მიტოვებული სკოლა


შევედი.

გულმა რეჩხი მიყო.

აღარავინ დამხვდა. სკოლამ არც მთისა მითხრა რამე და არც ბარისა. ყველა დერეფანი შემოვიარე. ვეღარსად ვნახე ჩემი საყვარელი მასწავლებელი - ფიქრთა არქიტექტორი.

ჩემს სკოლას სიკვდილის ლანდი დასცემია.

მეგობრებიც მთაში მოსული წვიმასავით აორთქლებულიყვნენ. აღარაფერი იყო: თვით ჩემი სკოლის მამულისფერი ეზოც.

ოხ, რამდენმა აცეცხლა ხმალი აქაურობას! რამდენმა ვერანმა სცადა ამ მიწის დაფერფვლა... მაგრამ თვით იერიქონის კედელი ჩამოიშალა, ჩემი სკოლა კი მაინც იდგა და ვერავინ ვერაფერს აკლებდა. "უგანგებოდ ვერას მიზმენ" - დიდხანს გუგუნებდა ამას სკოლის კედლები.

ძვლამდე დასული ტკივილით მენატრება მანდაურობა...

სადაა ჩვენი კალმოსანთმოძღვარი პედაგოგი, რომ გვაფრთხილებდა: აქაურობას მოუარეთ, სხვა საზრუნავი ჯერ არ აუკიდებია თქვენთვის სამყაროსო.

გაქრა.

ყველაფერი გაქრა.

უკვალოდ გაქრა!

ხანდახან არის ცხოვრებაში რაღაცები, რის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენელია. განა ვერ იქნები, ვერ იარსებებ, მაგრამ ამ ყოველივეს აზრი არ ექნება.

ჩემო თანამედარდენო!

სკოლა უბავშვოდ ხმალნაბზარი მორკინალია. ეს ადგილი, სადაც მე გავიზარდე, ნამდვილად არ გახლდათ შაქარყინულის საოცნებო ქვეყანა, თუმცა ჩემთვის უფრო მეტიც იყო.

ამ მრავალჭირვარამგადანახადი სკოლის მოსწავლეები სხვაგვარმოაზროვნეები გახლდით. იმის მიუხედავად, რომ დანასისხლ მტრებსა და ჩვენს წინაპრებს შორის მახვილთკვეთება არასოდეს მიმცხრალა და ცოდნის ეს ტაძარი მრავალჯერ იქცა სისხლის კალოდ, ის მაინც არავის დაუთმია.

ახლა კი ცარიელი მერხების ყურება ისეთ განცდას მიჩენს, თითქოს მწიფე მზე აღარასდროს ამობრწყინდება და ძვირფასი ადამიანების გაალმასებულ თვალებსაც საუკუნოდ ვეღარ ვიხილავ.

მაგრამ ვიცი, რომ ასე არ იქნება - ხსნა ყოველთვის არსებობს. დრო სამართლიანი მსაჯულია, ასე რომ, სწორი გზის მჯერა.

დედოზარს ჟანგი გაეცლება, ანცი პირველკლასელები ისევ ილაღობებენ. ჩვენ, უკვე "დიდებს", კვლავინდებური ცნობისმოყვარეობით გვკითხავენ, თუ რომელი საგანი გვიყვარს. ჩვენი ყველა საუბარი ხომ ამ კითხვით იწყებოდა.

მეც ვიყავი პირველკლასელი. მახსოვს, ზუსტად ამგვარად ვიქცეოდი და როგორ მიხაროდა, როდესაც უფროსკლასელები სკოლის საიდუმლოებს გვიმჟღავნებდნენ ხოლმე. მას შემდეგ მრავალი დიდი წელიწადი ჩამოკრიალოსანდა.

სკოლაში სიცოცხლე არ უნდა შეწყდეს. ესაა საკითხი, სადაც ალტერნატივა არ არსებობს.

ასეც იქნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი