მეწამული მტრედი - მოთხრობა მასონობაზე (I ნაწილი)
„როცა გამოვრიცხავთ შეუძლებელს, რაც დარჩება, რაგინდ შეუძლებელიც ჩანდეს, ის იქნება სიმართლე“. - სერ არტურ კონან დოილი შესავლის მაგიერ წინამდებარე მოთხრობა ჩემი პირველი ცდის შედეგია, რომელიც დეტექტიური ჟანრის თხზულების შექმნისაკენ იყო მიმართული. რამდენად ავისრულე გულისწადილი, თქვენი - მკითხველის განსასჯელია. უპრიანი იქნება, თუ მოთხრობაში გამოყენებულ ფრაზებს მივაპყრობთ ჩვენს ყურადღებას - ფორსირებულად თხრობა ყველა პატარა დეტალს მეტ დატვირთვას სძენს. P. S. იმედი წელში გასწორებისა ბოლოს კი არა, საერთოდ არ კვდება... ეძღვნება ჩემს უფროს მეგობარს - რობერტ ადარს! *** არსად არასდროს არავინ იმხელა რისკზე არ წასულა, რამხელაზეც ესკვაირი ბენედიქტ ფალკონერი. ჯერ იყო და, ლორდთა პალატა თავისი ნებით დატოვა, რასაც პრესის ფურცლები სიხარულით შეეგებნენ და ინციდენტი „ჯიბეთხელი ლორდის სკანდალის“ სახელითაც მონათლეს („ტაიმსი“ სამი კვირის განმავლობაში გახლდათ აჭრელებული); შემდეგ იყო და, ლონდონიდან საერთოდ გადაცხოვრდა კენტერბერში; ჭორების დაკემსვა მალევე მოასწრეს: ამბობდნენ, იქაური არქიეპისკოპოსის გავლენის ქვეშ მოექცაო. ამის მერე ესეც არ იკმარა - ცოლ-შვილი შოტლანდიაში გახიზნა. გვერდით მხოლოდ თავისი უფროსი ვაჟი არტური დაიტოვა. ეგეც, არავინ იცის - რისთვის. თუმცა ფაქტია: 15 წლის ჭაბუკის გამოყენება ათასგვარად შეიძლება. ბენედიქტ ფალკონერი არცთუ ისე ჯიბეგაფხეკილი გახლდათ, როგორც ამას ბრიტანული გაზეთები ირწმუნებოდნენ. ლორდთა პალატის დატოვების შემდგომ ინგლისის ბანკში დაგროვებული ქონება ერთბაშად გამოიტანა და სამხრეთ აფრიკაში ოქროს საბადო იყიდა. „აფრიკა წყლით გაჟღენთილი ღრუბელივითაა - რაც მეტს გამოვწურავთ, ჩვენთვისვე უკეთესია“ - ფიქრობდა ესკვაირი. იზიდავდა აფრიკული ეგზოტიკა: ტრამალები, სავანები, ქვაღორღიანი და ყვითელბალახიანი მთები (საბადო სწორედ ერთ ასეთთაგანთან ჰქონდა). აშკარა იყო, ოქროულიდან დიდ მოგებას ელოდებოდა. ავლადიდება შინაგანად სძულდა, თუმცა იმასაც ასკვნიდა, რომ უფულოდ ყოფა გაუძნელდებოდა. პოლიტიკური რწმენით კონსერვატორი გახლდათ, როგორც XIX საუკუნის ყველა სხვა კეთილშობილი ინგლისელი. არტურ ფალკონერი მამას ბევრი რამით ჰგავდა. ტანადაც მისნაირი იყო: სისხლჭარბი, თავისთავად დაკუნთული, შავტუხა... თუ სხვები წლობით იზრდებოდნენ, ეს კვირობით იზრდებოდა. მამამისს წლებმა უკვე ჩამოათოვა - 50-ს იყო მიტანებული. თავად კი მთელი ცხოვრება წინ ელოდა... ადამიანთა უმრავლესობას ღირსების შკალაზე ნიშნული არა აქვს. ფალკონერთა ოჯახზე ხსენებულს ნამდვილად ვერ იტყოდით... ალბათ, არც არაფერი შეიცვლებოდა მათს უცნაურ ყოფაში და მეც მოსაყოლი, თავისთავად, არ მექნებოდა, რომ არა იდუმალი შემთხვევა ოქროს საბადოში... ნაადრევი გაზაფხული იდგა. მწიფე მზე უკვე იღლებოდა, როდესაც ბენედიქტის სახელზე ტელეგრამა მოვიდა. არტური მისი პირველი წამკითხველი იყო. ბიჭმა მამასთან ფხაჭაგლეჯით მოირბინა. ვეშაპივით სუნთქავდა. უეჭველად აღელვებული იყო. - რა ხდება? - ცივად იკითხა ბენედიქტმა. - თავად ნახე, - მცირე დაყოვნების შემდეგ წარმოთქვა არტურმა. საშინელებას იწერებოდნენ. ეს ყოველივე ჯვრისწერისას მოულოდნელად ნათქვამი არასავით საზარელი იყო. ერთ-ერთ შუკაში, საბადოს მახლობლად, სასტიკი მკვლელობა მომხდარა. მსხვერპლი საბადოს მთავარი ზედამხედველი იყო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობი რჩებოდა, მაგრამ, ადგილობრივ ჟანდარმთა რწმუნებით, ყველაფრის უკან აბორიგენი შავკანიანები იდგნენ. ეს სერიოზული ბრალდება გახლდათ - XIX საუკუნის მეორე ნახევარში აფრიკელები გაუგონრად იჩაგრებოდნენ, თეთრკანიანის მკვლელობას კი თითქმის ვერავინ გაბედავდა. ბენედიქტს გამომძიებელთა ვერსიაში ეჭვი იმთავითვე შეეპარა. აქ რაღაც სხვა ამბავი იყო. - რა ვიღონოთ, მამა? - ყურები ჩამოყარა არტურმა. - არ ვიცი, შვილო. ამ საქმეს ჩემი ხალხი მიხედავს, თუ უფრო არ გართულდა ვითარება. მაგრამ თუნდაც კიდევ ერთი ინციდენტი და, ვფიქრობ, კენტერბერში აღარ დაგვედგომება. - აბა, სად? - ხელები გაასავსავა ბიჭმა. - სამხრეთ აფრიკაში, - იყო მტკიცე პასუხი, - ერთი კვირით მაინც... არტური დანაღვლიანებული იყო. ცუდ ამბავს დღე-დღეზე ელოდებოდა, ასეთნი კი - ვისაც დედამიწაზე უცხოვრია, დამეთანხმება - ნამეტანი პუნქტუალურობით გამოირჩევიან და დიდხანს არ იგვიანებენ ხოლმე. ერთი კვირის თავზე, ამჯერად ელვა დეპეშით, ფალკონერებს ოქროს საბადოდან სამი დაქირავებული მუშაკის გაუჩინარებაზე აცნობეს. მათი ტანსაცმელი და ხელსაწყოები თავის ადგილზე ეყარა, მხოლოდ ადამიანები გამქრალიყვნენ. ბენედიქტის ხალხს ჟანდარმერიისთვის რომ უკითხავს, რაიმე უცნაური ხომ არ დაგხვდათ შემთხვევის ადგილზეო, ამგვარად უპასუხიათ: არაფერი განსაკუთრებული, გარდა გადაჯვარედინებული ფარგლისა და სახაზავისა, რომლებიც მუშების სამოსზე ეწყოო. აი, ამან კი გადამგდარი ლორდი საგონებელში ჩააგდო. ბევრი აღარ უჭოჭმანია: არტურს ხელი მოჰკიდა და 18 ივნისს უკვე სამხრეთ აფრიკაში იყო. საქმე შემდეგში მდგომარეობდა: ფარგალს და სახაზავს არცერთი მუშა არ იყენებდა... არ სჭირდებოდათ. „ასეთ ამბებს მიხუთშაბათ-მოხუთშაბათებულად არ უნდა მივუდგეთ“ - ამ სიტყვებით დადგა ფეხი ბენედიქტმა აფრიკის მატერიკზე. უკან არტური მოსდევდა. „ადგილობრივები, წესით, ცისარტყელის მერვე ფერივით ზედმეტნი არიან. ამ საქმეში, უბრალოდ, როლი არ აქვთ“ - დუდღუნებდა იგი. ბენედიქტს ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ყველა ამ მოვლენის მიღმა რაღაც გამორჩა. თავს დიდხანს იქექავდა, თუმცა მაინც ვერაფერს გახდა - ის „რაღაც“ არა და არ გამოჩნდა. ოქროს საბადოს გარშემო მოსწორებული მინდორი იყო. ბენედიქტმა რამდენიმე კარავი სწორედ აქ წამოაჭიმინა. შემდეგ კვირებს საბადოს მეზობლად გაატარებდნენ, რათა მოვლენებზე დაკვირვება უკეთ შესძლებოდათ. ეს ჭკვიანური გათვლა გახლდათ, ვინაიდან ამგვარ ვითარებაში შემთხვევის ადგილისთვის თვალის მოშორება არასდიდებით შეიძლებოდა. აფრიკაში ჩასვლის პირველივე საღამოს ბენედიქტს ენაადგმულმა მოგონებებმა დაუწყეს ჩურჩული. გაახსენდა, სულ პირველად როგორ შეისყიდა საბადო. ახლაც იმგვარი საყდრული სიცარიელე სუფევდა ირგვლივ. არტური თავდაპირველ დღეებში ანცობდა, აფრიკულ ბუნებას აკვირდებოდა და ყველა ინფორმაციას გარემოდან იერთხორცებდა, თუმცა ერთ საღამოს ესეც მოჰბეზრდა, ამრიგად, კარავში შეიკეტა და მამამისის დაბრუნებას დაელოდა. ბენედიქტი მალევე მოვიდა. როგორც თავად თქვა, დღისით საბადო თავისი თვალით დაუთვალიერებია. ყოფილი ლორდი და უფულო მილიონერი ქურასთან ჩამოჯდა (გაიკვირვებთ, აფრიკაში ქურისგან რა ხეირიო, მაგრამ საჭმელს მომზადება ხომ უნდოდა?!)... - არტურ, ზოგჯერ წავუჟანჟაკრუსოებ ხოლმე, მაგრამ უნდა მომიტევო, - ხელის მტევნები ქურას მიუშვირა ბენედიქტმა, არადა, სულაც არ სციოდა, - შუადღისით ბენი ვნახე. - ბენი? - გაიკვირვა ბიჭმა, - ვინ არის ბენი? - კაცი, რომელსაც სიცოცხლესაც ვანდობ. როდესაც აფრიკაში გარკვეული ფინანსური ოპერაციები წამოვიწყე, ჩემს აქაურ წარმომადგენლად ბენი დავნიშნე. იმ დღიდან ამ წუთამდე ყველაფერს ის კურირებდა. პრინციპში, მოწიფული მამაკაცი არცაა, ჯეელია. თუმცა არ უნდა დავუკარგოთ, რომ ასაკისათვის შეუფერებელ საზრიანობას იჩენდა და ახლაც ავლენს. ჰოდა, მითხრა, რომ ხვალიდან ორივე დავჭირდებით - ერთად უნდა გავარკვიოთ მკვლელებისა და გამტაცებელთა ვინაობა (უკვე ვთანხმდებით, რომ ისინი ერთსა და იმავე დაჯგუფებას წარმოადგენენ). თავად ვარაუდობს, რომ თუ საქმეს პატიოსნად მივუდგებით - რაც აუცილებელია - პრობლემებს ერთ-ორ თვეში სრულად მოვაგვარებთ. ერთობა ჩვენი ძალაა, დაშლა - ჩვენი სისუსტე. - რა შევა ჩვენს მოვალეობაში? - დაინტერესდა არტური. - წესითა და კანონით, დანაშაულის ადგილის თვალთვალს დავიწყებთ... კეთილი, შევეშვათ ამას. ხსნა თავად გვიპოვის. ახლა შენ უნდა გკითხო: დღეს გააკეთე რამე სასარგებლო? - რას გულისხმობ, მამა? - რამე კარგი ჩაიდინე, შექმენი? როგორც მახსოვს, ათი წლის რომ შესრულდი, პირობა ჩამოგართვი ყოველდღიური განვითარებისა. - ალბათ... არ ვიცი... - თვალები გადაატრიალა არტურმა. - როგორ?! ერთ საქმესაც ვერ იხსენებ? - ჩაეძია მამა. - თუ რაიმე მნიშვნელოვანს ვიზამდი, გარდაუვლად დამამახსოვრდებოდა, - თავი, შეძლებისდაგვარად, იმართლა ნინველმა.1 - ეგ ძალიან ცუდია... ისე უნდა იცხოვრო, დედამიწას არ ამძიმებდე, - წარბები შეკრა ბენედიქტმა, - მე დაფიქრებადაც არ მიღირს ადამიანი, რომელიც წინა დღესთან შედარებით უკეთესი არაა. იმ საღამოს მშვიდი მუსაიფით დაშორდნენ. მეორე ალიონი მეტად საინტერესო გამოდგა. ცის მნათობს ჯერ თვალიც არ გაეხილა, როდესაც მამა-შვილ ფალკონერს ბენი წამოადგა თავზე. - ჩემი სახელი ბენჯამინია, - ხელი გულმხურვალედ ჩამოართვა მან არტურს. ამ უკანასკნელმა მოხიბლულმა გაუღიმა, თუმცა თავი არ წარუდგენია - მისი ვინაობა ბენმა ისედაც ჩინებულად უწყოდა. - დღეს რა გეგმები გვაქვს, ბენ? - ჰკითხა ესკვაირმა. - რაც უწინ მოგახსენეთ, სერ: ამაღამ ახლომახლო ჩავსაფრდებით. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ რაღაც კიდევ მოხდება და, ვფიქრობ, საბადოთი დაინტერესებული ავაზაკები კვლავ გვესტუმრებიან. ამას დრო აჩვენებს, ახლა კი - წავედით! ლამის ყელამდე ამოწვერილი ბალახბულახი რომ გადაივაკეს, ოქროს საბადოსთანაც აღმოჩნდნენ. იქაურობა არაბული ღამის ვარსკვლავებივით ბრწყინავდა. თითქმის სამ ჰექტარზე მკერდგადაღეღილ საბადოს კანტიკუნტად შესეოდნენ წერაქვიანი კაცები. არტურმა იქაურობას თვალი მოავლო, შემდეგ კი ბენს გადაულაპარაკა: „იარაღი არ დაგვჭირდება?“ „რასაკვირველია“, - იყო პასუხი. მონდომებულმა ყმაწვილმა მამა-შვილს შაშხანები გამოურბენინა. მალე მათ გარშემო საგანგებოდ ჩასაფრებისა და თვალთვალისათვის დაქირავებული ხალხი მოგროვდა, ასე, 15 კაცი. ბენედიქტმა ყველას შთამაგონებელი სიტყვით მიმართა. 1 - თანამედროვე „თინეიჯერის“ ჩვენებური ტკბილხმოვანი შესატყვისი. დაახლოებით სამ საათში კიდეც შებინდდა. ბნელეთის საცეცებმა მთელი სამხრეთ აფრიკა მუჭში მოიქციეს. ბენედიქტი, არტური, ბენი და მათი თანმხლები პირები შესაფერის ადგილებზე განლაგდნენ, შაშხანები მომართეს და გაალმასებული მზერით ოქროს საბადოს ყოველი მხრიდან თვალიერებას შეუდგნენ. ნელ-ნელა ხელმარჯვე მუშებმა იქაურობაც დატოვეს. საბადოს ტერიტორიაზე, შეუმჩნევლად ჩასაფრებულთა გარდა, აღარავინ დარჩა... თავდაპირველად საინტერესო არაფერი მომხდარა. იქნებოდა ღამის თორმეტის ნახევარი, როდესაც არტურმა (და კბილებამდე შეიარაღებული ოცამდე მამაკაციდან - სხვამ ვერავინ!) მათგან სათოფეზე ადამიანის სილუეტი დალანდა. თუმცა... ხმა არც კი ამოიღო, ისე ეძინებოდა. ერთი ლაზათიანად დაამთქნარა და ფშვინვა ამოუშვა. დიახ, არტურს ხანდროს უპასუხისმგებლობაც ახსენებდა თავს... უცნობის ლანდი წამოიზარდა, ფორმა მიიღო და პირდაპირ ბენს მიუახლოვდა. დაფეთიანებულმა ჯეელმა კბენათოშიანივით მორთო წკმუტუნი, რამაც ყველა შეახტუნა, თუმცა ყველაფერი მალევე გაირკვა - ეს ბენის ნაცნობი ინვენოსი1 გამოდგა. „ინვენოს! აქ რა გინდა? კინაღამ ფეხები გავფშიკე!“ - გაუწყრა ბენი. ინვენოსმა თავი ჩახარა, გაეცინა და, სხვათათვის უხმაუროდ, იქვე ჩამოჯდა. ბენედიტქმა და სხვებმა ღამის სტუმარი ალმაცერად შეათვალიერეს, მაგრამ ხმა არ გაუციათ. ინვენოსი შავკანიანი ბერიკაცი გახლდათ: შეთხელებული, ჭაღარა თმა-წვერით, დანაოჭებული შუბლითა და სხვანაირი მზერით. სხვანაირში ღრმასა და მიუწვდომელს ვგულისხმობ. ეს ადამიანი ოქროს საბადოდან ¼ საათის სავალზე მარტოდმარტო ცხოვრობდა. ჰყავდა შინაური ცხოველები, ლესოტოელ ტომებთან ვაჭრობდა და ცოტა სარჩო-საბადებელსაც შოულობდა. იმ მხარეში ამბობდნენ, მასზე ჭკვიანი კაცი არ მოიძებნებაო. მართლებიც იყვნენ: ინვენოსს - მიხრამოხრით დაწყებული, ჩუმი საუბრით დამთავრებული - ყველაფერში ეტყობოდა განსხვავებულობა. მისი თვალებიდან გამოსჭვიოდა ისეთი ცოდნა, რომელზეც თითქოსდა სხვას არავის დედამიწის ზურგზე არ უნდა სმენოდა. ბენმა ინვენოსი გარშემომყოფებს გააცნო და შავკანიანი ბერიკაცის აქ ყოფნის მიზეზი აუხსნა. აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულს შორიდან რაღაც ხმები გაუგია და საბადოსთან მუშტმოღერებული მოსულა, ვაითუ რამეს იპარავენო (ბოლო ხანებში დატრიალებულ ამბებზე უკვე სმენოდა). ინვენოსმა მათთან ერთად დარჩენა გადაწყვიტა, საქმე სახლში მაინც არაფერი მაქვსო. თავისთავად, უარი არ უთხრეს. ცოტა ხანში ბენმა ბენედიქტს იდაყვით ანიშნა: „ისე, რა უცნაური და გაუგებარია: თავდამსხმელებმა ერთი მშრომელი მოკლეს, ზოგიც გაიტაცეს და, ალბათ, იმავე გზას გაუყენეს, საბადოდან კი გრამი ოქროც არ წაუღიათ! პირდაპირ გადაირევა კაცი - არადა, თუ მატერიალური ინტერესი ჰქონდათ, უწინარესად, ეს უნდა გაეკეთებინათ... ჰმ, დაფიქრებად ღირს“. ბენედიქტმა თანაშემწეს ყურადღებით მოუსმინა და მისი აზრი გაიზიარა. ვითარების ალოგიკური კონტექსტი კიდევ უფრო აბნევდა. „ვინ იცის, იქნებ, ამ საბადოდან არცთუ შორს, ახლომახლოს, სოლომონ მეფის საგანძურიც კი იყოს - ჩვენ ხომ გასაოცარ, ნაჭირდიდებ სამხრეთ აფრიკაში ვართ!“ - წაილაზღანდარა ბენმა, სიმართლე კი გამოუვიდა... თვალთვალის პირველ ღამეს ბენედიქტი ინვენოსს საკმაოდ კეთილგანწყობით მოეკიდა. „ნებისმიერი ურთიერთობა ინვესტიციაა“, - ფიქრობდა გადამდგარი ლორდი. თავის მხრივ, წვერცანცარა მოხუციც კარგად გრძნობდა თავს და რულის მოკიდებასაც, სხვათაგან განსხვავებით, უფრო მედგრად ერკინებოდა. თუმცა ის ღამე იმგვარად გაათენეს, არც ავაზაკები გამოჩენილან და არც საბადოს ტერიტორიაზე გადაბრუნებულა თუნდაც ერთი ქვა. ჩასაფრებამ ნაყოფი თავიდანვე ვერ გამოისხა. მეორე დილით, სისხამ ალიონზე, ბენედიქტმა გაღვიძება ყველას დაასწრო. 1 – Inveno (ლათინ.) – „ვპოულობ“; „პოვნა“. - დაწექი, ჯერ განთიადიც არ გაზმორილა, - წამოაძახა არტურმა. მამამ შვილს ყური არ ათხოვა, სახეზე წყალი შეისხა და კარვიდან გავიდა. იქვე ნახევრად მძინარე ბენს მოჰკრა თვალი. ახალგაზრდას პირისპირ ინვენოსი ეჯდა, რომელიც ეს-ესაა მოსულიყო. - დილა მშვიდობისა, ქორივით თვალფხიზელნო! - გამოჯავრებით მიმართა მათ ბენედიქტმა და წუხანდელი ძლივს გათენებული ღამე გაახსენდა. - გაგიმარჯოთ, სერ! - მიესალმა ბენი, - გამიხარდა თქვენი ნახვა, სალაპარაკო მაქვს. ჩვენთან დაბრძანდით და წაგემუსაიფებით. ბენედიქტი მათვე მიუცუცქდა. - გისმენთ გულისყურით. - ისა... ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუ თვალთვალმა პირველივე დღეებში არ მოგვცა შედეგი, ყურების ჩამოყრად არ ღირს, - ხელისგულები მუხლებზე დაატყაპუნა ბენმა, - ალბათ... - ნუთუ მე მასწავლი შეუპოვრობას?! - გაწყრა ბენედიქტი, - განგება ტკბილეულს პირდაპირ უბეში არასოდეს ჩაგიყრის. - გასაგებია, მეც სწორედ ამის თქმა მსურდა, - თავი დააქნია ჯეელმა. ინვენოსი ორივეს ყურადღებით უსმენდა. ბოლოს მანაც ხმა ამოიღო: - ეს კვირა მხოლოდ მოთელვაა, საგრძნობ ცვლილებებს დიდი ხნის შემდეგ უნდა ველოდოთ. საბადოთი დაინტერესებული პირები დაბრუნდებიან. ბერიკაცს ორივე დაეთანხმა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ინვენოსის ნათქვამი აცხადდა - მეორე, მესამე და მეოთხე დღესაც ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა! აი, მეხუთე დღე კი სრულებით სხვა საქმე იყო... *** სამყაროს ერთი დიადი არქიტექტორი მართავს. ყველა დამარცხება სურვილის არაზომიერებითაა გამოწვეული. სიძულვილი სიყვარულის ნაირსახეობაა. ადამიანი დაბადების წამიდან იწყებს კვდომას. გაუნათლებლის მართვა იოლია, განათლებულს მართვა არ სჭირდება. თუ თავს მანქანის ქვეშ შევარდნით იკლავ, კარგ მანქანას მაინც შეუვარდი. შრომა უპირველესი ღირსება და მოვალეობაა. სიცოცხლე სიკვდილთან შეხვედრის კულტურაა. ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დგება. როდესაც ორი სულელი ერთმანეთს ხვდება, ერთი ციხეში მიჰყავთ, მეორე - მორგში. შიშისა და სისულელის ცნებები მხოლოდ ასოებით განსხვავდება. ისტორიაში არ არსებობს მაგალითი იმისა, თუ როგორ დამარცხდა თავმდაბალი ადამიანი. წარმატებად არ ითვლება ის, რასაც თუნდაც უკვე ორი ადამიანი აკეთებს. „არ ვიცი“ ხშირად ყველაზე მართალი სიტყვებია. საათის ისრები წინ მოძრაობენ, რადგან წარსულზე არ უნდა ვიფიქროთ. შეცდომის არდაშვება შეცდომის გამოსწორებაზე არანაკლები ხელოვნებაა. გიყვარდეს ადამიანის სრულყოფილი არასრულყოფილება და ყველას პატივი ეცი, მაგრამ ისიც გახსოვდეს, რომ, რაც ნაკლებ ადამიანთან გექნება ურთიერთობა, მით უფრო ბედნიერი იქნები. არ არსებობს კაცი, მეფისტოფელი რომ არ დასდევდეს - მთავარია, ყველანი ფაუსტურები ვიყოთ. ორჯერ ორი ოთხია. ახლა კი ისევ ჩვენი ამბავი... *** მთელი ამ ხნის მანძილზე ბენედიქტმა მხოლოდ მეოთხე ღამესღა შეამჩნია, რომ ინვენოსს გულ-მკერდზე მსხვილი ძეწკვით ჯუჯუ1 ეკიდა. ალბათ, სულდგმულთაგან ვერავინ გვეტყოდა მის დანიშნულებასა და მიზანს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა - ბენედიქტმა თვალი დახუჭა. და თუ იგი რაიმეს მიიყურისძირებდა, აღარც მიუბრუნდებოდა ხოლმე... ან კი რას გააწყობდა, თუნდაც ჯუჯუს ტარების ფუნქციას რომ ჩასძიებოდა - ყველა ადამიანი თავისებური ცომითაა მოზელილი. ამრიგად, ასე იყო თუ ისე, ზემოხსენებული დეტალიც გაინაპირა... მოდი, არტურიც ვახსენოთ. თვალთვალის დაწყებიდან შემდგომი სამი ღამე ამ დღენიადაგ მცქმუტავი ბიჭისთვისაც თავზარდამცემად უინტერესო და მომქანცველი აღმოჩნდა. როდესაც ცის კაბადონს მზე თავმომწონედ განაგებდა, არტური კვლავინდებურად სავანებში ხეტიალითა და ყიალით იკლავდა უკვე შეერთხორცებული, სისხლში გამჯდარი, მშობელნაცვალი კენტერბერის მონატრებას. ღამეული დედოფლის, მთვარის, სუფევისას წვერისღინღლებახალამოღერებული ჯეელი, ცხადია, უფროსებს ახლდა, ოქროს საბადოს მუშათა გასტუმრების შემდეგ კი მიდამოს გაშტერებული მზერით ათვალიერებდა; უნდა გენახათ, რამოდენა მონდომებით აცეცებდა თვალებს ეს გულის სიღრმეში ნიქტოფობი ახალგაზრდა. ჩამოყალიბებულ, გაწონასწორებულ ზრდასრულსაც კი დააეჭვებდა, აი, მოწიფულობას მივატანე და თქვენზე არანაკლების ქმნა შემიძლიაო (ნუ დავუკარგავთ არტურს ინვენოსის პირველად შემჩნევის ხვედრს. გამოდის, იგი არცთუ უსაფუძვლოდ იყო მონდომებული და მოწოდებული უფროსთა დახმარების მეტად საჭირბოროტო საქმეს). საზოგადოდ, ამგვარი მიზანდასახულობა მართებული და დასაფასებელია - შესაძლოა, მისი ისარი თავდაპირველად არასწორ სამიზნეს მოხვდეს, თუმცა დაოსტატებისა და ჯოჯოხეთური შრომის შემდეგ ის გარდაუვლად მიაღწევს მისთვის გაჩენილ ნიშნულს და ამაყად ჩაესობა. ზოგიერთს სჩვევია უასაკო მოზარდთა მიმართ აზრსმოკლებული ჩიჩინი, თითქოსდა თავად თავიანთი გზა დაჰკარგვიათ, მაგრამ ასეთები რომც გამოჩენილიყვნენ, ვეჭვობ, არტურისთვის რამე დაეკლოთ. მორალი იარაღია, რომლითაც პატარა კაცუნები დიად პიროვნებათა თავიანთ დონემდე ჩამოქაჩვას ლამობენ. ბენს საცაა მოთმინების ძაფი გაუწყდებოდა. ეჭვობდა, დანაშაულის ჩამდენთა გამოჭერის ცდაში მრავალი ფეხსაცმელი გაეცვითებოდათ. წარბები შეუთხელდა, ნაუცბათევად გადმოეკარკლა თვალები. გაფართოებული ნესტოებით ღრმად, ულუფებად სუნთქვა საუბარშიც კი ხელს უშლიდა. ლაყბობას უკლო. ყველა ერთად მივადექით მეხუთე ღამეს. წარუმატებელი ოთხი ღამე არაცნობიერად მოქმედებდა ბენედიქტის გარემოცვაზე. მოუთმენლობა პრერიის ცეცხლივით მოედოთ. თუმცა მოწყალე ყოფილა განგება - მათი დრტვინვა ხანმოკლე გამოდგა. მეხუთე დღე რომ თენდებოდა, ჯერ კიდევ დილაბნელზე შეიკრიბნენ მეგობრები (ინვენოსის გამოკლებით - იგი საღამოსკენ აპირებდა თავისი სახლიდან დაბრუნებას). ითათბირეს, ითათბირეს და დაასკვნეს, რომ ამჯერად ოქროს საბადოდან ხელოსანთა ნაადრევად დათხოვა იქნებოდა უპრიანი. ხსენებული ჭკვიანური გადაწყვეტილების შესაბამისად საბადოზე თვალთვალსაც უფრო ადრე დაიწყებდნენ. აზრი ყველამ მოიწონა. ამრიგად, შესრულდა თუ არა ექვსი საათი, მუშახელი იქაურობიდან პირდაპირი მნიშვნელობით დაიფრინეს და ჯამში 20-მდე მამაკაცი მოვალეობის შესრულებასაც შეუდგა. მოულოდნელად ისე ჩამობნელდა, ერთი პირობა შეფიქრიანდნენ კიდეც, 1 - გათვალვის ამულეტი. ნიგერიის სასამართლოებში დღემდეა წარწერა: „ჯუჯუთი შესვლა აკრძალულია“. უხილავმა ხელმა თავზე ტომრები ხომ არ ჩამოგვაცვაო. რასაკვირველია, არტურსაც ეს უნდოდა - ჩამოწოლილმა წყვდიადმა ჭაბუკის ტვინს მელატონინის გამომუშავების დაწყებისკენ უბიძგა, მანაც გვერდი იცვალა და, მამისაგან მოშორებით ყოფნით მოსარგებლემ (ბენედიქტი სულ განაპირას იჯდა), გადაღლილი თავი საძილედ დურთა (ალბათ, აღარც გიკვირთ. არც მე)! მინდა გითხრათ, რომ მომავალ ჯენტლმენს თავი კიდევ დიდხანს არ შეუწუხებია თვალფხიზელობით... მაგრამ, როგორც ნათქვამია, ყველაფერს თავისი დრო აქვს... სანამ პატარა შეღმართებზე მიყუდებულ ტომრებს შორის შეუმჩნევლად გაწოლილი არტური ფშვინავდა, ოდნავ მოშორებით ბენედიქტი და ბენი თავისთვის ბობოქრობდნენ. ჩაძინებული ბიჭი კი შეამჩნიეს, მაგრამ გასაღვიძებლად დაენანათ. გადამდგარი ლორდი თანაშემწეს ამღვრეული თვალებით უყურებდა. ბენედიქტი ვაჟის ბედ-იღბალზე ძალიან ნაღვლობდა. - ბენ, ჩემო კარგო, იცი, არტურისთვის შეუფასებლად ძნელია სამხრეთ აფრიკაში ცხოვრება, თუნდაც, რამდენიმე კვირითა თუ დღით, - დაიწყო ბრტყლად ესკვაირმა და თან დაღლილი პირისახით ჩაცინებას ცდილობდა. გვარიანად ეწვალა, ლოყის კუნთები მოიგროვა და ბოლოს საცოდავად, უფრო ზუსტად კი დანანებით ჩაიფხუკუნა, - ყოველი შემდეგი აქ შემოსწრებული დღე მის ახალგაზრდა, მიუჩვეველ სხეულს უარესად აწვალებს. ალბათ, ხვდები, რისი თქმაც მინდა (პაუზა). თუ ამაღამაც გვიმუხთლა ფორტუნამ, დანარჩენს შენ უნდა მიხედო! ვგონებ, სამწუხაროდ, ბრიტანეთში დაბრუნება მოგვიწევს. არტური აფრიკაში დიდხანს ვეღარ გაჩერდება. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საქმიდან გავდივარ და ყველაფერს ბედის ანაბარას ვტოვებ. არა, ბენ. შენ იცი, კამათლის გორებას ვერ ვიტან, - ტემბრი შეანელა ბენედიქტმა, მაგრამ ხმის დაბოხებამ ძველი ლორდის საუბარს პირიქით, მეტი თავდაჯერება შესძინა. თავად ციცაბო ფერდობზე მორბენალი მდინარესავით დაუოკებელმა ბენმაც კი ერთი სიტყვაც ვერ ჩაუგდო ლაპარაკში. საცხოვრებო ასპარეზზე ახალგამოსულმა თანაშემწემ მხოლოდ მცირეხნიანი დაყოვნებისა და მრავლისმთქმელი დუმილის შემდეგღა გაბედა გამოპასუხება. - ჩემთვის სავსებით მისაღებია, რაც ახლა ბრძანეთ და თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებასაც გაგებით მოვეკიდები - ამის პირობას ახლავე გაძლევთ, - ბენს ძროხის ახლადგამოწველილი ჯიქანივით წვრილი ენა პირში უთრთოდა, - თუმცა თვითონვე დასძინეთ, რომ ერთი ღამე კიდევ გვაქვს. ერთი სრული ღამე! ერთ ღამეში კი ათასი რამ შეიძლება მოხდეს. ვადროვოთ დროს - ვინ იცის, ამჯერად რანაირ კერძს გვიმზადებს. არტურის მდგომარეობა უსიტყვოდ გასაგებია... გავუგოთ ერთმანეთს, გავუგოთ... იქნებ... ჭაბუკმა სიტყვა აქ გაწყვიტა და აღარც მიჰბრუნებია. ზეცა განუწყვეტლივ იქუფრებოდა. კამარაზე ღრუბლის ნაგლეჯი არ ჭაჭანებდა. მოვიდა კონკიას ეტლის გოგრად გადაქცევის დროც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი