გიორგი კეკელიძის რეცენზია ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნზე „ვარსკვლავქვეშეთში“


📚 გიორგი კეკელიძის - მწერლის, პოეტის, საზოგადო მოღვაწის - რეცენზია ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნზე "ვარსკვლავქვეშეთში":

ავტორი მომავლის კიბეზე

"ერეკლე მრავალმხრივი ადამიანია. ადამიანი, რომელიც ლიტერატურას ემსახურება და ეს მრავალმხრივობა საკუთრივ სამწერლო ასპარეზზეც იგრძნობა, თუმცა ამის მიღმა ის ხშირად ახსენებს საკუთარ თაობას, რამხელა ძალა აქვს წიგნს და წიგნიერებას. ხოლო რაც უკვე ვახსენეთ, ასეა - სამწერლო რუკაზე მას ყველგან აქვს საკუთარი ნიშნული აღმართული - პოეზია, მათ შორის მინიმალუსტური, პროზა, ესკიზები, ესეები და კვლევები.

ყველგან ძებნის ამბავია, ხან პოვნის, ხან განგებისად გაშვების, რომ დაედევნოს და თვითონ ეს დევნაა ამბავი.

ის, რომ წიგნი მამას ეძღვნება, ჩემთვის, პერსონალურად, უახლოესი ამბავია. მე დამიწერია მამის გამო და მამისთვის, რადგან ის იყო ყველაზე დიდი მოამაგე და გულშემატკივარი ჩემი უნარის, სიტყვებთან თამაში გამებედა.

ერთ ლექსში წერია, სევდაა ძიძააო და სადაც ძიძაა სევდა, დედაც სადღაც უნდა იყოს. სადღაც ან ყველგან. ავტორი იდიომებით გვეთამაშება, ლაბირინთებს გვახვედრებს და გამოსავალს - არა. თუმცა, ვისაც ლიტერატურა უყვარს, იქ ჩარჩენა უფრო უხარია, მგონი, ვიდრე კარის პოვნა. მეც მათ რიგში ვარ და ალბათ თქვენც.

პროზაც პოეტურია. ლირიკული ფრაზებით და ფორმებით ნასაზრდოები. აი, მაგალითად, ერთი ამონარიდი, ვერლიბრი გეგონება:

,,გაყვითლდა, დადნა, ჩამოხმა.
გახდა.
ჩონჩხიღა დარჩა.
ფილტვებში წყალი ედგა, ალბათ.
სოფლის მღვდელმა თქვა, ღმერთი თუ უშველისო.
იმავე ექიმმაც დაადასტურა.’’

ან თუნდაც ეს, თითქოს სრულიად ყოფითი და რუტინული პასაჟი;

,, ცის კამარას შეეპარა მთვარის შუქი და მოსიპულ
გზებზე თოვლი აქათქათდა... მივუჯექი ჩემს მშვიდ სახლში
ცეცხლის ალთა როკვით სხივმოფენილ ბუხარს, რომლის
ყავლშეულახავი, ღაჟღაჟა აგურები ბევრს, ძალიან ბევრს
გვიყვებიან წარსულზე.
გავშალე გაზეთი.

სულ არ წერია ის, რაც მეგონა. ვფიქრობდი, ეწერებოდა,
თუ როგორ მოიწამლა სკოლის სასადილოში ამდენი
ბავშვი, სად ატყდა ჩხუბი მეათეკლასელებს შორის, ვინ
დასაჯა დარაჯმა ბოლო თვეში, რა წიგნები დაამატეს
ბიბლიოთეკას და ა. შ. და ა. შ."

ერეკლე აკვირდება, კითხულობს, სწავლობს. ეს ყველგან იგრძნობა. ყველა მომდევნო ფრაზა ახალ სიმაღლეს გკარნახობს. ავტორი იზრდება. ის მომავლის მწერალია. ეს წიგნი ამ კიბეზე ერთი და აუცილებელი საფეხურია - მყარი და ძნელად გასაბზარი."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი