რას გვიამბობს სკოლა?
(თელავის პირველი სკოლის ქრონიკებიდან) ერთი წუთით თქვენს გონებას მიეცით ვრცელი გასაქანი და წარმოიდგინეთ ქალაქი თელავი სამასი წლის წინ... სამი საუკუნე ხუმრობა არ გეგონოთ - იმ დროს, ალბათ, თქვენს წინაპართა მეხუთე თაობა ცხოვრობდა. ერეკლე მეფემ მაშინ პირველად ამოიღო ხმალი ქარქაშიდან. პირველად... და უკანასკნელადაც. ათასი ალალის ძვალთა ნაფშხვენსა და სისხლის ნაგუბარზე ქალაქის მთავარ, შუაგულში მდებარე მოედანზე აგებულ ციხე-გალავანში დაარსდა დღევანდელი პირველი სკოლა, პირველი საქართველოშიც და პირველი სიმაღლითაც. ეს იყო 1758 წელი - გაგანია ხანჯლაობა ერის გადასარჩენად. და ასეთ რთულ ჟამს ფილოსოფიურმა სკოლამ დაიწყო საფუძვლიანი მზაობა უკეთესი მომავლისთვის - გაიოზ რექტორმა აღმოსავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო პროცესი ხელში აიღო. ამან, რასაკვირველია, თავისი შედეგი გამოიღო. ისტორიაში პირველად ახალგაზრდული ძალ-ღონე სწავლისაკენ და არა ბრძოლისკენ მიიმართა. ამ მოვლენამ ავგულ მტერს უარესად დასცა თავზარი, ვიდრე რეგულარული რაზმების შექმნამ. ბედნიერების თაიგულის შეკვრაც მაშინ დაიწყო. საქართველოს მატიანეში გიორგი ბრწყინვალის ხელმწიფობის შემდეგ პირველად გათენდა მტრედისფრად. დღეს იმ ადგილას, სადაც ხის პრიალა მერხი მიდგას და ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღის დიდწილს ვატარებ, ისევ ის მარად ცოცხალი სული ტრიალებს. ვინ იცის, ათასი წლის წინ ვინ იყო აქ... ამიტომაცაა თელავის პირველი სკოლის ირგვლივ ყველაფერი საინტერესო. ქართველყლაპიებს ჩემი სკოლის წარმატება, რასაკვირველია, არ უხარიათ. ებრძვიან, ეზვირთებიან, ეჯაჯგურებიან, თუმცა რის მაქნისია მათი ავთვალადი მცდელობა. ნეტართა კუნძულზე ავაზაკთა ხომალდი ღუზას ვერასდროს ჩაუშვებს. ჩემს სკოლას მრავალი თავგადასავალი გადახდენია. ხანდროს ისეც ყოფილა, რომ ამ თავგადასავლის მიზეზი თავად გამხდარა. მე დამებადა სურვილი, ერთ ასეთ ამბავზე მოგითხროთ. უბრობა ავერნის გველივით* მიბორკავს სულს. ერთ მშვენიერ დღეს მშობლიური სკოლისკენ გახარებული მივეშურები. არ ვიცი, რა მიხარია. გზაში მხვდებიან ჩემთან თანზრდილი მეგობრები, უფრო ხშირად კი - ოდნავ უფროსი მეგობრები. ჩემი სკოლა ისეთ მაღლობზეა, რომ ქარი იქამდე მისვლისას გზაში სამჯერ ისვენებს. მეც მივუყვები აღმართს, გვერდით მეცხრე კლასელები მომდევენ. სკოლის შესასვლელში კი რანჟირულად**, მწკრივში დგანან მეათე კლასელი ბიჭები. ყველა ჩემი მეგობარია. უკან კი ერთი ძვირფასი ქალი მასწავლებელი მომყვება, თუმცა მე არ მასწავლის. მეათეებს წესისამებრ მივესალმე, მოვიკითხე, შემდეგ კი იქვე, კუთხეში მივდექი და მასწავლებლის შემოსვლას დაველოდე. ის მოახლოვდა (კვლავინდებური ვარდისფერი ფორმითა და თავქანქარა ქუდითაა შემოსილი) და მეათეებს ხელის ჩამორთმევა დაუწყო რიგრიგობით. - აბა, ვიზიარებ! ბიჭები ბრინჯივით დაიბნენ. - როგორ, მას? - ვიზიარებ-მეთქი, ვიზიარებ. - რას იზიარებთ? - ჰმ, რა ვიცი, ისე ჩაწყობილი დგახართ... - დასძინა მასწავლებელმა და ერთ-ერთი კლასისკენ წატუსტუსდა. მე - ამ ყველაფრის შემსწრე - გულში ხითხითით მივიწევ მეგობრებისკენ. ვაჟა-ფშაველას ნატერფალზე სიარული სხვა შეგრძნება და პატივია***. ვაჟა არასდროს გაივლიდა იმ გზას, რომელიც "კაცობის გვირგვინით" არ ბოლოვდება. ესე იგი, სწორ გზას ადგას ის, ვინც თელავის პირველი საჯარო სკოლისკენ მიილტვის. ჩვენ, მის მოწაფეებს, ყმებსა და აღსაზრდელებს, ისეთი წესები, ჩვეულებანი, ჩვენებური კოდექსი გვაქვს, რომ მთელ ალთასა თუ ბალთას სხვა ვერავინ გაგვიგებს. ბევრ თელაველ პედაგოგთან საუბრისას ყველა აღნიშნავდა ერთს: პირველი სკოლის ბავშვები არიან განსხვავებულები; მეტიც, სასიამოვნოდ განსხვავებულები. გემოვნებიანი ფიქრი რაკი არასდროს ტოვებს დაბადების ადგილს, თამამად შეგვიძლია თქმა იმისა, რომ: 1. აღქმების ქვევრი, ბავშვის მსოფლმხედველობა ყველაზე უკეთ ყალიბდება სწორ, შესაბამის, პიროვნების ნირთან თანხვედრაში მოსულ გარემოში; 2. ადამიანს აქვს სწავლის არა უფლება, არამედ მოვალეობა; 3. სკოლა არის ის ადგილი, რომელსაც არაფრისგან შეუძლია შექმნას ყველაფერი. პირველმა სკოლამ მე ეს მასწავლა და მიამბო. თანაც მასწავლა კეთილგანწყობილი ხუმრობებით და ხარისხიანი იუმორით. ზემოთ მოცემული ერთი ნამდვილად მომხდარი ჩანართი ამბავი და მის გარშემო განხილული საკითხები ამის უმყარესი დასაბუთებაა (თუ რომელიმე პერსონაჟმა თავისი თავი იცნო - მოკითხვას გითვლით). მასწავლებლობაზე უფრო ძლიერი და საჭირო პროფესია არ არსებობს. ჩვენ, ყველა, ხომ ერთი დიდი ჯალაბი ვართ. ახლა თელავის პირველ სკოლაში არავინ არის (მაგრამ მალე ყველა აქ იქნება - ბევრად მეტი, ვიდრე აქამდე), იქ გაბატონებული სულის გარდა. თუმცა ეს სულიც საკმარისია, რომ აცოცხლოს იქაურობა და ძველი შთაბერილი ჟრიამული ხელახლა აღადგინოს. პირველი სკოლა კი არ მჭირდება, მლხინდება. და არამარტო მე. * - ავერნის ტბა მდებარეობს იტალიის სამხრეთით, კამპანიაში, იგი მიწისქვეშა სამყაროს შესასვლელად ითვლებოდა. ტბაში, თქმულებით, დიდი ურჩხული - გველი ბინადრობდა. ევროპულ ფოლკლორში, საზოგადოდ, დიდ ტბებში მობინადრე არსებების მითი ფართოდ გავრცელებულია (შდრ., ლოხ-ნესი). ** - რანჟირი ეწოდება ჯარისკაცთა წყობას. *** - მთის მგოსანი თელავის პირველ სკოლაში სწავლობდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი