რაც უნდა მეთქვა
რაც უნდა მეთქვა ჩემი სამშობლო უცნაურია, ირემი სახლობს მთაში მყვირალა. თუ სხვაგან ყველგან დევნეს ურია, მან შეიფარა და შეიყვარა. აქ რომ თვრებიან, სულსაც მოგცემენ, ძმაბიჭობაში არ ჰყავთ ბადალი. სულხან-საბა ხომ სწორედ ჩვენ ვცემეთ, რადგან გვეგონა ღობე დაბალი. ხელმწიფე უზით ქართველებს ღმერთად, ანგელოზებად - ერისთავები. მხოლოდ აქ სხედან სუფრაზე ერთად ჯაყო და თემურ ხევისთავები. ქართველი მძულს და ქართველი მიყვარს! ბევრს გაუძლეს და ბევრიც იძინეს. წელში მოხრილი კიდევ აიტანს ბერბიჭაშვილთ და ორჯონიკიძეთ. არხეინობა ჩვენი წესია, თავქეიფობა - თავად გზა ხსნისა! გადაგვარჩინა თურმე ათასჯერ ჯვარმა, ხმალმა და გუთან-სახნისმა. ალბათ, ვილაღებთ მწვანე მდელოში და გაიშლება ალაზანს ბადე. არ დაგაფასეს საქართველოში? - შენც ადექი და სიკვდილი სცადე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი