გაზეთი
იანვრის სუსხიან დილით, ქარი რომ სახეში მცემდა, ქუჩაში მივდიოდი. ჩემი ქუჩის მოსახვევს რომ მივუახლოვდი, თელავურმა სუსხმა სისხლი გამიყინა. ცოტათი თოვდა. ალაგ-ალაგ ნისლს შეებურა მეფის საუფლო. ჩემნაირი თავგზააბნეულები კანტიკუნტად დაბორიალობდნენ. ახალი წლის ჟრიამულის კვალი ხალხს შავ ტანსაცმელზე იოლად ეტყობოდა. დილიდ 8-9 საათი იყო. ჩემი სამსახურისკენ მივიჩქაროდი. ვინც მიცნობთ და იცით, სადაც ვმუშაობ, ისიც გეცნობებათ, რომ გზად ჩემი მშობლიური პირველი სკოლის გავლა მიწევს. ჩემი სკოლა - პომპეზურ ციხე-გალავანში ჩასმული შენობა, რომელიც ერეკლე მეორის სახელს ატარებს და სადაც თორმეტი წელი გავატარე. ნეტამც იმ მზიან ჟამს! და აი, პირველი სკოლის ალაყაფს რომ მივუახლოვდი, რას ვხედავ! გაცრეცილ ასფალტზე მიუთოვებულად გდია გაზეთი. იმედი მაქვს, არ გამამატყუნებთ, თუ ვიტყვი, რომ დაბლა უცხოდ ნაგდები ნივთების აღება არ მიყვარს, თუმცა, ახლა სხვა შემთხვევა იყო: ისე მიმიტაცა, ისე მიმიზიდა ამ ობლად მიბრტყელებულმა ქაღალდმა, რომ მაშინვე ჩავიმუხლე და ეჭვით დავაშტერდი. ჩვეულებრივი გაზეთი იყო. თავში ეწერა: „პირველი სკოლის გაზეთი - ყოველ კვირას; გამოცემა ვრცელდება უფასოდ“ წამსვე ჩავიჩურთე ცისფერი პერანგის გულისჯიბეში და სათუთად შევინახე. ვიფიქრე, საღამოთი თვალს გადავავლებ-მეთქი. ნამდვილად საინტერესო ჩანდა, როგორ მიდიოდა ჩემი მშობლიური სკოლის ამჟამინდელი ცხოვრება. ალბათ, ბევრი რამე შეიცვალა. ახლა სამსახურისკენ მივდივარ. *** ცის კამარას შეეპარა მთვარის შუქი და მოსიპულ გზებზე თოვლი აქათქათდა… მივუჯექი ჩემს მშვიდ სახლში ცეცხლის ალთა როკვით სხივმოფენილ ბუხარს, რომლის ყავლშეულახავი, ღაჟღაჟა აგურები ბევრს, ძალიან ბევრს გვიყვებიან წარსულზე. გავშალე გაზეთი. სულ არ წერია ის, რაც მეგონა. ვფიქრობდი, ეწერებოდა, თუ როგორ მოიწამლა სკოლის სასადილოში ამდენი ბავშვი, სად ატყდა ჩხუბი მეათეკლასელებს შორის, ვინ დასაჯა დარაჯმა ბოლო თვეში, რა წიგნები დაამატეს ბიბლიოთეკას და ა. შ. და ა. შ. ერთი უცნაური გამოკითხვითაა გაზეთის ფურცლები აჭრელებული. ეს გამოკითხვა მოსწავლეებთან ჩაუტარებიათ. დავიწყე კითხვა და შემიყოლა. გამოკითხვას აქ გთავაზობთ უცვლელად: 1) „ - რა გქვია? - ლუკა. - გვარი? - ვერ გეტყვით (კორესპონდენტი აშკარად დაიბნა). - რამდენი წლის ხარ, ლუკა? - თექვსმეტის თუ ჩვიდმეტის უნდა გავხდე ნოემბერში. - ძალიან კარგი. აბა, მითხარი, რა ნიშნებზე სწავლობ? - ეეჰ, რა მესწავლება. - როგორ თუ რა გესწავლება? - აიი… არ მცალია. - ანუ? - საქმეები მაქვს, ხომ ხვდებით. - რას საქმიანობ, ლუკა? - ისა… ბევრი მეგობარი მყავს. კლასშიც და კლასგარეთაც. - მერე, ისინი არ გაცლიან? - დიახ, არ მაცლიან. - წიგნებს გიხევენ? - არა, რას ამბობთ, პატივცემულო. წიგნებს საერთოდ არ ეხებიან, როგორ დახევენ… უბრალოდ, სულ თავისთან მეძახიან და დრო აღარ მრჩება. - რატომ იქცევიან ასე? - რა ვიცი… ალბათ, უნდათ, რომ ყოველთვის მათთან ვიყო. - შენი აზრით, რისთვის სურთ ეს? - მეგობრობის წესი და რიგია ასეთი. ძმაკაცს რომ ულხინს, მასთან უნდა იყო და უფრო გაამხიარულო, ხოლო, როცა ჭირი აქვს, ხომ საერთოდ მასთან ერთად უნდა იყო და იყო. - საინტერესოა, საიდან იცი, რომ ასე უნდა მოიქცე? - შეიძლება, ჩემს მეგობრებს წიგნები არ უყვართ, მაგრამ მე მიყვარს. ასე რომ, „ვეფხისტყაოსანში“ წავიკითხე ერთხელ, „მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისაო?!“ თურმე იმ დროსაც სულ ესე ერთმანეთთან ყოფნა უნდოდათ მეგობრებს. - ანუ ეგეც წიგნიდან იცი. - კი. - და შენმა მეგობრებმა საიდანღა იციან ეს, თუ წიგნებს არ ეკარებიან? - კარგი ადამიანობისთვის მარტო ცოდნა რას გახდება, შეგნება უფრო საჭიროა. ესეც წიგნებში წერია. - მართალი ხარ. ლუკა, ხომ იცი, მეგობრები დროის ქურდები არიან. - ვიცი, პატივცემულო. - მაშინ რატომ არ ანებებ თავს? - იმიტომ, რომ მინდა, იმათაც შეიყვარონ კითხვა. - მართლა გინდა? - დიახ, ძალიან. მაგისთვის ვიკლებ დროს, რომ ჩემმა მეგობრებმა მომავალში დრო აღარ დაკარგონ. - ძალიან კარგი ჩანაფიქრია. როცა ამას დაასრულებ და შენებს სწორ გზაზე დააყენებ, კიდევ ვისაუბროთ. იქნება, მეც მოგეხმარო და ერთად რაღაცა იქნება… 2) - მე ვარ სოფო, თერთმეტი წლის. - რომელ კლასში ხარ, სოფო? - მეხუთეში. - შენი აზრით, რა არის სიყვარული? - (ჩაფიქრების შემდეგ) სიყვარული?! სიყვარულია, მე რომ დედას ყელზე ვეკონები. ჩქრრ (გვერდით ვიღაც ბიჭმა გაიქროლა დერეფანში)... - ეს ჩემი კლასელი გურამია, იმას მარტო მე ვუყვარვარ. - ნუთუ? - კი, ასე მეუბნება, მარტო შენ მიყვარხარო. - თავისი დედა და მამა არ უყვარს? - მშობლები არა ჰყავს. - მერედა, გარდაცვლილი მშობლების სიყვარული არ შეიძლება? - არ ვიცი, მე ორივე მყავს. - ძვირფასო სოფო, გარდაცვლილი ადამიანის სიყვარული ათასჯერ მეტია ცოცხალთა კოცნა-ხვევნაზე. - შეიძლება. მე მართლა არ ვიცი. - შენ თუ გიყვარს გურამი? - კი, მიყვარს, მაგრამ ისე ძალიანაც არა, როგორც თვითონ. - ოო, ეგ ცუდია. - რატომ? - სიყვარული საკმარისი ვერასდროს იქნება. 3) - ვინ არის უჭკვიანესი? - ჯერ ვინაობა მკითხეთ, იქნებ სამჭკუაშვილი ვარ. - კარგი. რა გქვია? - სამჭკუაშვილი დემეტრე. თხუთმეტისა ვარ. - და ვინაა უჭკვიანესი? - მაგაზე ხშირად არ ვფიქრობ. ალბათ… ჩვენი გია მასწავლებელი. - რატომ? - რომ გვესალმება ბავშვებს, თან თავს გვიხრის ხოლმე. ჩემი აზრით, დიდი ტვინი აქვს და გამარჯობის თქმისას თავი სძალავს და წინ უვარდება. 4) - რა გქვია? - მე ვარ თეონა. სავარაუდოდ, მკითხავთ, თუ რამდენი წლის ვარ. ახლავე გპასუხობთ, რომ რვის და მეორე კლასში ვსწავლობ. - ვაა, მომწონს. რომელი საგანი გიყვარს, თეონა? - ქართულს არაფერი შეედრება. - საქართველო თუ გიყვარს? - დიახ, უზომოდ, ბატონო ჩემო! - და რის გაკეთებას აპირებ საქართველოსთვის? - იმისას, რაც დასჭირდება - დროის მიხედვით. ახლა ყველაზე მეტად სიყვარული გვჭირდება, ერთმანეთის სიყვარული. სხვა საზრუნავს თავისით მიეხედება. - გონიერი გოგო ყოფილხარ, თეონა! მომწონს შენი შემართება. თუმცა, ბევრი შრომა და დაოსტატება გჭირდება. - მივხედავ ყველაფერს ნელ-ნელა, არ ინერვიულოთ. - კურთხეული იყავი შენ და შენი საქმე, შვილო! მოგეხმარებით! 5) - არ გაგცემთ-მეთქი პასუხს, დიახ, ასე უნდა ვიჯიუტო!.. - რატომ, არ გაინტერესებს, შენს სამშობლოს რა ბედი ეწევა? - არა-მეთქი, არა! გამატარეთ ბუფეტისკენ! - ბუხ (აღნიშნული მოსწავლე ბუფეტისკენ მიმავალ დერეფანში იატაკზე მწარედ დაეცა)!.."
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი