ჩინეთის ბრძენი ხელმწიფე


ჩ ი ნ ე თ ი ს       ბ რ ძ ე ნ ი       ხ ე ლ მ წ ი ფ ე


ჩინეთში უძველეს დროს ბრძენი ხელმწიფე ცხოვრობდა. ქვეყანას თუ სასახლის კარს რა წინაღობაც არ უნდა წასწყდომოდა, ხანდაზმული მეფე ყველაფერს თავისი გამოცდილი გამჭრიახობით აგვარებდა.

ოთხმოცის რომ შესრულდა, მთელი ქვეყნის წიაღში გამოსცა კანონი-ბრძანებულება, რომლის მიხედვით თავის საკუთარ ნაზირ-ვეზირებს დაავალა, რომ ჩინეთი კუთხე-კუთხე მოევლოთ და ეპოვათ თუნდაც ერთი ისეთი ადამიანი, ღმერთისთვის რომ მზერის გასწორებას შეძლებდა. ვინც საძებნელად წავიდოდა, მაგრამ ხელცარიელი დაბრუნდებოდა, ხელმწიფე მას თავს სამართლიანად მოაჭრიდა, ხოლო თუკი ვინმე ამოცანას გადაჭრიდა, ოქროში ბანაობა ელოდა.

პირობების გამო ბევრმა მსახურმა თავი შეიკავა და შეჯიბრებაში არ ჩაება. სულ სამი იყო, ვინც საძებნელად წასვლა გაბედა.

პირველი ოთხთვიანი ძიების შემდეგ დაბრუნდა. მეფემ გაიხარა.

-	დიდო ხელმწიფე, მოგგვარეთ ისეთი კაცი, ვინც ღმერთისთვის  თვალის გასწორებას შეძლებს, - საზეიმო ხმით განაცხადა პირველმა ვეზირმა.

-	წარადგინე.

-	ესაა ერთ-ერთი გლეხი, ოჯახის თავკაცი ჩვენი ქვეყნის შორეული პროვინცია შანსიდან¹, - ვეზირმა ხელმწიფეს დარბაზში შემოსულ მამაკაცზე ანიშნა, რომელსაც კარისკაცებმა უმალ უშვეს
ხელი.

ბრძენმა ხელმწიფემ გლეხის გამოცდა გადაწყვიტა.

-	რას საქმიანობ? - ჰკითხა მას.

-	დურგალი ვარ, თქვენო ბრწყინვალება, - დარცხვენით თქვა კაცმა.

-	ოდესმე თუ მოგიჭრია ნორჩი ხე?

-	გამოგიტყდებით და - რამდენჯერმე.

-	არ ყოფილხარ მთლად პატიოსანი. მოჰკვეთეთ თავი ვეზირს!

კარისკაცებმა პირველ ვეზირს თავი წააგდებინეს.

მეორის გამოსვლის ჯერი დადგა. იგი გვარიანად შეშინებული იყო და მხრებზე თავის შერჩენა ძალიან უნდოდა, შესაბამისად, ფანდს მიმართა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, განიზრახა, რომ მეფისთვის სარკე მიერთმია. შიგნით რომ ჩაიხედავდა, მოხუცი ხელმწიფე საკუთარ თავს დაინახავდა და ესიამოვნებოდა. აქ შეცდა მწარედ.

მეფემ ჩაიხედა და განრისხდა:

-	განა მე ღმერთს ვუტოლდებიო! - და გადაკრულსიტყვიან მეორე ვეზირსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

მესამე ვეზირი შედარებით ჭკვიანი გამოდგა. ის ხელცარიელი მივიდა ბრძენ მეფესთან, რაკი მისი თავმდაბლობის ამბავი მოეხსენებოდა.

ხანდაზმული მონარქი შეიშმუშნა.

-	მე, - ზეაწეულობით წამოიწყო მან, - ბრძანებაში ნათლად ჩავწერე, რომ, ვინც კი ხელდაუმშვენებელი მოვა და არავის მოიყვანს, თავსაც დაკარგავს.

მესამე ვეზირი არ დაიბნა.

-	დიახ, დიდო მეფეო, მე ეს ვიცოდი, თუმცაღა, მაინც არავინ
მიმაჩნია ვარსკვლავქვეშეთში ღმერთთან თვალის გასწორების ღირსად და ამით მე ზენას ჩრდილს არ მივაყენებ. დაე, რაც გსურდეთ, ის მიყავით. მე ვერ ვიცრუებდი, ჩემს თავთანაც მართალი უნდა ვყოფილიყავი…

ჩინეთის მმართველს მოეწონა ჭკუითა და სიმამაცით აღსავსე პასუხი და მესამე ვეზირს დღეგრძელი სიცოცხლე და ულევი ძვირფასეულობა უწყალობა.

1 - პროვინცია ჩინეთში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი