა). მეცნიერთა მტკიცებით, სისხლის ცრემლებით ტირილი რეალური ბიოლოგიური პროცესია, რომელიც დიდი განსაცდელისას იჩენს თავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი