ქრისტეს გვირგვინი


ქ რ ი ს ტ ე ს          გ ვ ი რ გ ვ ი ნ ი

აი, სამყაროში მიიწურა ოცი საუკუნე, კაცობრიობამ ახალ სისტემაში შეაბიჯა. შუა საუკუნეები უკვე უღრმეს წარსულად გვეჩვენება; მეხსიერების თვალი თითქოსდა ანტიკურ ხანასაც ვეღარ ხედავს. იგი მიპყრობილია მხოლოდ და მხოლოდ მომავალი ეპოქისკენ, განვითარების მატარებელი უსწრაფესად მიაპობს წუთებს, საათებს, დღეებს... ყოველ მომდევნო დილით რომ ვიღვიძებთ, დედამიწა უფრო თავდაჯერებული გვეჩვენება და სულაც აღარ გვიკვირს გამაოგნებელ აღმოჩენათა შესახებ ცნობების გაგება. სრულიად ჩვეულებრივად გაჭრილა ვეებერთელა მაგისტრალები, დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში გაფრენა სირთულეს აღარ წარმოადგენს. ადამიანის შებოჭილმა გონებამ სარბიელი პოვა, სადღაა მძიმე, მარწუხებივით შემაწუხებელი ჩარჩოები, რომელიც დღეის აქამომდე კოშმარულად ტანჯავდა კაცთა გონებრივ თვალსაწიერს?!. გაქრა იგი, შეუძლებელი აღარაფერია! ეგვიპტის პირამიდებს ისეთი გულმოდგინებით ნახულობენ უცხოები, თითქოს ისინი მუდამ - სამყაროს დასაბამიდან ამ ჟამამდე - ფესვგადგმულივით დგას. ყავლწარუვალი ისტორია, თავზარდამცემი საბუნებისმეტყველო მეცნიერება, შორეულ წიაღსვლებში მძრომი არქეოლოგია, მხიარული ინჟინერია - რომლისგანაც აღარაფერი გვიკვირს - დიდებული გეოგრაფია, აწ უკიდეგანო ფილოსოფია, პირმშვენიერი ხელოვნების ყოველი დარგი და სხვანი - ეს თითოეული შეიკრა, შეკავშირდა, უწყვეტ ჯაჭვს მიემსგავსა ერთი მიზნისთვის: განვითარების მატარებელი საწვავით გაამდიდრონ, უფრო ააჩქარონ, კაცობრიობა კიდევაც წინ წასწიონ და ძალზე სვებედნიერი წუთები შემატონ!..

ადამიანების ყოველდღიური რუტინაც, ცოტა არ იყოს, ადრეულ ხანებთან შედარებით კარდინალურად გამოიცვალა. ვდგებით დილით, მივდივართ სკოლებსა, უნივერსიტეტებსა თუ სამსახურებში და ჩვენს საქმეს შესაშურად ვასრულებთ. რომ ვბრუნდებით, გვხვდება თბილი კერა, უფრო თბილი კი - ოჯახი. გვაქვს სადილი, უზრუნველი და ნანინანატრი ყოფა, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ბედნიერება გვეგონა. მანქანა იშვიათობა აღარაა, ავადმყოფობაც შემცირდა, თუ აქამდე ქალები შვილის გაჩენას სულს შეალევდნენ, ახლა რაღა გვიჭირს? - არც არაფერი. ბოლო-ბოლო, ფულის საჭრელი მანქანები ბლომად გააჩნია ამ პლანეტას...

მაგრამ, ძვირფასო ადამიანო, ჩვენ გვავიწყდება მრავალი რამ, რისი არდამახსოვრების საზღაურიც უმწარესია! თანამედროვე აჩქარებული ეპოქით თავბრუ დაგვეხვა, დავრეტიანდით, მეხსიერება მეტადრე დაგვიმოკლდა... რუტინამ საუკუნეთა გაწელვა იცის, ამან კი, თავის მხრივ, ადამიანისთვის თავის მობეზრება (სწორედ ამიტომ ვიტოვებ იმედს, რომ პრინციპული ადამიანი სანუკვარ პირველსაწყისს დაუბრუნდება)... ჩვენ გამოგვრჩა უმთავრესი, რითაც ძველად ვათენ-ვაღამებდით და ვსუნთქავდით - დაგვავიწყდა, თუ როგორ მოვედით დღემდე, თუ საიდან აითვალა ეს ოცდაერთი საუკუნე!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი