ზაფხულის იმ დღეს


ზაფხულის იმ დღეს

და აღარასდროს... და აღარასდროს...
და აღარასდროს წავიდა ჩემგან
ერთხელ მოსული მარადსტუმარი - 
ერთმანეთობის უსახო სევდა.
სიცხით მთვრალები მზერას ვუსწორებთ,
გიკრთის თვალები. ვცდილობდი, მეთქვა...
ამქვეყნად არის რაღაც უცნობი,
რის გამოც გული ლოდინით ფეთქავს.
მიყვარდა. მიყვარს. სხვა რა უნდა ვთქვა...
გადალესილა მთა-ბარი თოვლით,
როგორც აფარებს ჩვილს დედა საბანს
და წლები აწვიმს ზრუნვით და მოვლით.
რაც იყო, უკვე სიზმრის წამია,
რაც არ ყოფილა, არის მთავარი.
რაც არ იქნება არსად არასდროს,
იმის ტრფიალში გადის, რაც არის.
დრომ არ დაინდო მშიშარა თრთოლა
და შეიწყალა დამწვარი ვნება.
ერთხელ ნათქვამი, ერთხელ განცდილი,
ერთხელ შეხედვაც ღრმა ფსკერზე რჩება.
მხოლოდ სული მაქვს, ეგეც შენ მოგეც,
რა მოხდა, თუკი გამოგიგონე.
სანამდე ნისლი სოფლებს ყლაპავდა,
შენთან მოვედი და ჩაგიკონე.
ამით ჰგავს ჩემი სული ჩემს პერანგს - 
უცნობს... იმ უცნობს... იმ ერთს ელიან...
დაფლეთილია შიგნით ორივე,
თუმცა გარედან თითქოს მთელია.
მწვანე ცეცხლი კი კვლავ ლოკავს ჩემს გულს,
მწვავს, მაგრამ რა ვქნა?! - უმისოდ ბნელა.
ასე იწვება ხანძარში სახლი,
ომში - ფრონტი და ტყუილში - ყველა.
და აღარასდროს... და აღარასდროს...
და აღარასდროს წასულა ჩემგან
ერთხელ წვეული მარადსტუმარი,
რომელიც ისევ მადნობს და დნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი