მეწამული მტრედი - მოთხრობა მასონობაზე (II ნაწილი)


საათის თორმეტს მიტანებულმა ისარმა ჩასაფრებულებს მომდევნო დღის დადგომა აუწყა.
	უცებ ხმაური ატყდა. რანჟირულად მოწესრიგებით განლაგებული მამაკაცები აფორიაქდნენ. შორიდან ინვენოსი თავგანწირული ყვირილით მორბოდა. შავ ბერიკაცს ხელები მაღლა უმწეოდ ჰქონდა აპყრობილი და ასაკისთვის შეუფერებლად სწრაფად მოღელავდა. რაღაც მომენტში საკუთარი თავისა თვითონ გაუკვირდა - რაღა ის და რაღა ფლოქვმაგარი ბედაური. სავანის მიწაზე 90 დეციბელს ჭარბად გადაცილებული ხმა იოლად გავრცელდა. განგაშის მაუწყებელმა ყვირილმა საბადოს გარშემო ჩასაფრებულთა ყურამდეც მოატანა.
	- თავს უშველეთ, თავს! თავი გადაირჩინეთ! იქით ხანძარია!
	ინვენოსის გაბზარულ ხმაში დახმარების თხოვნის ბგერებსაც დაიჭერდით. თეთრწვერა მოხუცი სახლიდან საბადოსკენ მოდიოდა, რათა მეგობრებს შეერთებოდა, როდესაც ცეცხლის დიდი კერის გაჩენა დალანდა.
	 მეხნაკრავი ბენედიქტი თავქუდმოგლეჯით წამოხტა და მზერა ინვენოსის ხელებს გააყოლა. ახლოს, მეხუთედი ეჯის დაშორებით, მართლაც ბრდღვინავდნენ ცეცხლის ალები. საზაფხულოდ ბოლოებშემხმარ ბალახს ნაპერწკლები ლოკავდნენ (უკვე 24 ივნისი იდგა). ხანძარი ადვილად გავრცელდებოდა, თუ მყისიერად არ შეავიწროებდნენ. ბუნებისაგან ლიდერული უნარებით უხვად დაჯილდოებული ბენედიქტი დაბნეულობას არ აჰყვა. გული გამალებით უცემდა, თუმცა მითითებების გაცემა მაინც შეძლო. ცეცხლის მთავარი კერისათვის ალყის შემორტყმა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. წყლით სავსე სათლები კარვებიდან გამოიტანეს, ხანძარს ოთხივე მხრიდან მიუახლოვდნენ და ცეცხლის ალთან ხელჩართული ბრძოლა გააჩაღეს. საბადო ყველას ყურადღების მიღმა დარჩა. დამდგარ ალიაქოთში ოცივენი უნებლიეთ ჩაებნენ. ამ გაგანია წიოკში ყველაფერი თავდაყირა დადგა.
	- მარცხნიდან მიდით, გვერდიდან მოუარეთ! მაქეთ ბევრად მაღალი ბალახია! - არ აყოვნებდა ბენედიქტ ფალკონერის დირექტივები.
	ბენი უფრო შეშფოთებული ჩანდა, ვიდრე შეშინებული. იგი ამხანაგებს შორის მკვირცხლად დარბოდა, შედარებით გამოუცდელებს ეხმარებოდა და თან ცალი ხელით, რომლითაც წყალს წამდაუწუმ ეზიდებოდა, თვითონაც ერკინებოდა ცეცხლს.
	ხანძართან ფარიკაობამ ორ საათს გასტანა. საბედნიეროდ, არავინ დამწვარა. ალაგ-ალაგ შემორჩენილ პატარა კერებს გაოფლილები ჯერ კიდევ აქრობდნენ. ბოლო ხუთ-ათ წუთში ბენმა ძალების მოზღვავება იგრძნო და განსაკუთრებით გააქტიურდა.
	ოქროს მიტოვებული საბადო აღარავის ახსოვდა.
	მთავარიც მაშინ მოხდა.
	როდესაც ვახსენე, საბადოსთან ერთი კაციც აღარ იყო-მეთქი, ნაწილობრივ ვიცრუე (ცოდვა ხომ გამხელილი ჯობია). ერთი დარჩა და ეს ერთი ღრმად ჩაძინებული არტური გახლდათ, რომელიც ირგვლივ ამტყდარმა ქაოსმაც ვერ მოაგო გონს. სიზმარში კი რაღაც გაურკვეველი კოშმარი ეზმანებოდა.
	სანამ ბენედიქტის გუნდი ხანძრის უკანასკნელ წერტილებს ანეიტრალებდა, არტურმა ძალზე უცნაური მიზეზით უცაბედად გამოიღვიძა. გონიერ ჯეელს საბადოდან უჩვეულო ხმები მოესმა. დიახ, ხსენებული ხმები უცილოდ საბადოდან იყო მომდინარე და არტურს მახვილი სმენა - როგორც არასდროს - არც ახლა ღალატობდა. სისხლჭარბი ჭაბუკი წამოჯდა, იდაყვებით ტომრებს დაეყრდნო და მზერა საბადოსკენ გააპარა. სად იყო და სად არა, ოქროცურვილ ქვიშრობებს შორის გზა უცნობთა ხუთკაციანმა რაზმმა გაიკვლია. დაუპატიჟებელ სტუმრებს გამორჩევით ეცვათ მუქი, უფრო კი რუხი ტანისამოსი. ხუთივეს ხელში გრძელი, სწორი, დაკოჟრილი ჯოხი ეპყრა. მოულოდნელად უცნობთა ამალას ერთი საშუალო სიმაღლის მამაკაცი შეემატა. არტურმა სავსე მთვარის ლიცლიცა, მკრთალ შუქზე ახალმოსულის პირისახის გარჩევა და ამოცნობა შეძლო. „ინვენოსი!“ - გაივლო მოზარდმა და სისხლი გაეყინა. ბავშვური ინტუიციით, საუბედუროდ, გულმა ცუდი უგრძნო. ბავშვური ინტუიცია კი არასოდეს ტყუის... შავოსანთა ექვსეული ღამის წყვდიადში შეუმჩნევლად გადაადგილდებოდა. მათ რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადადგეს, რომელიღაც შუკას მიუახლოვდნენ და გაუჩინარდნენ. ოქროსფერ დიუნებს შორის ჩანთქმულ ჯგუფს არტური წამწამგაუნძრევლად ადევნებდა თვალს, ახლა კი, თითქოსდა, ექვსივეს მიწამ უყო პირიო. ჭაბუკი საგონებელში ჩავარდა. უჩუმრად წამოდგა, პატარა შეღმართებზე გადმოფოფხდა და იმ ადგილს უკეთ დააკვირდა, სადაც უცნობები ბოლოს დალანდა. მტვრის ნამცეციც არ ბზრიალებდა ჰაერში. არტურს თაფლისფერი თვალების წინ მსუბუქი სიოთი აფარფატებულმა, თავდანახშირებულმა ფოთოლმა პირუეტის მოხაზვით ჩაუფრინა. ჯეელს ამაზე ყურადღება გაეფანტა, უჩინმაჩინის მოსასხამმოფარებულ უცნობებს თავი მიანება და გარშემო მიმოიხედა. ახლაღა შეატყო, რომ ირგვლივ აღარავინ ჰყავდა. მეგობრებს თვალებით ძებნა დაუწყო. ასე შეამჩნია ცეცხლის უკანასკნელი კვალიც და მის გარშემო ბენედიქტის წარმართებივით მორბენალი გუნდი. ამწუთასღა გაიაზრა არტურმა, თუ რა ამბავი დასტყდომოდათ თავს. ახალგაზრდა სასწრაფოდ გამოიქცა მეგობრებისაკენ. გზადაგზა საკუთარ ფეხებს დაჰყურებდა, ამდენხნიანი წოლისაგან გვარიანად რომ დაჰბუჟებოდა. პირველად ბენი შეამჩნია, ფეთიანივით მიეჭრა და მიტკალივით გადათეთრებული სახით სათქმელი მიაძახა. ნორჩი თანაშემწე სწორედ ამ დროს სათლს წყლის ახალი ულუფით ავსებდა. ბენი შემობრუნდა და თავისკენ მოტრიალებული არტური შენიშნა. რაკი ცეცხლი თითქმის უკვე სრულად მინავლებულიყო და დარჩენილ სამუშაოებს მხოლოდ თავის დამატებითი დაზღვევისთვისღა ასრულებდნენ, ბენმა სავსებით წყნარად, თქმადაზარებით დასძინა:
	- ოჰო, ჩვენს ბიჭს გაუღვიძია! რამ დაგიფრთხოთ საამური ძილი, ძმისწულო? ჯოჯოხეთურმა ხანძარმა ხომ არა? პირდაპირ გაოგნებული ვარ: რაოდენი გულისდადებით გცოდნიათ ხვრინვა, - ჩამოარაკრაკა მთელი ტირადა.
	არტური შეფუცხუნდა.
	- ბენ, შაირობის დრო არ არის, საბადოში ვიღაც უცხოები არიან!
	- რა?! სერიოზულად?! - წამოწითლდა ბენი. ენაწყლიანი თანაშემწე ამგვარი სიტყვების გაგონებას კარგა ხანი ელოდა.
	არტურის ერთი ფრაზა საკმარისი აღმოჩნდა, რათა ოცივე კაცი საბადოსკენ შემობრუნებულიყო. სათლები უადგილოდ მიყარეს, იარაღს ხელი სტაცეს და ჯეელს ფეხდაფეხ აედევნენ. ატოლის ფორმის საბადოს რომ მიუახლოვდნენ, ნაბიჯს უკლეს.
	-  რომელი მხრიდან იყვნენ, არტურ? - ჰკითხა ბენედიქტმა.
	- იქიდან, - დაკუნთული მკლავით ანიშნა შვილმა.
	- მომყევით! - თქვა და შაშხანა გადატენა მან.
	მეგობრები ბენედიქტს კუდივით აეკიდნენ. გამარჯვება ახლოს უნდა ყოფილიყო. ჩვენი ამბის პროტაგონისტმა ზუსტად მოძებნა ის ადგილი, საიდანაც უცნობები აორთქლდნენ. მთელი თავგადასავლის დამასრულებელი გასაღები პირდაპირ ხელის მტევნის მუჭში ეპყრათ. ახლა მხოლოდ მეტი ყურადღება და სიფრთხილე იყო გამოსაჩენი. ბენედიქტმა გამჭოლი მზერით წარმოიდგინა, თუ საით შეიძლებოდა, ბანდიტებს გეზი აეღოთ. „უთუოდ აქვე იქნებიან, შორს სად წავიდოდნენ“, - ფართო და მაღალი შუბლიდან ოფლი მოიწურა ლორდმა. „აბა, ასე ვსინჯოთ!“ - თქვა და საბადოს ერთ-ერთ გორაკს საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ შემოუარა. „ჰოი, საოცრებავ! აქამდე ეს როგორ ვერ შევამჩნიეთ?!“ - აღმოხდა ბენედიქტს და საჩვენებელი თითი უნებურად გორაკის ძირისაკენ წაიღო. ოთხი მეტრის სიმაღლის მიწაყრილის უკანა მხრიდან მართლაც იყო დატანებული ფსკერისაკენ ჩამავალი ნახევრად დაგმანული გვირაბის მსგავსი ხვრელი, რომელიც უცნობებს იმდენად ოსტატურად შეენიღბათ, რომ რამდენიმეწუთიანი შეჩერებისა და დაკვირვების გარეშე ამ ფრიად საინტერესო დეტალს ვერასდიდებით შენიშნავდით. „ამწუთას ყოველივე ნათელია, ძაღლის თავი ნაპოვნია“, - ცალყბად ჩაილაპარაკა ბენედიქტმა და მხარზე თოფგადაკიდებული დაუფიქრებლად, უყოყმანოდ ჩასრიალდა ახლადაღმოჩენილ გვირაბში. მიწამ ყოველგვარი ქარაგმის გარეშე გადაყლაპა. ყველას ჭოჭმანი დაეტყო, როდესაც არტურის ომახიანი ხმა გაისმა:
	- რაღას უცდით?! მიჰყევით თქვენს თავკაცს! გვირაბი არ ვიცი სად, მაგრამ მასთან უთუმცაოდ გაგვიყვანს.
	მეგობრები ყმაწვილს უსიტყვოდ მიენდნენ და ხვრელში რიგრიგობით ჩაშვება დაიწყეს. თითოეულის წყვდიადში ჩაკარგვიდან 10-15 წამში ღორღიან მიწურზე დახტომის ხმა აღწევდა ქვემოდან. შესაძლოა, ფსკერი ახლოს ყოფილიყო.
	ყველაზე ბოლოს ბენი ჩასრიალდა. ნორჩ თანაშემწეს ჯერ იარაღის სამხარე გამოედო გვირაბის ოთხივე მხრიდან გამოშვერილ წაწვეტებულ ქვებზე, შემდეგ კი ლაზათიანი ზღართანიც გაადინა. ის-ის იყო, ფეხზე წამოდგომა სცადა და მუხლები დაიბერტყა, რომ ირგვლივ ჩირაღდნის შუქით მკრთალად განათებულ ოცამდე სახეს მოჰკრა თვალი (წინდაწინმჭვრეტ ბენედიქტს სანათებელი საშუალება ჩამოეყოლებინა). 	- ყველანი აქ ვართ. აჰა, რიჩარდი, ჯორჯი, დერეკი, ალფონსი... ოცივე ჩამოვხტით. ჩვენ ახლა უთავბოლო გვირაბში ვართ - არ ვიცით, საით ვიაროთ. საწყის ეტაპზე იმის ცოდნაა აუცილებელი, რომ არავითარ შემთხვევაში უნდა დავიქსაქსოთ. ერთად იარეთ! -იყო ბენედიქტის მოწოდება.
	ოცეულმა ნამდვილად მტკიცე ნაბიჯით იწყო სვლა. ჯერ სინქრონულად აღმოსავლეთის კედელს მიაწყდნენ, ორი წუთის დიაპაზონით კი სულ წინ შეუდგნენ სიარულს. სწორი გზა, სავარაუდოდ, ეს გახლდათ, ვინაიდან უფრო გრძელი იყო. უმოკლესი გზა ხომ ყოველთვის დანაღმულია. ამ ვიწრო და ოღროჩოღრო თემშარამ ისინი ქვის კართან გაიყვანა. ამწუთას დედამიწის ზედაპირიდან 50 მეტრის სიღრმეზე მაინც იქნებოდნენ. ბენედიქტმა აქ ყველა მარჯვენა ხელის ზემოთ აპყრობით შეაჩერა და ჩირაღდანი კარს მიუახლოვა:
	- ჩშშ! მგონი, სადღაც მოვედით. კარს მიღმა სივრცეს ვგრძნობ.
	ერთი წამით ყველა დაფიქრდა, ღირდა თუ არა ქვის კარის გაღება. საბოლოოდ სასწორის პინა დადებითმა პასუხმა გადმოსძალა...

					***

	„ავლადიდება“ - ეს იყო ერთადერთი სიტყვა, რომელმაც ოცეულს კარის შეხსნისთანავე გაუელვა. მათ დაინახეს ზღურბლს მიღმა სარიტუალო დარბაზი, რომელიც ფეხბურთის მოედანზე დიდი გახლდათ. მიწისქვეშა ჰოლს სიმაღლეც მოზრდილი ჰქონდა. და რაც მთავარია: ფუძიდან ჭერამდე იქაურობა სავსე იყო ოქროულით. დარბაზში შესულ მეგობრებს თვალები შუბლზე აუვიდათ, ჩამოვარდნილი ყბებით კი ლამის იატაკს შეეხნენ. შუაგულში იდგა ფართოფარფლებიანი ქუდის მსგავსი მაგიდა, ოთახის თხემს კი, ალბათ, ათასობითლუმენიანი ჭაღი აბრდღვიალებდა. სარიტუალო დარბაზის იატაკმა ბენედიქტს ჭადრაკის დაფა მოაგონა, ვინაიდან სამოცდაოთხი ფილისაგან შემდგარი საგებელი სწორედ მსგავსად შავ-თეთრი იყო. ჩვენი არისტოკრატი ყოველი კედლიდან მაცქერალმა ყოვლისმხედველმა თვალმა შეაშფოთა. ეს სიმბოლო აქაურობის არქიტექტორებს ყველა თავისუფალ კუნჭულში დაეტანებინათ. ბენედიქტს ფიქრის ჭიები სამყაროს ოთხივე კუთხიდან დაესხნენ თავს. მისი აზრები დარბაზის დანიშნულებისა და რაობის გარშემო ტრიალებდა. რა ფარული მიზნით უნდა შეექმნათ ეს გრანდიოზული მიწური ხმელეთის ზედაპირს მიღმა? ვითომ ძვირფასეულობის მისაჩქმალად? კი, მაგრამ აქაურობის რიტუალურ გაფორმებას, შუა საუკუნეების ალეგორიებით მოხატვასა და ყოვლისმხედველ თვალს რა ფუნქციაღა უნდა ჰქონოდათ?! ამაზე პასუხი თავისთავად გამოჩნდა. იგი ოთახის მოფარებული კუთხიდან გამოვიდა, სათვალე შეისწორა და და პირდაპირ ბენედიქტს აეტუზა ცხვირწინ.
	- ინვენოს! - განწირულმა ხმამ აკუსტიკური დარბაზის ჰაერი ორად გააპო.
	პატიოსანი ესკვაირის პირისპირ შავკანიანი ბერიკაცი იდგა. ყელზე შებმული ამულეტი მის მნახველს თვალს მოსჭრიდა. ზუსტად იცოდნენ, რომ ინვენოსი მათ არ ჩამოჰყოლია და, სულაც, ხანძრის გაჩენის შემდეგ იგი სახლში გაბრუნებულად ჩათვალეს (ბენედიქტი ულვაშებს იბრდღვნიდა, რა ნამუსით მიგვატოვაო). როგორც დადგინდა, მოხუცი არსად წასულა. უფრო სწორად, კი: მან საიდუმლო გვირაბში ყველას ჩამოასწრო, თუმცა რა მიზნით - გაუგებარი იყო. ჯერჯერობით უცნობი რჩებოდა ისიც, თუ საიდან აღმოჩნდა ბერიკაცი აქ - გამოდის, ინვენოსმა გვირაბის არსებობაზე წინდაწინ იცოდა. რაღატომ დამალა? მოკლედ, ვითარებას ვერც თავი გაუგეს და ვერც - ბოლო. კითხვების კორიანტელმა ყველას შეწუხებულად აგრძნობინა თავი
	- აქ საიდან გაჩნდი? - შეეკითხა ბენედიქტი.
	ინვენოსმა პასუხი იმწუთასვე არ გასცა. გადამდგარი ლორდის ცნობისმოყვარეობის წადილის დაკმაყოფილების მაგიერ ხანდაზმულმა შავკანიანმა ვიღაცებს სხვათათვის გაუგებარ ენაზე მოუხმო. ოთახის შედარებით მიწყვდიადებული კუთხეებიდან ხუთი მამაკაცი გამოვიდა, ხუთივე - შავკანიანი. არტურმა მყისვე გაიფიქრა გონებაში, ესენი ის ბანდიტები არიან, ვის გამოც სულ ყველაფერი მოხდაო. რა იცოდა, აბა, ჯეელმა, თუ სიმართლეს აზრობდა. მეგობრებს ღალატის სუნი მოელამუნათ.
	ამასობაში ბენედიქტმა ერთ-ერთ თანმხლებს (წეღან ნახსენებ დერეკს, რომელიც დაქირავებულ ხალხში სიმამაცითა და სიმკვირცხლით გამოირჩეოდა) შეუმჩნევლად ანიშნა, რომ გვირაბით ზემოთ აბრუნებულიყო და ჟანდარმერია გაეღვიძებინა. დერეკმა დავალების შესასრულებლად უჩუმრად და ფეხმარდად გაქუსლა.
	ბოლოს ინვენოსმა თავად ამოიდგა ენა და მონოლოგი წამოიწყო:
	- ძვირფასო ბენედიქტ, დიდი ხანი არ არის, რაც გაგიცანი და უკვე მოახერხე შენი შესაძლებლობებით ჩემი გაოცება. ვინც ახლოდან მიცნობს, დამემომწმება, რომ აღფრთოვანება ბოლოს როდის გამოვხატე, მე თვითონაც არ მახსოვს ხეირიანად. თქვენს მონა-მორჩილ ინვენოსს ჩინებულად მოეხსენება, ახლა რა კითხვებიც გაწუხებთ, ამრიგად, სავსებით მზად ვარ, ყველა მათგანზე გიპასუხოთ. მაშ, ასე: კითხვა ნომერი პირველი! დარწმუნებით ვიცი, თქვენ გაინტერესებთ, ვინაა ეს ჩემი ხუთი თანაგუნდელი (ამ ბოლო სიტყვამ ბენედიქტს ეჭვი გაუათკეცა). დაე, იცნობდეთ: ისინი საერთო მეგობრები და მოკეთეები არიან, რომელთა ჩვენთან ერთად ყოფნაც რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. კითხვა ნომერი ორი: საიდან აღმოვჩნდი აქ? ამაზე პასუხი იოლია: წლების წინაც ვიცოდი, რომ ჩემს სამოსახლოსთან ახლომახლოს საგანძურით ამოვსებული დარბაზი უნდა ყოფილიყო. როგორც კი აქ თქვენი ოქროს საბადოს გათხრების შესახებ შევიტყე, იმავწამს მივხვდი, რომ ზემოხსენებულ ორ მოვლენას ერთმანეთთან კავშირი უნდა ჰქონოდა („ნუთუ?!“ - შეფიქრიანდა ბენედიქტი). ასე და ამგვარად დავახლოვდი თქვენთან. სერიოზული მუშაობისა და ფარული ძებნის შედეგად სწორედ ის გვირაბი აღმოვაჩინე, რომლის მეშვეობითაც ახლა აქ ხართ და მე მიმზერთ. შემდეგი ნაბიჯი დაბლა მოხვედრა იყო, რასაც თქვენი განაპირება სჭირდებოდა, ვინაიდან ათასთვალდაყურგამობმულები საბადოს დღედაღამ აკვირდებოდით. გატყუება ცეცხლის პატარა ნაპერწკალმა შეძლო, რომელიც, ცხადია, თავისით არ გაჩენილა. მე და ჩემმა ამხანაგებმა დრო ვიხელთეთ და, აი, ახლა თქვენ წინაშე ამაყები ვდგავართ. ჩვენმა გუნდმა მთლად თავიდან იფიქრა, რომ გვირაბის ადგილსამყოფელი საბადოში მომუშავეებს ეცოდინებოდათ. ხელსაქმოსანთა გამოტეხვის მცდელობამ ოთხი მათგანი იმსხვერპლა. რას ვიზამთ: სულეთისაკენ მიმავალი გზა თავად აირჩიეს. ასე იყო თუ ისე, ჩვენ ნიშანიც კი მოგეცით - გადაჯვარედინებული ფარგალი და სახაზავი (ბენედიქტს თითქოს ტვინის ერთი უბანი გაეკაწრა). ეს სიმბოლო, როგორც ხედავთ, ამ ოთახში მრავლადაა გამოყენებული. მიმოიხედეთ, ბატონებო - უმალ დარწმუნდებით. ერთი სიტყვით, მთელი ეს დომხალი აქ მოხვედრის დაუოკებელმა წყურვილმა გამოიწვია. კარგია, რომ სურვილი ახდა. სხვანაირად ჩვენ მიერ დაღვრილი სისხლი, ცრემლი თუ ოფლი ტყუილუბრალოდ გაღებულად ჩაითვლებოდა. მაშინ კი მართლა დასანანი იქნებოდა ოთხი მკვდარი მუშა. თუმცა ამჯერად თამამად და ენის ბორძიკის გარეშე ვამბობ: ეს ამად ღირდა. მოკლედ, ნატვრა ავიხდინეთ. გგონიათ, ოქროულის გამო გვინდოდა აქ მოხვედრა? მწარედ ცდებით - ჩვენ არა ძვირფასეულობა, არამედ ერთი კონკრეტული ნივთი გვამოძრავებდა. ეს ნივთი ევროპელმა კოლონიზატორებმა ჩვენს წინაპრებს სანამ დავიბადებოდი, ცოტა ხნით ადრე მოსტაცეს. გადმოცემით, იგი ზუსტად აქ უნდა ყოფილიყო გადანახული. ეს რელიკვია ახლა შენგან მარჯვნივ, ფეხებთან, დევს...
	სიმივით დაწყვეტამდე დაჭიმულმა ესკვაირმა ინვენოსის მიერ ჰაერში მოხაზულ ტრაექტორიას თვალი გააყოლა და მზერით იქვე მიგდებული მარგალიტისვადიანი ხმალი შენიშნა. იარაღს აშკარად ეტყობოდა, რომ რიტუალური დანიშნულება უფრო ეკისრა, ვიდრე საომარი. აფრიკულ ტომთა მიერ ნაჭედმა მშვენიერებამ, რომელიც თავის დროზე „ზულნირის“ სახელით მოუნათლავთ, ბენედიქტი მოხიბლა.
	ინგლისელმა ინვენოსის მოსმენა განაგრძო. მოხუცი კიდევ რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო და ბოლოს ერთ უმთავრესთაგანს მიადგა.
	- აქაურობის ისტორია ყურის დაგდების ღირსია. დარბაზი, უფრო სწორად კი - ტაძარი (?!), რომლის თაღიც ამწუთას გახურავთ, საუკუნის წინათ ააგეს. იმხანად არსებულა თავისუფალ ქვისმთლელთა გილდია, რომელიც აფრიკაში საქმიანობის გამო იმიგრირებული ბრიტანელებისაგან შედგებოდა (ოფიცრები, ბანკირები, მწერლები...). ამქარს „მეწამული მტრედი“ ერქვა. მათი იდეალები ამ ფრინველივით უმანკოებას ქადაგებდნენ. დაჯგუფებაში მოსწავლეები, შეგირდები და ოსტატები შედიოდნენ და შესაბამის ხარისხს დამსახურების მიხედვით იღებდნენ. „მეწამული მტრედის“ წევრებმა სამხრეთ აფრიკაში ბევრ ღირსშესანიშნავ ნაგებობას ჩაუყარეს საფუძველი. მათი შემოქმედების ერთ თვალსაჩინო ნიმუშში ახლა იმყოფებით და, ვეჭვობ, მას მალე დატოვებთ, რამეთუ ჩვენ ჩვენი ვალი უკვე მოვიხადეთ, მახვილი ნაპოვნია და, თუ მოისურვებთ, ბორკილებსაც ჩვენი ნებით დავიდებთ. მართალია, მიზანი არასოდეს ამართლებს საშუალებას, თუმცა იგი მიღწეულია. და როდესაც მოსწავლე მზადაა, მასწავლებელი გამოჩნდება. ადრე თუ გვიან, ამ ადგილსაც გამოუჩნდება ჭეშმარიტი განმგებელი - მე ამის მტკიცედ მწამს. ამიერიდან სულ ერთია, რა გზას გაგვიყენებთ - ზულნირის ადგილსამყოფელი დავადგინეთ, თქვენ კი დამარცხებულებად ითვლებით.
	ინვენოსმა ბოლო აკორდი დასვა. ბენედიქტი დაფიქრებით უგდებდა ყურს. „ნეტავ, როდის შევერკინეთ ერთმანეთს, უკვე გამარჯვებულ-დამარცხებულები რომ გამოავლინა?!“ - აღნიშნულმა კითხვამ ესკვაირი გულწრფელად დააღონა. ჩანს, არც ინვენოსი და არც მისი თანამზრახველები გაქცევას არ ლამობდნენ. ისინი, რაღაც გაგებით, სულელური მისიის გამო მიდიოდნენ სატუსაღოში. ბენედიქტი ბედნიერი იყო, რადგან ამბის ყველა კონტური თვალნათლივ დაინახა. ახლა ერთადერთი საქმეღა დარჩენოდათ - დამნაშავეები გისოსებს იქით გაესტუმრებინათ, თავად კი ჩვეულებისაებრ განეგრძოთ ნახევრად შემომდნარი ცხოვრება.
	სად იყო და სად არა, დერეკიც გამოჩნდა. მას გვირაბიდან ჟანდარმები ჩამოჰყვნენ. შეიარაღებული მამაკაცები გროტესკულად მოცინარ ინვენოსს უჩინარი ხომალდივით წამოადგნენ, ხელბორკილები დაადეს და მსჯავრი წაუკითხეს. ბერიკაცს ტუჩის კუთხეები უარესად გაებადრა. ავანტიურისტ შავკანიანებს ისტორიული მახვილის პოვნის სიხარული მოსალოდნელმა ციხემაც ვერ აუმღვრია. ჩვენი ისტორიის მიწურულს ყველა ბედნიერი იყო. შესაძლოა, ზოგიერთი ამას არც იმსახურებდა, თუმცა იკლიბოკლო განგებას ჩვენ ვერ გავუგებთ. ყველაფერი, რაც ხდება, არასაჭიროც კი, საჭიროა.
	ორი სიტყვა და ჩემეული შეფასება ინვენოსზე: იგი მრავალი ღირსებით შემკული
მამაკაცი გახლდათ, სიბნელიდან სინათლისკენ მავალი დიდოსტატი, მაგრამ, როგორც
ყველამ, შეცდომები დაუშვა. თუმცა, თუ ვარდი ხარ, ეკლები გეპატიება...
	ბენედიქტი და არტური ამ მოვლენებიდან ორ თვეში მშობლიურ მიწას გზაკეთილად დაუბრუნდნენ (პიტერმარიცბურგის გავლით დურბანი შორს არ იყო), ბენი კი კვლავინდებურად საბადოს დაჰფოფინებდა. მათი განშორების მომენტი ცალკეულ თხზულებას იმსახურებს. საბოლოო საქმეების მოგვარების შემდგომ ბრიტანეთთან ჩახუტებამ მამა-შვილ ფალკონერს განსხვავებული რიტმი და აღტაცება შესძინა. ოჯახში დაბრუნება ხელახლა შობასავით იყო. თავგადასავლის კვანძი გაიხსნა...
	სიმართლეს მოგახსენებთ, მე დანარჩენ ამბებს არ შევსწრებივარ, თუმცა, როგორც ყვებოდნენ, უკვე დაბერებული, სახსრებადქცეული ბენედიქტ ფალკონერის ბაგეებს გარდაცვალების დღეს ეს უცნაური სიტყვები დასცდენია:
	- მართე სინათლე, დარჩი ბნელში.
	აბა, რას გაუგებ ამ ჩვენს ვიქტორიანელებს...

									06.02.2026-24.05.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი