ჩვენი ამბავი


ჩვენი ამბავი

გამძივებული თეთრი ღამენი
ისევ შფოთავენ და მაშფოთებენ.
ამორეცხილი ჩემი თვალები
ყველა საგანზე დააბოტებენ.
დადიან ალთას, ეძებენ ბალთას
და შენი სახლის გზა დაჰკარგვიათ.
როცა ეხები ძველ, ნაცნობ კალთას,
ო, რა შორია... და რა კარგია!
კვლავ კენტად ვხვდები ყოველ დაფიონს,
წლებმა სევდისფერ ღრუბლებზე ამსვეს.
მონატრებიხარ ყვითელ ლამპიონს - 
ღამენათევი ჟანგბადით სავსეს.
მზით გამომცხვარი სხეულის სუნი
მომეძვირფასა თავზარდამცემად.
ჯიბით ვატარებ უსიტყვო წერილს - 
ერთ დღესაც შენთვის გადმოსაცემად.
ვდუმვარ და კარგად მომეხსენება,
რომ ეს დუმილი არ არის ოქრო.
ათასი მხრიდან ვუყურებ, მაგრამ,
ვატყობ, ვერაფრით გავაღებ ბოქლომს.
ასეც ჯობია... და ასეც დარჩეს,
რადგან ოცნების ქუდი გახურავს
და მაინც გეტრფის გულის მომცემი - 
გულის გამღებს და გულის დამხურავს.
კვლავ მივაშურე ჩემს გამგებ ოთახს,
სულ რომ ყურს მიგდებს მშვიდი ლოცვისას.
ვხედავ: შუაში, ხის მაგიდაზე
დევს დაკეცილი წიგნი ტრფობისა.
...და გადავშალე (რა დამავიწყებს?!),
ნუ რევ რაღაცას ნარაღაცარში.
ეს სიყვარული რად ჰგავს ძალიან
წყნარად ჩამალულ კოცონს ნაცარში?
დრო ამ ყორნისფერ თმებზე შევერცხლდა,
დრო - დაისივით ჩუმი და ფრთხილი...
თუ ვერ გიპოვე, ისე მოვკვდები,
როგორც სიმწიფით გამსკდარი ხილი.
ალბათ, რამდენი იყო ჩვენამდე,
ვინც კი შესწირა ერთმანეთს სუნთქვა,
თუმცა მერწმუნე, ჯერ არ შობილა
გრძნობა ამგვარი წმინდა და სუფთა.
ბევრი ყოფილა სიყვარულისთვის
გულგასენილი, უფრთო ფრინველი...
მაგრამ, თითქოსდა, ჩვენი ამბავი
დედამიწაზე არის პირველი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი