გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია დაფა მეხუთე
დაფა მეხუთე
"არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი"
(რუსთაველი)
1
ხევში წყალივით,მთაში ქარივით კვლავ გზებს გაუყვნენ,
ჩამოსხდნენ ერთგან და ერთმანეთს ნუზლი გაუყვენ,
წაიხემსებდნენ მცირედ (არ ჰქონდათ ტყეში ბოზბაში),
გზა გააგრძელეს...ტყესაც მიადგნენ ამასობაში.
ოღონდ წინსვლისთვის როდი კმარა ოდენ სურვილი,
თუ გზას გიღობავს უსიერი ურმან-ბურვილი.
მიწის ყოველი მტკაველი კედრის თუა საყრდენი,
კაცი კი არა,ვერ შეეტევა ტყეში ნაკრტენი.
არ ჩამოჰგავდა კედროვანი ურუქის ბაღნარს,
გზა მიუვალი ჰუმბაბამდე ხელთ ეპყრა მაღნარს.
შემჭიდროვებით ხეები ჰქმნიდნენ მიუვალ კედელს,
ფარად ხმარობდნენ ბასრ ეკალს და ბარდის საწერტელს.
როგორც გუშაგი,როგორც ერთგული და მხნე მხედარი
ფხიზლობდა ფეხზე თითოეული ტყეში კედარი,
რომელთა შორის ბალახიც ვერ ეკვეხებოდა,
ხოლო კენწერო რომელთა ღრუბლის ცხვირს ეხებოდა.
ძმები ტყის პირას,იცავდა ხეთა რომელსაც რიგი
იდგენენ,როს კედარს ერიდებოდა თავად იგიგი.
ყურს დამცინავი ჩაესმოდათ ხეთა ქილიკი,
გზას დაეძებდნენ,ვერ იპოვეს თუნდაც ბილიკი.
მიუდგომელი,მჭიდროდ დაცული იგი ტყე იყო,
სადაც ჰუმბაბა საკუთარი კედრის ტყვე იყო.
ხეებით შეკრულ დაბურულ ტყეს ბინდი ამკობდა,
სამარისებურ სიჩუმეს ორი ძმა მიაპობდა.
მალ სანატრელი გაუხდათ გზები გავლილი ადრე,
მათ დაუნდობლად ძონძავდა ძეძვი და ოლეანდრე,
დაკაწრულ ტანზედ"მალამოდ"ედოთ ყვავილთა შხამი,
ვეღარ იცავდა ბარდებისგან კვლა მოსასხამი.
გაუკვალავი გზა,ლიანებით გადახლართული,
ტევრის სიღრმისკენ იყო სავალად ჩახლიფართული.
ტანთ ეხვეოდათ უსურვაზები,როგორც გველები,
ქაცვისგან დაუ'სისხლიანდათ ორთავ ხელები.
მწკლარტი,ბურეხი,ტყარი ბინეხი-უსურვაზები
მათ ატყავებდნენ,(ვეღარ დარჩნენ მთლად ლამაზები),
შხამიან ეკლებს დაუნდობლად გვერდებში ჩხვლეტდნენ
და ტანისამოსს ფაცხი-ფუცხით ტანზე აღლეტდნენ.
უქნარა ბუჩქნარს ცვლიდა ქაცვია ყველგან ეკლნარი,
გზა რომ ენახათ წამოაქციეს ძმებმა კედარი.
დანარცხებული ხის ხმამ ჰუმბაბა გამოაღვიძა,
ფეხზე წამოდგა,ააზანზარა მით ხე და მიწა.
ხე წააქციეს...დაინახეს ნაფეხურები,
გააფაციცეს ხეთა შრიალში სმენად ყურები.
ბრძოლის წყურვილით აუჩქროლდათ მკერდში გულები,
თუმცა,ტყით იყვნენ გვარიანად დაჩაგრულები.
-უნდა გავუძლოთ უსიერს,
ეკალ-ბარდებს და ლიანებს!
მხოლოდ წინ!!!
უკანდახევა
არ გვარგებს პიროფლიანებს!!!
2
-აქ რა გვიყო და
რას გვიზამს იქა?
ჯერ არ მივსულვართ,
წაგვართვა სიქა.
-როგორ მივიდეთ ახლოს,
შორით გვწვავს სხივი ჯაგრული?
ძნელია ომი,სიბნელით ხარ
როს თვალაკრული.
დამღალა ბალახთ ბორკილმა,
მჩაგრავს უმზეო ბუწკნარი,
დამაკარგვინა სიბნელემ
წინსვლის და ხედვის უნარი.
ფეხს ვერ ვდგამ და სისხლს მიყინავს
დევის ღრიალი გაბმული,
ვარ მისი შვიდი მელამის
შვიდკეცა ჯაჭვით დაბმული.
-რა სულ ამაოდ გვივლია,
რაც სათქმელია ძნელადა,
ნუთუ ვიწვალეთ ამდენი
სხეულის საჯიჯგნელადა?
ვერ ვრჩები შიშის ნაჭამი
ძმაო,იმედის ერთგული...
-ჯერ ომი არ დაგვიწყია,
ვართ ისე ჩვენ წაგებული.
***
-გაგვიძნელდება იმ ბუმბერაზთან
ძმაო,ვახ ომი,
დასჯაბნის ვისიც ჩვენს ას ნაბიჯს
ერთი ნახტომი.
გილგამეშს ისევ შეუძვრა სულში ცოდვის ობობა,
ნაფეხურების ზომამ შეუქმნა გულს ორჭოფობა
-ვინ მოერიოს ამ კვალის პატრონს?-გაუჩნდა იჭვი,
იქნებ,არც ღირდეს სასიკვდილოდ არც ტყე და ფიჭვი.
იჭვები შლიან გამაგრებული აურის ველებს,
საკუთარ რესურსს ვინც ვერ ჰფლობს,ძალას ვინ მიაშველებს?
როგორც ჭოჭმანი და ორჭოფობა გულს მოეძალა,
ძალა მუხლებში მოაკლდა,ღონე გამოეცალა.
იჭვი არ ჰშვენის მებრძოლს,იგი მას არ არგია,
ხოლო ბრძოლაში უმაშვნო და მავნე ბარგია.
იგი იქაა,სადაც"ან არა",ანუ "ან კია",
იგი იმედში ჩანერგილი გულის მანკია.
შემოქმედს იჭვი ეზიზღება ყველაზე მეტად,
ის თუ შეგიჩნდა,ვერ დარჩები გამჩენთან ერთად.
ადამიანის წარწირვის გამო სწუხს მამაღმერთი,
თუკი მას ენდე,დაგიკარგავთ თქვენ ერთმანეთი.
იჭვი სულს წიწკნის,იგი იწვევს ღმერთების წყენას,
ანგელოზების სინანულს და მათ ცრემლთა დენას.
საყვედურები ათქმევინოს წარწირვამ ენას,
უკან დახევა ამჯობინოს ღმერთთან წარდგენას.
თუ რწმენამ იჭვის ზემოქმედებით დაიწყო ლპობა,
ვიღა იკისროს იჭვით გახრწნილი იმედის ნდობა?
ვერ შეგერგება ლოცვაც,თუა იჭვით დაბწნილი,
რამეთუ მისით იმედია ყოვლად გახრწნილი.
-მეფეს,რომელსაც მთელი ურუქი ხელში გებარა,
სიკვდილის შიში ნუთუ ჩემსავით შემოგეპარა?
გახსენი გული,წარწირულმა თუ რომ ჩარაზე
და დაინახავ მოლაპარაკე ჩიტს ქანდარაზე.
-განა რომ ჩემთვის მეშინია,ჩემო ძმობილო,
ვშიშობ,გზაში არ შემომაკლდე,ჩემგან ხმობილო.
სანამ დიდებას დავდევ სახელის ხვეჭის თრობაში,
არ შემეშალოს ამ თრობაში რამე ძმობაში.
-სხვა რა ვინატრო,ჩემი ძმაა თვით გილგამეში.
მოყმის ყმა ვიყო,ვყოლაუზობდე მისთვის ღამეში.
ძმობის ამბავში არ დამინდო,შენთან ვიქნები,
თუ კაცად ვსუსტობ,ისევ მხეცად გარდავიქმნები.
3
"ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების".
(რუსთაველი)
-რამ შამში,შამშუ შა,შამე!
მითხარი რამე,ხმა გამე!
იმედის პური მაჭამე
მხდალს,მომიმართე მაჯა მე.
არ შემეპაროს იჭვი,არ ვთქვა "ჩემთან ხარ"?"ხარ კი"?
უიმედობას აღარ ვუხადო წუწუნით ხარკი.
თუ ცოცხალი ვარ,იმედი ვჭამო იჭვით დაჭრილმა,
მიმასავათა რამეთუ სევდის ჩრდილში აჩრდილმა.
არც დავუჩოქო სიკვდილს,შიშს არ ვუხარო ქედი,
არ დავემალო განსაცდელს ვით ბოროტმოქმედი.
სანამ თავს მადგას რჩეულს უთუს შარავანდედი,
ილოცე ჩემთვის!შარაზე მდგომი შარა ვარ დედი.
თუ დავლათიანს არ მიცავს ღმერთის თავსაბურველი,
შავეთის სხივი გახდება ჩემი რწმენის მბურღველი.
უგვირგვინობით დამთავრდება ჩემი მისია,
სიკვდილისთვის ხომ მელამის რყევაც საკმარისია.
4
სანამდე მეფე მხეცს მიაგნებდა და შეუტევდა,
ზიქურათებში ნინსუნა მზეს ღამეს უთევდა.
ტრადიციულად გაუმასპინძლდა რა მას ქადითა,
მისი სახელი ემესალურად ერთხანს ადიდა.
-დროა,ჩემს შვილზე მუხლმოდრეკილმა ისევ ვილოცო,
რომ უძლეველი იყოს უშიში,როგორც უხორცო.
სადაც დაეცეს,ლოცვამ ჭრილობა იქ შეუხორცოს,
ფეხზე დადგეს და ბრძოლაში ცხვირი მხეცს მოუხოცოს.
-ვინაც წოვდა ჭეშმარიტად
ღვთაებრივი ფურის ცურებს,
ვისაც ბედი დაუსაზღვრეს,
იღბალი არ გააცურებს.
ვის ნინსუნას წიაღიდან
მადლი იღბლად დაებედა,
ლოცვის ძალით ძალოვნებდეს,
თუ რომ მისთვის ცდილობს დედა.
-მიეც უფლება,წიაღის გავლით
სათავეს თავი ისევ მიადოს.
მიეცი ძალა,დევთან მებრძოლი
სრულ სიჩუმეში კვლავ დაიბადოს.
ვთქვა,შვილი დასძლევს რომ დევსო,
იქნება დედის ბჟუტრი.
თუ არა"სხვა რიგის ძალა",
დევთან კაცია უძლური.
მითხარი,ნახევარღმერთი
დაბადებული ქალიდან,
როგორ დააღწევს თავს დევის
შემოფარგლული რკალიდან?
ვით მოერიოს,ვინც ქალის
საშოდან არ გამოსულა
და ვისი დედაც არასდროს
მასზედ არ იყო ორსულად.
თუ გიწილადე ქადა,ხომ
იცი რა მტანჯავს,ოი რა?!
ღვთისნაწილიან გილგამეშს
არ გაუწბილო მოირა.
კვლავ შევეცდები შენთვის ბევრს,
კვლა ლოცვით გიცხო ღვეძელი.
ოღონდაც,შვილი მიცოცხლე!
ჰყავ სიკვდილამდე დღეგრძელი!
როგორც მშვენიერ მძლევარს და
ვითარცა ეტლით მზიანსა,
აშორე ავი ხვედრი და
მოარიდებდე ზიანსა.
თუ რომ სიკვდილმა თავისი
გადაახურა საბანი,
ვეშა წყალს მიაშველებდე,
შენია თუკი ნაბანი.
შვილს გავედრებ და მიიღე
ქადა და ლოცვა დედური.
შენს მონა-წილეს არიდე
ყოველი ქაჯავეთური.
ურუქის მზეს და ღვთის ნაწილს,
უთუოდ,უთუ უშველი,
გააძლიერე მხედარი-
"სახედრის ფერდის მკუმშველი".
-სანამ მელამი არტყია,
ვით ჯადოსნური ქამარი,
მასზედ ღვთიური ნებაა,
მას გაუღიმებს ღამარი.
-დედის ლოცვა და ოქროქსოვილი მას ხელსახოცი
ვერ შველის,ვისაც ტანში არ უდგას ღმერთების ხორცი.
ვისაც ღვთის ძალა აქვს და მზის სხივი წამოეწევა,
შემაძრწუნებელ ბრწყინვალებაში შეძლებს შეღწევას.
დედის წიაღში დაბრუნდეს,
ვისზეც მაქვს დედას ამაგი.
ტყის ტყვეობიდან უკუგზა
ახსოვდეს მას ამა-არ-გი.
იმის სახელი,მიზრდია
ვინც დედას სასოებითა,
ეწეროს მიმდემ დაფებში
უფროსი ასოებითა.
-სანამ სარტყელი არტყია,
ვით ჯადოსნური ქამარი,
მასზედ ღვთიური ნებაა,
მას გაუღიმებს ღამარი.
-შენც შეგავედრო შვილი,დიდო
დედავ,მამეთუ!
დედაუფალი ხარ ყოველთა,
დედა რამეთუ.
-სანამ სარტყელი არტყია
ვით ჯადოსნური ქამარი,
მასზედ ღვთიური ნებაა,
მას გაუღიმებს ღამარი.
-ნუ დააკავებ,ქვესკნელო!
აზაგმა სენი აკმარე!
ღმერთო,აშორე ჭირი და
დევის მუცელში სამარე!
-სანამ სარტყელი არტყია
ვით ჯადოსნური ქამარი,
მასზედ ღვთიური ნებაა,
მას გაუღიმებს ღამარი.
-ლუგალბანდ,შენც გევედრები-
ნახევარღმერთის მამასა,
მზის წილიანი აშორე
ქვიშის სადილის ჭამასა!
-სანამ სარტყელი არტყია
ვით ჯადოსნური ქამარი,
მასზედ ღვთიური ნებაა,
მას გაუღიმებს ღამარი.
5
-ადგილზე გაშეშებული
ვარ უძრაობით დამპალი
მარცვალი...მზეს ვერ ვპოულობ
მიწისკენ ვალ თავმდაბალი.
მზე აქ არ ბუდობს,სხივებით
მას კედარი არ ურწყია.
აქ ბნელი მეფობს,მას ღამის
ღალამ აკვანი ურწია.
ყელში ხელს მიჭერს სიბნელე,
მახელებს მეტის ტრფიალით.
ღამე შხამს მასმევს უძირო
და ავსებული ფიალით.
ვდგავარ არყოფნის წიაღში
უძრავად გაჩერებული,
სასომიხდილი წარწირვის
მერანით გაჭენებული.
წამის ვარ გადმოსახედზე,
მარტყია წრებრუნვის რკალი.
ვდგავარ უფსკრულის წინ,მირტყამს
უკნიდან მძიღვს როცა ქარი.
6
-ვარ უმოწყალოდ ტიალ წრეში უწყლო ედენში
და დუმუზივით მკვდრეთით აღვდგე მინდა ედემში.
ვარ მოკვეთილი დედულეთიდან ქურციკი ქური,
შვიდი ქარიშხლის უშუქო შარში მახვევს იშქური.
ბორეასმა რომ ჩრდილოეთიდან დაიღრიალა
და შვიდმა ქარმა ცხვირწინ დანა დამიტრიალა,
იმ ქარბორბალას ავყე, ადგილზე ვეღარ გავჩერდი,
ვითარცა კვიცი მოარული ტყისკენ გავჭენდი.
ქარწაღებული რახან ქაოსში გზებს ვერ ვარჩევდი,
სადაც დამაგდო ჩემმა მოირამ,მეც იქ გავჩერდი.
სეტყვა მცირე და მირტყამდა ცხვირში სეტყვა დიდრონი,
ქარები ზღვებს რომ ყლაპავდნენ,თითქოს,დადგა ის დრონი.
უნდა ვთქვა,სანამ ქარის ნაცემს გამსვლია ბალა,
სანამ ყავლი მაქვს,არ შემემთხვა გზად ხათაბალა.
კედარისაგან გამოვთალო მსურს ქა-დინგირრა-
ღმერთების კარი,გამოითლება ოდეს იგი რა,
გზა ვნახო სხივით ამოტეხილი ბილიკებისა-
უსაზღვრო საზრდო დამშეული სულის კვებისა.
***
მისმენდეს და შეისმენდეს
ლოცვას გზებით დაღლილისა
იგი,ვისაც ვებარები
"მეფე წმიდა ადგილისა".
სიბნელეში დამეწიოს
მადლი მზისა და დილისა,
სიტყვა მქონდეს საკარდისი
ყვითელი რძით გაზრდილისა.
ვით დავთვალო შენგან ჩემი
სიკეთე,ან მადლი ვითა?
შემეწიე,დავანარცხო
სრუთმიანი მატყლივითა,
ღამით მოხეტიალე და
ჯაგრიანი,ფაჩვნიერი.
გევედრები დასობილი
ვით კედარი კადნიერი.
მე იმერი ვარ მაღნარში
უღრანის ურმანს ამერი,
მომენატრა უსიერში
მზის სახე და დღის ღამერი.
***
მოვესწრებოდე,ნეტავი,
დედამიწაზედ გაკრულსა
ჩემს ხელში წვერდაბარჯღნილ დევს
უსხივოდ სხივებჯაგრულსა.
თუ ზიქურათში რიმათმა
უთუს ღამენი უთია
თეთრად,მზის შვილმა ვამღერო
შავეთშიც ოქროს ბურთია.
ცოცხალი მზის თვალს ვუჭვრეტდე
ქერით და ოქროს მარცვლითა,
ძირს დავცე ცოდვის ხუხულა,
სიცოცხლეს თუ დამაცლითა.
მინდა ამ უღრან ბურანში
სხივთა ხვავი და ჯეჯილი,
შავი სიბნელე სინათლით
და ღამე დღით დაგლეჯილი.
***
-უიმედობას საზრდო-საკვები რომ არ ვარგუნო,
ხამს სიჩუმეში ფუქუ და მიქუ დავარაკუნო.
დროა,მოვირგოთ ღვთის მელამის ძმებმა ჩოხები,
ავადაფდაფოთ უხილავი დოლზე ჯოხები.
7
ტყეს დარაჯობდა პირუტყვი მხეცი-პირდორბლიანი
ჰუმბაბა, მეტად საშიში და ღვარცოფიანი.
ის იყო ყოველ დევ-ვეშაპთა ბოროტი სული,
ადამიანთა წასახდენად ქვეყნად მოსული,
ბოროტი ძალის გავლენით ხალხთა დამმონებელი,
ცოდვის სიდიდით-უსამართლობის კანონმდებელი.
ექსკლუზიურად ცოდვის მფლობელი და გამგებელი,
რამეთუ შავი საქმით ჰქონდა მას სარგებელი.
თურმე თავიდან ცეროდენა იყო ჰუმბაბა,
ამიტომ,როგორც პაწაწინა,არვინ დააბა.
დევი კი არა,ყოფილა თურმე დევის ბახალა,
სანამ ცოდვებმა ბახალას თავი ზედ არ ახალა.
შიშის ზარს სცემდა განდიდებულის ყველას სახელი,
(სარტყლის შემომრტყმელს შვიდი მელამის ერტყა სარტყელი).
როს შვიდგზის ცოდვით შვიდი აბჯარი ტანზე ახარა,
ბრალის სიმრავლით სათნოებამ თავი დახარა.
რას უშველოდა ნაგვიანები ხალხს ცრემლთადენა,
თუ დევად იქცა ცოდვის სიუხვით ეს ცეროდენა.
ან რა აზრი აქვს,შორიდან დევს თუ ვუჩვენეთ ენა,
შიშით პატარა თუ ვართ,იგია როს ამოდენა?
მოკვდავისათვის შვიდი პერანგით შეკრული ველი
შიშს იწვევდა როს დევი რჩებოდა გაურღვეველი.
ეუფლეოდა მისგან სუყველას გაურკვეველი
მწუხარება და კაეშანი დაუძლეველი.
ან ვინ დასძლია,რაშიც არ დევს ღვთიური ხორცი,
(თუნდაც გიცავდეს სიმბოლური ნიშანი ოცი).
ნიშანი მზისა,რომელიც ანის მესამედია,
სხივებთან ბრძოლა,ცოტა არ იყოს,გასაბედია.
მხეცის მელამი-მაგიური ცეცხლის მშობელი,
სხივის ლაპლაპით იყო მხეცისგან განუყოფელი.
ელვის ისარი შორს აღწევდა ცხოველმყოფელი,
იხრაკებოდა მისგან შორს თუ ახლოს მდგომელი.
მხეცის გარშემო შვიდი პერანგის ელექტრო ველი
იყო მომხვდურთა ენერგიის გამომწოველი.
როს იწყებოდა ბირთვიდან სხივთა გამოდინება,
მას უმიზეზო სევდის სდევდა გამოვლინება.
მხეცის ხელთ იყო სხივთა კონა დაუნჯებული,
მათი ზეწოლით ყველა ხდებოდა დამუნჯებული.
ვერ გადალახეს დანაღმული სხივებით ველი
ძმებმაც-გზა იყო შოკერისგან შოკისმომგვრელი.
ვიდრე ხელმწიფე უიმედობას ხარკებს უხდიდა,
მანამ ჰუმბაბა განწირულებს საფლავს უთხრიდა.
-მხოლოდ მკვდარი თუ მოვესწრებით ომის დასასრულს,
თუ არ ვიღონეთ რამე,ვნახავთ აქვე აღსასრულს...
8
"ნახლაფთი აფლუხთი ფულხათი ხალიფ-მა,
მელამმუ-შუ რაშუბათი აფირ რაშუშ-შუ"-
("ენუმა ელიში")
-ფურის ნაშობი მოდიხარ რქებით,
თუმცა ვერ ხარობ
და ნაადრევი ილუზიებით
ბოჩოლა ხარობ.
ხომ არ გგონია,შენს სამშობლოში,
ურუქში ხარო?
მტრად თუ მოსულხარ,დროა,
საფლავი რომ გაგითხარო.
თუ გადმოლახეთ საზღვარი ანუ
გააპეთ ხნული,
გიხილოთ ერთმანეთის სისხლით
პირმოთხუპნული.
***
მოვდივარ შავი აფრითა,
შიშებითა და ზაფრითა,
სანამ აღმართს ხნავს ძალა კვლავ,
შიშით და ძალით მანამ ვკლავ.
ჰაიმ ბაბა და ჰუმ ბაბა,
უძლეველი ვარ ჰუმბაბა.
ერთი ვარ ტყეში თუ ბაბა,
ჩემია შიშის ყულაბა.
ადამიანის სუნი მცემს,
მას მოაქვს ტყეში დებოში.
ლუგალბანდის ძეს რა უნდა
ნეტავ ჩემს სამფლობელოში?
ევოლუციას უწოდებს
დანგრევას ადამიანი,
სამტროდ მოსულა ფურის ძე,
პირზედ ყვითელი რძიანი.
ჰაიმ ბაბა და ჰუმ ბაბა,
შემეჯიბრებით,თუ აბა,
ძმადნაფიცებო ღონეში,
სანამ გაგაკრათ თონეში?
რაც უფრო ბევრს ვეზარები,
მით უფრო მძიმე ზარები
გაფართოებულ თვალებით
მაქვს შიშის მჭმელთა ვალებით.
ამ ტყეში ჩემი შიშითა
ვეღარ ყიყინებს ბაყაყი.
ერთი ვარ ტყის მოურავი
და განძის მცველი ბაყბაყი.
ვისაც ჩავხედავ თვალებში,
ქვა იყოს გაშეშებული.
გავხადო მისი სიცოცხლე
სიკვდილზე დაგეშებული.
მომიახლოვდით,ჯუჯებო!
დღე დაგაყაროთ შავიო,
ცოცხლად ჩაგყლაპოთ ორთავე,
(მიყვარს მოუხარშავიო).
გულს შეგპარვიათ იჭვიო,
სათქვენოდ გინდათ ფიჭვიო
და აგიგდიათ თავიო,
ბრიყვებს მოუმართავიო.
კედრებისაკენ გილგამეშო ნუ იყურები,
თუკი არ გინდა დაგაყრევინო ტყეში ყურები.
სიკვდილის ძებნით გამოგივლიათ თუ რომ გზა გრძელი,
სტუმრებო,გელით სიკვდილი!-თქვენი ვარ მასპინძელი.
9
ძმებმა გადაწყვიტეს ენლილის ქარებისთვის მიემართათ თხოვნით
-დევის მფარველი გადმოვიბიროთ უნდა ენლილი,
"დიდ მთას"მივმართოთ,თუ ვართ წარწირვის წრით წაწყმენდილნი.
-ქარების პატრონს ვთხოვოთ,ჩვენი ხმა ყურში თუ ესმის,
ხმა გაიგონოს მღაღადებელი კედროვანს მწყემსის.
გაგვარღვევინოს მხეცის აურით შეკრული ველი
და შვიდი ტყავის პერანგი,დევის ტან-საჭურველი.
-შენც ხომ მწყემსი ხარ,ენლილო,ოღონდ სამყაროს მწყემსი,
როგორც მწყემსს მწყემსის და მაინც მწყემსს,ჩემი ხომ გესმის?
სანამ ურუქში არ მივსულვარ,მგზავრი ვარ მწირი,
მხოლოდ იქა ვარ ხელმწიფე,სადაც სიტყვა მაქვს ძვირი.
სანამ ვარ მეფე საზღვარგარეთ გადახვეწილი,
ვაითუ,განერიდოს ეულ ქალაქს ენლილი?
ვაითუ,სიტყვად ვერ დალაგდეს ენაში ბგერა,
ქაოსში ეშმამ დანისლულ გულში დაიწყოს ძგერა?
ბნელით მოცულში გაიფანტება,გაწყდება ფარა,
თუ მწყემსი მისგან შორს წავიდა,ან გაიპარა.
თუ ვერ დაიცავს ქალაქს მელამი მეფის და ტაძრის,
გახდება მსხვერპლი იგი შიმშილის,სენის და ხანძრის.
რასაც მარდუქი აცოცხლებს იმას ერჩის აშური.
იგი იქაა,სადაც მატულობს სიძვა და შური.
ერჩის მშვიდობას,სულდგმულობს იგი რამეთუ ომით,
იმარჯვებს კაცის დამარცხებით,ანუ შეცდომით.
ქიანას ერჩის უმეფობაში ის წინათგრძნობით,
რომ გაიმარჯვოს ძმამ ძმაზე,ოღონდ,ძმის სისხლის ძღომით.
ჩასაფრებული თანდათან იპყრობს ქვეყნის საფარველს,
როს ქვეყნის მეფე სამეფოს კალთას აღარ აფარებს.
ყველა კაცს ქვეყნად ვალი აქვს და თავისი როლი,
ანუ საკუთარ საჯილდაოზე ქვები სასროლი.
რომ არ დაუდგეს ურუქელებს მძიმე ტაროსი,
მე დევთან უნდა ვიჯილდაო,დავგმო ქაოსი.
თუ ვერ დავბრუნდი,ჩემს ხალხს ქაოსში გაფანტავს დრონი,
დალპება ყანა-უგუთნისდედოს არ ჰყავს პატრონი.
დაქვრივდეს ქალნი,ვეღარ ნახონ საწოლს საქმრონი,
-იქნებ,ამ ომში ქურ-გალო,ჩვენი გახდე პატრონი?
-უნდა ვიჩქაროთ!ფარას ჰფარავდეს უნდა მწყემსები,
უნდა ვიჩქაროთ!დედას თუ ვერ ვეალერსები,
უნდა ვიჩქაროთ!დამწყვდეულია ცხვრები ფარეხში,
უნდა ვიჩქაროთ!სანამ ტურების ატყდა თარეში.
ვაითუ,წყალი აღარ მოსჩქეფს კალაპოტებში,
ვაითუ,მატლმა დაიბუდა ხეთა ტოტებში.
ხორშაკის გამო წყალი ნახირს არ დარჩა ჭალას
და იცოხნება ბალახის ნაცვლად დახრუკულ ჩალას.
ვაითუ,ურუქს უდაბნოსაა უკვე ქვიშანი
და "ფუტურო ბზე“შიმშილისაა ცხადი ნიშანი.
უნდა ვიჩქაროთ!თუნდ,გზა გვედოს სადღეღამისო,
უნდა ვიჩქაროთ!სანამ არხი ქვიშით გაივსო.
ვაითუ,ხარებს სადგომიდან აღარ დევნიან,
ვაითუ,გზები სიმოკლეობით ვეღარ მშველიან!
ურუქის დედალს,ვაითუ,ერჩის სხვისი მელია,
ვაითუ,დედას მოთმინება გამოელია!
ვაითუ,ოთხივ კუთხით უთუს ქარი ავარდა
ჩემი ყანიდან... ხორბალი კი სხვაგან დავარდა.
ვაითუ,დედა აღარ მყავს უკვე,ან მყავს ავადა,
ვაითუ,გუთიელებია სახლის კარადა.
მწყემსი-სიპა-ზი მაშინ იმარჯვებს,როგორც მარჯული,
ოდეს ხალხთან დგას და არაა ხალხი ტანჯული.
თან დაცული აქვს დედაქალაქის ენა და რჯული,
შორსაა მისგან ურჯულოთა ხიბლი ქაჯური.
ჩემი ქალაქის სიცოცხლის ხეს გადატეხს მეხი,
დაიქსაქსება "შავთავიანთა"თუ რომ ფარეხი.
გაიფანტება დაობლებული ურუქის ხალხი
და პირად-პირადს სამგლოვიარო და შეცვლის თალხი.
უმეფობა ხომ იმთავითვე ხალხს შეეხება.
გაშობილაში ფარა უფსკრულს გადიჩეხება.
თუ თავი არ გაქვს,სად წაგიყვანოს ოდენ ფეხებმა?
თავისუფლების ამგვარ სწრაფვას,სჯობს შეფერხება.
მწყემსი ბელადობს,იგია არვეს ლიდერი ბოტი.
განა უფლება?ვალია მისი,დაგმოს ბოროტი.
ცოდვის წანწალით,მაწანწალა წაწალი წლები
სანამ ჩამწიხლავს,მწყურვალი წყაროს წვეთს გეხვეწები.
დავეხეტები სანამ კედროვანს მეფე ეული,
ვაითუ,თავად ურუქია მტრით დარბეული.
მაღნარში შენზე მაღალს ვის ვთხოვო მეტყოდე,ან კი,
შენ ჰფლობ ქი-ანას,შენ ორად ერთი აქციე ან-ქი.
ცისა და მიწის განწვალებით გიპყრია სივრცე,
ენლილო!მეფეს იწროებაში გზები განმივრცე!
შუასკნელიდან ჩემი სუნთქვა ქვესკნელს არ მისცე
შენი ქარებით თავქარიან ურჩხულს სიმტკიცე
გთხოვ,შეუნგრიო,
დიდო ენლილო!
10
ენლილმა ისმინა გილგამეშის თხოვნა
-როგორც სიჩქარე,დაყოვნებაც არ ღირს ნამეტი,
შენს მხარეზეა როცა ქართა ჯარი ცამეტი.
ბედი არჩევნს ყოველთვის გვაძლეს სულ მცირე ორში,
იღბალს დროულად უნდა წვდე ორთავ ხელით ქოჩორში.
თუ ზურგს შეგაქცევს,კეფაზეა იგი ქაჩალი,
დაყოვნებულმა წინსვლის ნაცვლად შეჰქმნა ჩანჩალი.
ვერც წვერში შეწვდე (ყველა ლონდრესთან ქოსაა იგი),
ასე რომ,ბედთან დაიჭირო ღირს თადარიგი.
თუ რომ დევია ჯადობაზი და ჯადოქარი,
ოთხივე მხრიდან მივუქსიოთ მას ჯადო ქარი.
აღმოსავლეთის და დასავლეთის,
ჩრდილოეთის და სამხრეთის ქარით
ამხედრებულნი ეცნენ ჰუმბაბას
და შეუმტვრიეს გვერდი მუქარით.
შამაშმა კუთხის ქარებს დაურთო ზედ სხვა ქარები,
არ დააყოვნა,საქმეები ჰქნა მან ნაჩქარები.
გააფთრებული მეხუთე ქარი ურჩხულს უტევდა-
ერქვა მესტვირე-სტვირით ტყის ბოტს ტვინში უსტვენდა.
მეექვსე ქარი,უდაბნოელი-სამუმი ცხელი,
სულთამხუთავი ყოფილა თურმე მეტად ფიცხელი.
როგორც ველური,მომთაბარე,ფერად წითელი-
უწვავდა სამოსს.დატოვა დევი ლამის ტიტველი.
მოჰქონდა ყელის სიმშრალე და მოჰქონდა შკვალი,
რასაც შეეხო,დააჩინა უდაბნოს კვალი.
სისხლი გაუშრო ჰუმბაბას,ბნელში დაატყო ბრალი,
ბღაოდა მხეცი ხორშაკისგან პირხახამშრალი.
მეშვიდე ქარი,ნეკრესელი და იყო ავყია,
დიდი ჯანჯღალით მან ფეხზე მდგარი დევი არყია.
მერვე გამოდგა ძვლების გამჭოლი და განმგმირავი,
მუხლში ეკვეთა მხეცს,დააჩოქა კვნესით მგმინავი.
უმკლავდებოდა ძნელად დევი აღვირახსნილებს,
გამეტებით რომ სცემდნენ სხივებს,ეჭვით დაბწნილებს.
მეცხრე ზედ თავზედ დევს დააცხრა ვითარცა სვავი
მოულოდნელად. იყო ძარღვებში სისხლის მსუსხავი.
ქარი მეათე -ყავისფერი და მძორიჭამია:
-განა პირადი? სამსახურში ვარ,ჩემო ძამია!
მეთერთმეტემ კი შუბლზე სიკვდილის დაადო ხალი,
ეძგერა ურჩხულს ჭალიკონი -ზღვის ქარიშხალი.
ფეხქვეშ საყრდენი გამოაცალა ცხოველს წერტილი
და ააბღავლა მუხლებზე ტყავგადაცვეთილი.
მეთორმეტე ქარს ხელზე ბეჭედი ბედის ეკეთა,
ერქვა სიმურუ და ურჩხულს იგი ყელში ეკვეთა.
სიკვდილის როკვით შეიქმნა ქართა შაბაში-ბუქნი,
ყალყზე შემდგარი აქეზებდა ქარებს ქარბუქი.
ძრწოდნენ ქარები,რომ აღმოეფხვრათ ცოდვა მონური
და ამ დროს ქარებს შორის ერქვა ერთს დემონური(?!)
რიგით ცამეტი-დევისთვის მეტად გამოდგა თარსი,
თუმც,ვერ გაეგო დევს დემონთან ეს უცხო ვალსი.
ან სხივების ბირთვს რატომ ზღუდავდა ქარების გარსი:
-ბოროტი ბოროტს მერჩის,რაზეა ღმერთო ბაასი?
ვეღარ აუღო დევმა მუღამი ქარის ქცევასა,
გიჟური ვალსი,ცოტა არ იყოს,არ "დაევასა".
ქართა ხუვილი თავის ქალის უწევდა წნევას,
აიძულებდნენ თავის ჭკუაზედ კედრებსაც რწევას.
***
სიკვდილს გაეღო ფართოდ კარები,
თმებით ითრევდნენ კედარს ქარები,
ნერგალს უხმობდნენ ქარის ზარები,
ხე ეცემოდა,ნაიარები.
ამ ტარაბუა ქარებს მოჰყვა სიკვდილის წვიმა,
მძიმე სურათი კიდევ უფრო რომ დაამძიმა.
შავი ბურუსი გახდა ყოვლის ირგვლივ მფლობელი,
დაპატარავდა შიშისგან მხეცი,შიშის მშობელი.
წვიმის გახსნილმა მეორე ფრონტმაც ძლიერ იძალა,
ქარით ნაცემი დევისთვის მანაც როს მოიცალა.
სირიისა და ლიბანის მთებმა ამბობენ იმ დღეს
გვერდი იცვალეს და შიშისგან ფეხი აიდგეს.
***
სიკვდილი,როგორც ნისლი,
ისე ჩამოწვა ტყეში,
დევის ნაფეხურს კვალი აუღო
ტყის სიბნელეში.
ცამეტი ქარით დაჩმორებული
ბაყბაყი დევი
ტიროდა,როგორც პატარა ბავშვი,
ღამენათევი.
11
"დიდთა რას ვაქნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი"
(რუსთაველი)
ქარებმა მხეცი დაატორტმანეს და რამდენიმე მელამიც შემოახიეს.ჰუმბაბა ერთხანს თავის ბუნაგში მიიმალა ჭრილობების მოსაშუშებლად და სულის მოსათქმელად.
ამ დროს უხილავი შამაშის ხმა გაიგო გილგამეშმა მზეთუნახავ სრულ სიბნელეში:
-შვიდი აბჯრიდან როცა დარჩება მხეცს ტანზე ერთი,
ეს ნიშნავს,რომ თქვენს მხარეზეა სუყველა ღმერთი.
სანამ ერთმანეთს ექვსი ცოდვა ებრძვის ერთ ხარში,
შეტევის დროა,ამოუდექი ძმას ძმაო მხარში.
საჭირო დროზე უნდა დაესოთ საჭირო ადგილს,
დროული ბრძოლა შანსს მოგცემთ,თანაც ომს გახდის ადვილს.
აისრულებდეს თავის დროზე ის გულის წადილს,
ვინც საქმით გასცდა გაუთავებელ მუქარა-ქადილს.
როდესაც შვიდი ჯავშანი ურჩხულს ტანზე აცვია
და იკბინება მისი ყველა რადიაცია,
სისულელეა მაშინ ძალის დემონსტრაცია,
სხივებთან ბრძოლას აჯობებს მათი იზოლაცია.
სანამ სუყველა მელამი ტანზე ჯერ არ მოირგო,
ცოტაა შანსი,თუმცა არსებობს,ომი მოიგოთ.
გიჩვენოთ ბნელში,მიეჭერით,სადაც იხილოთ...
როგორც მზვერავმა,ისიც მინდა რომ გაგიმხილოთ,
სუსტია,სანამ არ აღიძვრება სუყველა აბჯრით.
კარგი იქნება,თუკი ჩუგლუგით მანამ დაჯაბნით,
არ აღიჭურვა შიშის მფრქვეველი სანამ ზარებით,
ერთაბჯრიანთან იყავით მშვიდად...თუმც,შედარებით.
ძალა კი არა,გამოიყენეთ მისი სისუსტე,
დრო შეარჩიეთ და მოზომეთ დარტყმის სიზუსტე.
თუ ბრძოლის ჟინი გათვლილია და ვერსად ეტევა,
უკანდახევას მაშინ აჯობებს დროზე შეტევა.
***
ამ ლაპარაკში მოესმათ უცებ ხმა შემზარავი,
ააზანზარა რამაც მიწა და დევის კარავი.
იხედებოდა ხმიდან ზიზღი დაუფარავი,
მხეცს ხმა უსწრებდა,ხმის უკან დიდხანს ჩანდა არავინ...
და უთხრა მეფემ ენქიდუს ამ ხმის გაგონებაზე:
-განა ყოველი იქნების,ძმაო,მხეცის ნებაზე.
ის ძლიერია,ოღონდ ერთია,ჩვენ კი ვართ ორი
და ორ წიწილას ძნელად წაიღებს ერთბაშად ქორი.
12
-ამ ქარბორბალას როგორ ვუთხრათ,ძმაო, ჩადექი?
ჩვენ მოკვდავნი ვართ,მისანია როცა ჯადექი.
-თითქოს კაცს ჰგავს,ადგილზე აქვს
ორგანო და ყველა ასო.
-თუმცა ელეჟვერაა და
შესახედავად უმსგავსო.
-წელს ზემოთ უხვი ჯაგარი
ტანს ასხია ღორივითა,
ცეცხლს თუ აფრქვევს,ვით მივიდეთ
უწყლოდ ცეცხლთან ორი ვითა?
უძლეველი კია,ოღონდ
ერიდება მაინც მახვილს.
-მასთან ახლოს ვინ გაბედოს,
თუ ვერ ვუძლებთ შემოძახილს?
-განა ყოველთვის ისე წვიმს,ძმაო,
როგორც ცაში ჰქუხს,
იქნება,გული დროზე ადრე
ამაოდ გვიწუხს?
-ჩვენი შიშია დევის ბეზეკი
და მისი ძალა...
-თუმცა,პანიკის ველმა
ძალა გამოგვაცალა,
დავჯდეთ,დავფიქრდეთ,
რაშია ჩვენი ძალა და ფორა?
-მე,ვით პირიმზეს,ტანს მაცვია მზის ანაფორა.
-მე ძალას მმატებს ძმის ერთგულება
და მეგობრობა.
-დევის სისუსტე არის მისი აბჯრების მტრობა.
ჩვენთვის მზე ცდილობს,იკისრა მთვარემ
ჩვენთვის განმსტრობა.
-ჩვენ აზრს გავცვლიდეთ...
-აწუხებს როცა დევს უაზრობა...
-ჩვენ გვერდიგვერდ ვართ მაშინ,
მხეცი მარტოა როცა,
ჩვენს აქტივშია მეგობრობა და...
- დედამ ილოცა!
-სანამ მოქიშპე ექვს აბჯარს
აყაყვა დევი აშველებს...
-მანამ ერთი ძმა მეორეს
საკუთარ მხარს შეაშველებს...
-მეგობრები ვართ და ორს გვაქვს ერთი დიდი მიზანი-
ჩვენ იმედი გვაქვს,შემოაღწევს ტყეშიც ისანი.
-გამოვიყენოთ მტრობა დევის ჩვენ აბჯრისანი...
-მოვიშველოთ ბნელის მზვერავი-სხივი მზისანი.
ერთი ერთია,მას არ უმშვენებს გვერდს თანასწორი,
ერთ უმეგობროს გადასწონის ძმობის სასწორი.
ერთი ერთია,ერთს მოუგებს ჭკუაში ორი,
-თუ რომ ორიდან არცერთია პანიკიორი.
ჩვენ გვიცავს ძმობა,აყაყულია თუმცა გრძნეული...
-საკუთარი ტყის საპყრობილეში
გამომწყვდეული.
-თუმცა სახლშია,
მისია ტყეში ტერიტორია.
-ოღონდ ერთია,ერთზე ყოველთვის მეტი ორია.
-იგი ტყეს იცავს...ერთი შეხედვით,თითქოს სწორია...
-და მაინც...დევის უძლეველობა,იქნებ,ჭორია?
ერთი-ერთია,
ორი-ორია,
ორს თუ იმედმა
მოგვიბორია,
იქნებ,მოვუწყოთ
კურმუხეთის გზით
დევს ჯანდაბამდე
კორიდორია?
-იქ,სადაც დევი რკინაა,
ფარად მოვირგებთ ძმობასა
და უფლის ნებით ავლაგმავთ
ჰუმბაბას თავნებობასა.
-მოგვერევა ორ ძმას ვერა
ერთი დევი,ელეჟვერა.
-ვერა!
-ვერა!
13
"მტერი რა კაცსა მტერობით ვერას დააკლებს, დაემოყვრების და მით გაუსრულებს მტერობას"
(საბა)
მიუხედავად ქარების და შამაშის მცდელობისა,ძმების ყოველგვარი მეცადიონეობა მაინც ამაო გამოდგა.მიუხედავად იმისა,რომ ისინი მიუვარდნენ ქარებით კანაქერცლილ მხეცს ბუნაგში,შეძლეს მისი იქედან გამოყვანა,თითქოს რამდენჯერმე მასზე პირდაპირი შეტევის მცდელობაც ჰქონდათ,მაგრამ ყოველი ცდა უკანდახევით და კრახით მთავრდებოდა...უძლეველის დაძლევა შეუძლებელი იყო და ძმებმაც გადაწყვიტეს ტაქტიკის შეცვლა.
-სადაც არა სჯობს,უპრიანია იქ მოხერხება,
თუ მითუმეტეს,ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ეხება.
ვინ ნახა თესლი,კეთილი რომ თავად ხარობდეს,
გაუმარგლავი სარეველაზე უკეთ ჰყვაოდეს?
-ბრძოლაში გამარჯვებულებს
არავინ ასამართლებსო.
ან-ქი,სად შეხვდი ამქვეყნად,
მებრძოლებს,ცამდე მართლებსო?
სადაც მიზანი დიდია,
ძოღან ტყუილიც მოსულა.
გინახავთ,თევზი ზღვებიდან
ფეხებით რომ ამოსულა?
-თუ მკბენენ სხივის ხვლიკები,
გამოვიყენო ხრიკები,
შემწვავდეს სანამ მე ლამის,
გამოსხივება მელამის.
ვინც მდინარეს ვერ გასცურავს,
ფონს ეძებდეს ღელესაო,
ხოლო ბრიყვს კი უკეთესად
ხმალი უნდა ელესაო.
არას არგებს უღონობით
მებრძოლს მოთქმა და კვნესაო,
ღონეს ხერხი გახერხავს თუ,
ლიზღი ამბობს სათქმელსაო.
----------------------
რაა სიბნელე
ჭარბი სინათლეც თუ დაგაბრმავებს?
რაა სიმართლე ,
თუ ტყუილი
ტყეს გაატყავებს?
რაა სიმწარე
თუ რომ ტკბილი
დაგაავადებს
რაა სიმაღლე
თუ დაცემული
დემონს დაბადებს?
14
"მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია"
(რუსთაველი)
-დევგმირს ორი მჭლე რას გიზამთ,
ცოდვით ხარ ვინაც მაძღარი?
ძალა ხელთა გაქვს,ერთი ხარ
დოყლაპ...
უკაცრავად...
ბელტიყლაპია და ხარი.
-ვაღიარებ,უძლეველი,
ერთადერთი შენ ხარ დევი.
დავფიქრდი და ეს უოხჭნო
მტრობა ჩემგან გადავდევი.
ან კი,შუღლმა კარგი სადმე
რაი ჰქნა და დათესაო?
მიჯობს,დევი დაგიმოყვრო,
ანუ დაგინათესაო.
შენც ნუ მიგებ მახესაო,
სჯობს,მივხედოთ საქმესაო.
არც შენ გავნებ,არც ხესაო,
გიცნო,გნახო სახესაო.
-შენს ვადიდებ სახელსაო.
არც მოვუშვებ აქ მზესაო,
არც ათინათს სხვა ფერსაო,
დაგილოცავ გამზრდელსაო.
-ვერ ვართ პატარა მადლითა
ნაცოდვილარზე დიდიო.
მუხლს გიყრით და მოგვიკაკვავს
შენს წინ ორივეს თითიო.
ბევრი მყვა ლამაზი ქალი,
დაი და ნათესავიო.
აბა,რას გვარგებს ქიშპობა,
კარგ ომს ცუდი სჯობს ზავიო.
გაუთავებელ ბრძოლისა
აღარ გვაქვს უკვე თავიო.
მო,გადავხვიოთ ერთმანეთს
სიძე-ცოლიძმამ მკლავიო.
მერე კი ნათესავებმა
ხვავს მივუმატოთ ხვავიო.
შენ ძლიერი ხარ,არც მე ვარ
ამ ტყეში დასახვავიო.
ვიყოთ განცხრომით და ჩვენს ბედს
ვერ კი დასჩხავლებს ყვავიო.
დამიყვავებდე,მეტყოდე:
-აქამდე სად იყავიო?
-ჩამოიხსენი შოკისმომგვრელი სხივის შოკერი,
რამეთუ მისგან შოკში ვართ ლომის ორი ბოკვერი.
-ჩემი სხივებით,იმ მიწას ვიცავ,რაც მომაბარეს
და არ დავუთმობ ჩამოთრეულ მას მომთაბარეს.
საკუთარ წერას აყვანილი
ჰყავხართ საწყლები,
სიხარბით სხვისი გინდათ ტყე და
ევფრატის წყლები.
15
-დედა ნინსუნას დედლებო,
ვერც ამიფრინოთ ოფოფი,
როგორ გგონიათ,დაჩაგრავს
ერთ ლომს,თუნდ ორი შორშოფი?
შაკიკმა შეგაწუხათ და
მეშიკრიკებით შათირნი,
მონადირე ხართ,ოღონდაც
ვერ გაგითვლიათ ნადირნი.
ჩამოთრეულხართ შორიდან
ორი შეშლილი აშარი,
ხმალსაც არ ვიხმარ,ჩაგკბიჩოთ,
ეშვია ჩემი შაშარი.
"ბლაბლას"ქადაგებ,გილგამეშ,
პოლიტიკოსი გაქნილი,
არადა,ჩემი ტყე გინდა
კედრისგან იავარქმნილი.
კეთილის ნიღბით მოსულხართ
ბნელში"ნათელის"მხედრები.
დროა,რომ გიქოთ ორთავეს
გამზრდელი (თუ გყავთ) დედები.
თქვენ მე გგონივართ ბრიყვი და
გგონიათ დევი ვარ ვირი.
არადა,მომეხსენება,
კედარი არის რა ძვირი.
რომ შავ ბაზარზე ყოველდღე
ძვირდება მრავალწლოვანი...
ხეა მიზეზი,საბაბი-
"სახელი სახელოვანი!"
ვიცი,მოსვლამდე გიკითხავთ,
ჩემი ხეების რომ ფასი,
ვაჭრუკანები ყოფილხართ,
ვითომ ღმერთების ტოლფასი.
მოსულხართ რეიდერები-
ყაჩაღი და ავაზაკი.
სარფს ეძებთ-ვით ბიზნესმენებს,
ტყეშიც მოგინდათ სარვაგი.
საგმირო რომ აიმაღლოთ,
თითქოს,მოსულხართ აქ მისთვის.
არადა,ყაჩაღები ხართ-
ქურდობაში ხართ ძმა ძმისთვის.
გადმოგიგდიათ,ვითომდა,
მჭერმეტყველობით ენები.
ამ დროს ხართ პირწავარდნილი
თაღლითი ბიზნესმენები.
არ მინდა ჩემს სამეფოში
სულდგმული,თუნდაც პეპელა.
ვინც ვერ შეიგნო,მოხვდება
ჩემი მელამის წკეპელა.
არ მსურს,დევის ტყე გაივსოს
ცოდვებით მძიმე კაცებით.
მიჯობს,მოგკლათ და შევმოსო
დედა-ქალაქი ძაძებით.
არ მინდა მყუდროებაში
კაცის სიცილი,ხორხოცი.
კვლა შეუგნებლებს გაჭამოთ
მე ერთმანეთის თქვენ ხორცი.
მიგროვებია საჭურჭლე,
შემოჰხვევია მას გველი
და ვერ გახდება კაცუნა
ჰუმბაბას განძის მფლანგველი.
-ვით მოვინდომო მე განძის
წარტყვევნა,ტყვე ვარ ტყის როცა.
იმას დავჯერდე,რაც მაქვს და
განგებამ რაიც მიბოძა.
16
-ჩემი შიშით არ უვლია
ჯერ აქ ჭიან-
ჭველასაო,
ხოლო თამამს,ხეს ვინც მოჭრის,
ყელს გამოვჭამ
ყველასაო.
სიტყვის კორიანტელი და
გაქვთ ლაქუცის ფაღარათი.
ჯერ გიჟივით მომივარდით,
ამიტეხეთ ჯაშარატი.
არ გარგიათ ოხროხინე
დევთან ჯუჯებს ყიბარჩობა,
სამჯერ დავაცემინე და
ყურად თქვენგან მესმა ხრჩობა.
ჯერ თუ მეძიძგილავები,
გვიანია გამარჯობა.
გილგამეშო! აქ ჩიტიც კი
ვერ ჰფრენს ჩემი შიშითაო.
-არც მე გავუკეთებივარ
ლუგალბანდას თითითაო.
-ცაი არის ფრინველისა,
სოჭის ტყე კი ჰუმბაბასი.
ფეხს ვერ მომჭამს ლუგალბანდას
ნაბიჭვარი,თუნდაც ასი.
უკვდავების წყალი მისვამს,
ამოვხრუპე ფსკერით თასი.
შენ კი მოკვდავს დაგავიწყდა
სიცოცხლის და სოფლის ფასი.
მოსულხართ ქონდრისკაცები,
დევს მეჯიბრებით ძალაში.
საქმესაც მირჩევთ...გგონიათ
თავი ურუქის ჭალაში.
ან რატომ ყივით?ტყუილად
რად ავარჯიშებთ აქ ენებს?
დაგგლეჯთ და მიდამოვფანტავ
თქვენგან დარჩენილ ნაფცქვენებს.
თუ ხელს მოგიჭერთ,ჩაგმალავთ
ორივ ქონდრისკაცს ცალ მუჭში.
დაუღეჭავად დასრულდეს
თქვენი გმირობის გზა კუჭში.
ვინც კედროვანში მოვიდა
და ჩემი გახდა მჭვრეტელი,
ვიქნები მისი სიკვდილის
დაუღალავი მჭედელი.
დროა,შეეშვა,გილგამეშ,
ჩემს ტყეში ჩუკენობასა!
დაგიჭერ,დედას გიტირებ,
უცებს მოგიყვან გრძნობასა!
რა განგებამ და რა ქარმა
გადმოგისროლა აქ ვირო?
რაღა ჩემს ტყეში მოგინდა,
რომ აიმაღლო საგმირო?
აქ მომივარდი სახლიდან
გამოქცეული კურდღელი.
თითქოსდა,კედროვანია
მეფეთა ნავთსაყუდელი.
ვერ დაატიე საჯდომი
ურუქში და მოგზაური
საკუთარ სახლში მომიხტი,
ატეხე აურზაური.
ტყეში ხართ,ნუ გეგონებათ
თავი ურუქის ქუჩებში.
სანამ ჩაგყლაპავთ,გაკოცებთ
ქალაქელ დედლებს ტუჩებში.
შავ ტყეში თეთრი ნინსუნა
ვეღარ მოგისწრებთ ლოცვითა,
სანამ დაგხოცავთ,დაგაძღოთ
ერთმანეთისა ხორცითა.
17
-ყველას თავისი ზნე ერჩის,
ვინც გაჭრილია ველადა.
ან საქმეს ეძებს,ან სახელს,
-ან სატრფოს უეჭველადა.
-ჩემო დევიკო,უცოლოდ
ჩუკენობ ტყეში თავადა.
მოზღვავებულმა სურვილმა
ხელიც გადაგიტყავა და
უსიყვარულოდ,ვაი,რომ
კიდევ ბევრი დრო გავა და
მოგიწევს დიდხანს მარტოკამ
კვლავ აქიცინო გავა და
მე კიდევ ლამაზები მყვან
ვნებათა მოსარწყავადა.
იცი,უკვდავიც ბერდება,
სურვილის ჟამიც წავა და
თუ ვერ იქმ მამლაყვერობას,
თმენა გაგახდენს ავადა.
ლამაზი ქალი გჭირდება,
ვნებათა მოსახნავადა.
უკვდავი კი ხარ,მაგრამა,
თუ გიფიქრია წამითა,
თუ დედალს არ გაიკარებ,
როგორ იყივლებ მამლითა?
ამჯერად იმად მოვსულვარ
სამოციქულო ქვაზედა,
დევგმირი სიძედ მინდიხარ,
ვირივით ნუ ხარ ვარზედა.
საკუთარ სახლში გპატიჟებ,
საკუთარ ჯამში ჩაგისვამ
და დებში უფრორე ლამაზს,
ვით სიძეს ცოლად დაგისვამ,
რამეთუ ლამაზს ძლიერი
უფრო უხდება ქმრადაო,
ძლიერს კი ლამაზის ხელით
გამოცხობილი ქადაო.
წამოდი!დას მოგათხოვებ,
წამოდი შენის ნებითა!
ვითა იქმ მამლაყვერობას,
თუ არა შეგმანებითა?
-აამღერე შენი ძალი,
ჩვენზე იყოს პატარძალი.
ურუქს ნუშ-ქიშმიში ვჭამოთ,
ღვინო გასვათ,განა წყალი.
-ამბავს გეტყვი,განა ჭორსა,
ანუ ქარის მონატანსა.
ჩემს დას მოგცემ მამრი ხარ და
სად წაუხვალ მონა ტანსა?
-რადგან შიშმა წყენა იცის,
ხოლო წყენა ბრაზს დაბადებს.
უნდობლობას ნდობა გვიჯობს,
გაფხრეწს იგი იჭვის ბადეს.
-ან შენთვის რა ხეირია,
მტერი ვიყოთ შიშით მკრთალი.
სჯობს,ცოლისძმა გვერდით გეჯდეს,
შენი სადღეგრძელოთ მთვრალი,
განა შუაღვინო გასვა,
გასვა უნდა კაცმა შუმი.
ამ შუმაში შიგადაშიგ
ვჭამოთ მოხრაკული შუნი.
-ვფიქრობ,უნდა მაპატიო
უვიცობით რაც შეგცოდე.
ქალაქელი კაცი ვარ და
ტყის წესების რა ვიცოდე.
დავფიქრდი,აზრი ვიცვალე,სხვა ფიქრი შემომეგება.
შენც მარქვი რაიც სხვისია,კანონით რომ არ მერგება.
აბა,თავისი ნებითა სიკვდილს ქვე ვინ დაეგება?
დაუსრულებელ ქიშპობას მოყვარობა სჯობდეს,ეგება?
თუკი არ გინდა საცოლედ
ჩემი ზესნახე დებიო,
მეტი რა გზაა,
ენქისთან
ურუქში დავბრუნდებიო.
18
-ვიცი უქალოდ ქაქუნი
რომ დევსაც
ძლიერ გღლის,
არადა ქალთან ზიარი
გავლილ
სიცოცხლედ ღირს.
-ვითარცა უდაბნოელი
მონაა წვეთი
წყლის,
ყოველი მამრი მონაა
(თუ რომ ჰკიდია)
.ლის,
გილგამეშს კარგად უსმინე,
მან უწყის რასაც ბჭობს,
თუმცა თავადაც მოწმე ვარ,
ხელს ქალთან წოლა სჯობს.
-არ ვიცი,რა გიპასუხოთ,
აბა,რა გითხრათ,რა ვიო?
გილგამეშ,შენ თუ მწყემსი ხარ
შენი ვით გავხდე კრავიო?
აქ კი თავად ვარ თავადი
და ტყე მაქვს შესაკრავიო,
რომ არ გაჩეხონ კედარი,
თვალი არ ეცეს ავიო.
ხოლო,ვინც კედარს მისწვდება,
აქ ნახოს მან საფლავიო...
თუმცა,მეც მინდა თუ ქალის
ხელით კეთდება ფლავიო.
ესეც არ იყოს,მეც მინდა,
გვერდზე მომიწვეს ქალიო.
ლექსები ვუძღვნა,თუცაღა
სად მყავდა დევს აფქალიო?
-საქმეს ვამბობ,საქმე ქენი.
გასაყოფი,ან სარქენი
რა გვაქვს,ჩემო ნათესავო,
განა,შენთვის ხმალს ვლესავო,
ან შენთან ვით გაიმარჯვებს,
ვინც რომ ბრძოლა დათესაო...
-შენს გვერდით ვართ შენი საძმო
და მთელი სა-
ნათესაო.
-მარტოობის შიშმა შენშიც
ვხედავ,თვალი დაკვესაო.
უსიყვარულობას ტყეში
კვლავ გაუძლებ რამდენსაო?
ვით გაუძლებ უქალობით
მამრი მრავალ ღამესაო?
მეტი რაღა გაგიგრძელო,
არც რას გეტყვი რამესაო.
-გილგამეშ,თუ მართალს ამბობ
და ჩემთვის გინდა დებიო,
დავმოყვრდეთ!სიძე ვიქნები,
ცოლისძმას დაგთანხმდებიო?
მითხარი,ქალდეველივით
ოცნებით ხომ არ ვცდებიო?
დევი ვარ,მაგრამ ქალისთვის
კაცსაც დავუმოყვრდებიო.
-საელჩო ქვაზედ მიტომ ვარ
ჰუმბაბა,ჩამომჯდარიო,
მინდა გავფანტო ღრუბელი,
კეთილი მინდა დარიო!
ან ჩემთვის რა ხეირია,
კედროვანს ვეგდო მკვდარიო,
ან რად გეტაკო,თუ შენი
სუნთქვაც მწვავს,ვით ხანძარიო.
-თუკი სახლში შეგვიძღვები,
გაგიგრძელებთ სათქმელსაო,
იქნებ,ვახტანგურიც შევსვათ,
თუ იკისრებ სასმელსაო.
-ძმურად მინდა მოვიდე და
ვით მეგობარს მოგეხვიო,
ოღონდ მელამი არ მიშვებს,
ფერდში მირტყამს,ვით მეხიო.
ვერ გადმოვდგი მისი კბენით,
ბაყბაყდევო,წინ ფეხიო.
აღარ ძალმიძს დამთრგუნველ ველს
თავი ისევ ვაწნეხიო.
ძირს დააგდე მელამები
და ტანიდან მოიხსენი.
მოიშორე,როგორც ჭირი
და აზაგის როგორც სენი.
შოკისმომგვრელ ვიბრაციას
გვერდი სანამ ვახეხიო?
იქნებ,სხვა გზა მომიხერხო,
ანუ,მითხრა სხვა ხერხიო.
19
ჰუმბაბა მოტყუვდა,ჩამოიხსნა მელამი და ძმებიც უცებ ეკვეთნენ დევს
მრისხანებისგან დევარხანას სახე ეცვალა,
სიბრაზისაგან ღონე მუხლებში გამოეცალა.
ცუდია ომში უკონტროლო გამრისხანება.
-დევო!შემთხვევით კისერი ხომ არ გეფხანება?
-მომიახლოვდი,მოდი,თავხედო!
თვალებში მინდა ორგულს ჩაგხედო.
-გილგამეშ,თვალში ვინც ჩაჰხედავს და
ზურგს ვინც შეაქცევს,
მზერა გაჰყინავს,ზურგის მელამი
ქვად გადააქცევს.
-ლომი ხარ,მაგრამ შენ ერთი ხარ,ჩვენ კიდევ ორი,
ორმა ბოკვერმა ლომი მოჰკლას,დააგდოს მძორი.
-ყველა სიბრიყვეს უნდა ჰქონდეს საზღვარი,თუა,
მაგრამ ვინ ნახა,უტვინოს რომ უჭრიდეს ჭკუა?
მომიახლოვდი,ბრიყვო ენქიდუ!მოდი,თავხედო!
მინდა,"გაადა'მიანებულს" თვალში ჩაგხედო.
ბედის მაძებარს თუ გივლია აზომი,ყბედო,
იქნებ,საკუთარ სიკვდილთან ფეხით მოსვლაც გაბედო?
-ყურებზე ხახვიც არ დამაჭრა,ტეტია დევო.
წაგებისათვის განა,ტყეში კუდში დაგდევო?
დროა,დაგადო დაუბანელ კისერზე ხმალი,
დაგაყრევინო სხივ-მუზარადის ლაზერ-ფარხმალი.
-მოდი გილგამეშ!იქნებ,პირიქით იქეთ მე მელი?
ხარ ქონდრისკაცი კია სარტყლის წელს შემომრტყმელი?
-დევო,თავი თუ გგონია უძლეველი დიდი ხვითო,
სარტყელის შემომრტყმელნიც ვართ და საბრძოლველად გეძახითო!
-რაც არ გეკუთვნით იმის შოვნით ძმები იღლებით,
უსამართლობას მოსამართლის სჩადით ნიღბებით.
აქ თუ მოხვედით ე.ი. გაგსვლიათ ბალა-ყავლიო,
ღირსი ხართ,თქვენი ვენებიდან სისხლი დავლიო.
***
ეკვეთა მოზვერს ორი პატარა,მომცრო მოზვერი,
რას გახდებოდნენ მასთან,არ ჰყავდა ვისაც მომრევი?
თუმცა,ადინეს ერთხანს ზურგიდან ბუღი და მტვერი,
(ძნელია ომი,როცა ლომს ლომის ერჩის ბოკვერი).
20
ძმობილები ისევ ეკვეთნენ ჰუმბაბას
შეიქმნა ბრძოლა დაუნდობელი...სიტყვებით რა ვთქვა?
ელვის ქარებმა ირგვლივ ყოველი მოიცვა,შთანთქა.
ჭექა-ქუხილით ზეცამ სეტყვა მიწას არწყია,
ხოშზე მოსული კაკლები ქედზე წამოაწია.
-ჰუმბაბა თუა ტყეში უმაღლეს ხეზე მაღალი,
ავფრინდეთ,გული დავუცხრილოთ,როგორც ხახალი.
გავფინოთ ჩვენი საჰაერო ნოხი მორჩილი,
გამოგვადგება ორ ღვთიშვილს ერთი ოქროქსოვილი.
-ჩვენს მხარეზეა სანამ ენლილის სუყველა ქარი,
მფრინავი ნოხი გავშალოთ დედის ჩვენ ნაჩუქარი.
(ჯადოსნურ ნოხზე შემდგარი მეფე ცისკენ იწევდა
და სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ბაყბაყს იწვევდა).
გრგვინავდა ზეცა-ბუღა ხარი ამძუვნებული
და სეტყვით სვრეტდა მიწის საშოს ჟინით ვნებული.
გააფთრებული ენქიდუ ღრუბელს ღრენით არღვევდა,
(ებრძოდა ანტილიბანი ლიბანს,ცეცხლს რომ აფრქვევდა).
21
თუმცა,წონაში სხვადასხვა აქვთ კატეგორია,
ოღონდ ერთია ისევ დევი,ძმა კი-ორია.
წინ მიიწევდა დევის ელვა-ჩქარი ქორია,
ფართოვდებოდა თანდათან სხივთა ტრაექტორია.
***
-ან გამარჯვება...
-ანდა,გმირულად ომში სიკვდილი!!!
-ამოვირჩიოთ მებრძოლებმა,ხამს,ბრძოლის სტილი.
-ომამდე,იქნებ,დასაშვებია,ძმავ,რომანტიკა,
ომში მეომრის სტრატეგია და ბრძოლის ტაქტიკა
არის მთავარი... გადამწყვეტი,როგორც პირობა
და არ ღირს მხოლოდ გმირობისათვის ახლა გმირობა.
-აუთფაითერს დარტყმის სიჩქარის აქვს ხელოვნება,
მას შესაშური რეაქციით ბრგე ემონება.
-თუ რომ მელამი,თუნდაც ერთი,დევს ტანს აცვია,
მართლაც,აჯობებს გვეჭიროს მასთან რომ დისტანცია.
-გვირაბის ბოლოს თუ გვინდა ვნახოთ მზეში იები,
აუთფაითერს ჰმართებს,მოთოკოს ემოციები.
-ვნახავთ იებს და მოვესწრებით კიდეც ენძელებს,
დევამდე თუკი ჩუგლუგ-ნაჯახი ხელს წაგვიგრძელებს
და ძმებმაც აუთფაითერის მოირგეს სტილი,
თუმც,რას უზამდა ერთ ბაყბაყს ორი მკბენარა ტილი?
მეორეს მხრივ კი,თუ შეუწყვეტლივ დარტყმით ირჯები,
შეაჯანჯღალებს ბევრი ჯაფით ჯანიანს ჯები.
-მოგერიების რეჟიმს აჯობებს შეტევა დროზე,
თუ მითუმეტეს,გათვლილია ბრძოლა ორ ფრონტზე.
-ბევრის ქნით რახან გაადვილდების საქმე ყოველი,
იქნებ,ჩავარდეს ნოკაუტში ბოლოს ცხოველი?
-ჩვენ ასი ჯებით დევი მხოლოდ ოდნავ დავძაბოთ,
მან კი ერთითაც თუ არ მოგვკვლა,მაგრად დაგვჯაბნოს.
თუმცა,თუ დავღლით ვისაც სხივები აღარ აცვია,
მისავათებულს გაუჭირდება კონცენტრაცია.
ვერას დავაკლებთ,დევს ვით "სვორმერს",პირისპირ შეხლით,
დევს,რომელსაც სურს მოგვიახლოვდეს,გადაგვწვას ცეცხლით.
-ხელეწიფების ერთი დარტყმის დაგვაგდოს ძალით,
ასი დარტყმითაც ვერ გავაქციოთ როცა ბანცალით.
-ვით უძლეველი,გაუძლებს იგი ჩვენს ათას დარტყმას,
თავად კი ერთი ჯებით "down" ჩვენნაირ ათ ყმას.
-სხვა რიგის ძალა დარტყმის დროს თუ არ წამოგვეხმარა,
ორი ბოჩოლა გვაზმუილოს უზნეო ხარმა.
-ტრაბახით ოდენ რას გავხდებით? უძვლოა ენა,
გამოვტყდეთ,ძლიერ გაგვიძნელდება თავის დაძვრენა.
22
-მე-გილგამეში,შამაშისაგან
ვარ გულაღძრული
და საბრძოლველად მახელებს
ფუქუ-მიქუს დაკრული.
წინ ხარან-შამში,გზა შამაშის
მიდევს ბრწყინვალე,
მაპურებს იგი:"გვალე გილგამეშ,
გილგამეშ გვალე!!!"
ძეო მზისავ!
მზეო ცისავ!
სიცოცხლეო საწყისისავ!
შენა ხარ ბოლოს ბოროტის
ხერხემლის სხივით მხერხავი,
გაქვავებულზე სიცოცხლის
ბალახით ამომტეხავი.
მარ შამში,შამშუ შა,შამე!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!!!
შენი ვარ შვილი,შენი პირიმზე და შენი მართვე,
შენ გევედრები,მუხლი ომში ბურთს გამიმართე!
***
ძმების დევიზი:"ჯერ დაქანცე,დაარტყი მერე"!
როს დაიღლება მეტოქე,ხმალი უცებ ამღერე...
ცოდვის სათავე მიასავათე და მერე გლიჯე,
მის სხივებს თუ ვერ განდევნი,შუა მაინც გაგლიჯე.
-ჩვენ მეინახე ქარები გვერდით ამოვიყენოთ,
დევის ღონე კი ...
-მის წინააღმდეგ გამოვიყენოთ.
დევის დევი-
ზი:
-"ძალა აღმართს ხნავს და მე ვარ ბაბა"!
უძლეველი და ერთადერთი ვარ ქვეყნად ჰუმბაბა.
ვისაც ძალა აქვს,რა ბედენაა მისთვის გონება,
თუ შიშის ხიბლით ყველა ბრძოლამდე დაემონება?
***
როდესაც დადგა სტილის არჩევნის ბაყბაყას ჯერი,
ტლანქმა მოზვერმა ამჯობინა სხვა სტილს პანჩერი.
რას მიზამს ორი ქონდრისკაცი ჩემნაირ ახმახს?
ბევრ ფაფხურს ვარჩევ ერთ ლაზათიან ჩემებურ დარტყმას.
მოგერიების რეჟიმში ყოფნას არჩევდა მხეცი:
"რას დამაკლებსო ერთ გოლიათს ორი ნამცეცი"?!
***
გაურღვეველი მელამი გვერდით ვისაც არ ჰყავდა,
მას გარღვეული ჩუგლუგი უცებ ცხვირს უჭეჭყავდა
და როგორც სლაგერს არ ჰყოფნიდა გამჭრიახობა
დევს.მის კიდურებს არ ჰქონდა თავთან ქცევის თანხმობა.
ან ვის უნახავს სადმე,ჰქონოდა დევს რომ გრაცია,
ტვინნაღრძობს მეტად უჭირდა დარტყმის კომბინაცია.
(რას გარგებს ახმახს ძლიერი დარტყმით შემდგარი აქტი,
ვერ დაამყარა მუშტმა ყბასთან თუკი კონტაქტი)?
ბოძს,ერთ ადგილზე დასობილს ჰგავდნენ დევის ფეხები.
ცუდია დარტყმა,მეტოქეს ტლანქი თუ ვერ ეხები.
რაც უნდა იყო სლაგერი ომში დარტყმის ამტანი,
ბევრის ქნით მარჯვობს ჯინიანი გოლის გამტანი.
თუ ტვინის ნაცვლად დევს თავში უდევს მხოლოდ ნახერხი,
მუტრუკ რეგვენთან ღონეს აჯობებს,მაშინ სხვა ხერხი.
თუ ვერ აზროვნებს მგელი,მაშინ ამის გამო კრავს
დარჩება ბურთი,თუ ქვემოდან ყბაში ამოჰკრავს
და ელეჟვერა დევს მოუგებს მომცრო და ჭიჭე,
თუ თავის დროზე დარტყმის სიხშირე დიდს მიანიჭე.
იგებდნენ ძმები ჯერჯერობით მხოლოდ ქულებით,
თუმცა,ურტყამდნენ გამეტებით მხეცს ჩუგლუგებით.
როს ძველ ჭრილობებს დევი აქა-იქ ტანს ილოკავდა,
შენელებული რეაქციით ხმალს ვერ ბლოკავდა
(დევის მელამის დაკოდილ კოდებს ხვრეტდა ხაკერი,
და არვინ იყო დაედო დევზე დროზე ნაკერი).
(თან იმას,ვისაც ექსკლუზიური ებარა შიში,
ეტყობოდა,რომ ეზარებოდა დილის ვარჯიში).
თუკი თავიდან არ აწუხებდა დევს ეს სრულებით,
შეცბა,როდესაც დაინახა რომ იძულებით
აცლიდნენ საყრდენს.თუმც გააგრძელა მაინც ფაფხური,
სანამ უკნიდან არ ამოჰკრეს ძმებმა პანღური.
ატირდა დევი,დამცირებული და შერცხვენილი
და ცრემლის ტბაში ჩაჯდა ყურებჩამოცვენილი.
დაუჯავშნელი მოსთქვამდა მწარედ დევი-პანჩერი,
მდინარედ იქცა ტყეში მისი ცრემლის ჩანჩქერი.
ა-ცა-ტირებულს,გულაცრუებულ და უხარებას
არვინ ეტყოდა-ვიზიარებო შენს მწუხარებას!
-რაო,დევიკო?
ქარებმა ზურგზე გადინეს ბდღვირი,
ამხელა დევი,რა პატარა ბავშვივით ტირი?!
-არც მელამი გყავს,ვერც გაამაგრე სადგომი ფიჭვით,
კვერცხისოდენა კურცხლებით ტირი გულამოხვინჩვით.
თურმე მელამის გარეშე ვერ ხარ გმირი მაგარი,
დროა,ჯიგარზე დაგაწიწკნოთ ღორის ჯაგარი.
-მო-ცა-ვკლათ დევი მო-ცა-ვკლათ,
ავკაფოთ სულ ასო-ასო!
-შამაშო დროა,რომ სხივი
ტყის შუაგულში დაასო.
რა გააგრძელა ცრემლიანმა დევმა ლუღლუღი,
უხილავ ძალთა მიერ მოხვდა თავში ჩუგლუგი.
ერთ უძლეველ მთას მოერია მომცრო მთა ორი.
(დასანანია,რინგს რომ არ ჰყავდა კომენტატორი).
23
-თუ გული გულობს,გამარჯვებისთვის თუ გული ფეთქავს,
ადრე თუ გვიან,წყლის ხშირი წვეთი ქვასაც გახეთქავს.
უკან და ისევ უკან და მარჯვნივ!
ისევლე უკან,ამჯერად მარცხნივ!
მარჯვნივ და მარცხნივ!
მარჯვნივ...შეტევა!
მარცხნივ...შეტევა!
ჰუმბაბა კანში თუ ვერ ეტევა,
შეტევა!!!!!
ძმაო,
მხოლოდ
შეტევა!!
წინ წამო!
შეტევა!
წინ წამო!
ცის ნამო!
ცის ნამო!
ცის ნამო...
დინამ....
(უკაცრავად!ეს ავტორისეული ლირიკული,უფრო სწორად,ნოსტალგიური გადახვევა იყო ერთერთ დევთან ბრძოლის და ძველი დიდების ასოციაციით გამოწვეული).
აქედან მე,
შენ -იქედან
აჯანყებული ქარვით.
ვურტყათ,სანამ არ ატირდეს,
რომ მშობიარე ქალივით.
ბრძოლა განაგრძეს.მეგობარმა ძმა არ ახვეწა
და ორმა ომი გაორმაგებულ დარტყმით დახვეწა.
ფრთხილად,გილგამეშ!არ გაება დევის მახეში,
კეფაში ვურტყათ,არ შევატყდეთ უტუხს სახეში.
განახლდა ბრძოლა ოლიმპიური და წარმართული,
გააფთრებული,დაუნდობელი და ხელჩართული.
ორ ახალგაზრდას ებრძოდა ერთი დევი,ბებერი.
(სამწუხაროა,არ ჰყავდეს ასეთ რინგს რომ რეფერი).
მოქნილი ძმები მოუქნელთან იბრძოდნენ სხარტად,
დევი დატოვა,ცოტა არ იყოს,ამ ბრძოლამ სახტად.
ხშირი შეტევით ძმები სულს არ ათქმევინებდნენ
დევს.თავხედობით უშვერ გინებას ათქმევინებდნენ.
გამწარებული ჰუმბაბა ტანზე ბანალს იღლეტდა,
როს გილგამეში სხვა რიგის ძალით მუშტებს ისხლეტდა.
ვეღარ გაუძლო ბაყბაყმა სეტყვას აუარებას,
გონზე მოსვლის რომ არ აძლევდა საშუალებას.
უმისამართო ძლიერი დარტყმა ასუსტებს დამრტყმელს,
ხოლო ვინც დარტყმას აიცილებს,ის ამბობს სათქმელს.
როცა ამოჰკრეს მუხლზე დავარდნილ მხეცს აპერკოტი,
კოლაბორანტმა ხეებმა დევის ჩამოხსნეს ბორდი.
დროზე განდგომა კარგიაო შორსმჭვრეტელისგან,
თუკი არ გვინდა ცული მარჩბივი მოუცლელისგან.
რას არგებს მძიმეს მუსკულების კომპენსაცია,
თუ მჩატემ იგი მოხერხებით წამოაქცია...
და იმას,ვისაც იგიგიც კი ხელს ვერ ახლებდა,
ვინ იფიქრებდა,ნახევრადკაცი ჩააძაღლებდა.
(ეს ბრძოლა მიდგას თვალწინ,წამოწოლილს ჩეროში,
აფსუს,არ იყო კომენტატორი იმ დროს ეროსი).
24
-ან რად მოხვედით ლიზღითა,
ან რად მიშორებთ ზიზღითა?
ჩემთვის ვეგდე სოჭის ტყეში,
სხვა მინდოდა ანდა რაო,
ან შენი და რად ვინატრე
შენსავით ბო-
ზანდარაო?
ჯერ ერთი ხეც არ დაგირგავთ,
ამიტეხეთ აქ ჩოჩქოლი.
და კედართა ნასახლარზე
მირჩევთ ჩვილი დავრგო ჩქოლი.
განა,პირდაპირ მოხვედით?
შემომიარეთ მოვლითა,
ყურის მოხერხვით მაცდუნეთ
მზრუნველი ქალის მოვლითა
და მოვიხიბლე ბოროტი,
სიკეთის ავი როლითა.
ვიფიქრე,ჭირს არ ვამრავლებ
დამშვიდებული ცოლითა.
ავგულს მიწოდებთ და თავად
მოიგეთ ორთაბრძოლაო
ტყუილით.მე ვერაგობით
შეოლში მიწევს წოლაო.
ვისაც ვუსმინე,მივენდე,
ღალატით შეიმოსაო,
მტერობით რომ ვერ დამაკლო,
მოყვრად მომადგა ქოსაო.
ფარ-ხმალი დამაყრევინა,
ვინც ვერ ვპოულობ ტოლსაო.
იქ,სადაც ათასს მოვკლავდი,
ვერ მოვუხერხე ორსაო.
***
თითქოსდა,ცოდვას ებრძვიან,
ტყუილს კი აბჯრად ირგებენ.
ჩემს გულისტკივილს და ვარამს
გულთმისანობით იგებენ...
ტყუილს ებრძვიან სიცრუით,
ცოდვას კი ბრალის წესებით,
სურთ უკვდავება ამ საქმით
გამყარებული ლექსებით.
იგებენ ტყუილის ჩმახვით,
განა რომ ორთაბრძოლითა.
მომხიბლეს კარის ბოზებით,
ბერბიჭა დევი-ცოლითა.
თითქოს,კეთილი გულითა
შემომთავაზეს ძმობაო
და მტრულად გამოიყენეს
ალალი გულის ლბობაო.
განა,სიმართლით მომიგეთ,
დამჯაბნეთ განა ომითა?
მაცდუნეთ დაპირებებით,
ცრუ ოცნებათა ძღომითა.
გამოდის,ნდობა ცოდვაა,
თუ ნდობით თავი წავაგე.
ვაი,რომ ოცნების კოშკი
მტრის აგურებით ავაგე.
განა თავისი ძალითა,
ჩემი სისუსტით მიგებენ.
ჩემსავე ტყეში ტყის პატრონს
ხაფანგებს აქეთ მიგებენ.
მითხრეს,რაი გვაქვს სადაო?
ჩემს დას უხდები ქმრადაო.
-ნეტავ რად მინდა ის დაო,
დევი რომ მომიტ…(პარდონ,ზა მოი ფრანცუსკიი)…
შესანსლავდაო.
თავძაბრანს და და ბანჯგვლიანს
დას ვინ მოგცემდა ცოლადა,
ან კი,სადა გვყავს ქალები
ქაჯებთან დასაწოლადა?
რაც მითქვამს,ულამ წაიღო -
იყო ნაგუშინდელევი.
მითხარი,უკვდავი დევი
სიცოცხლეს რად ვერ ელევი?
-მარქვი,უკვდავი ვით მოვკვდე?
არ გეთქვა,ნეტავ ეგ არა!
ჩემი სიცოცხლე რად არი
თქვენი დიდების ბეგარა?
სიკეთეს სანამ დათესავთ,
ავი ახარეთ რაზომი?
თუ ბოროტს ტყუილით ებრძვით,
სიკეთის რაა საზომი?
ან როგორ იყოს მითხარით
ნაძრახი საქმე ქებული,
ანდა მუხთალი სიკეთე
ცოდვით დაფილენჯგვებული?
-რაღა აზრი აქვს,ჰუმბაბა,
სინანულით რას იტყვიო?
ზოგჯერ ცოდვაა,ზომაზე
მეტად თუკი ხარ ბრიყვიო.
ღონეს აჯობებს ხრიკიო
სხვადასხვა გასაჭირშიო,
ხომ არ გეწყინა,ბლუს ჩალა
რომ გამოგავლეთ პირშიო?
-ომის შემდეგ რა წესია
წუწუნით პირის ხევაო?
დროა,დავიპყროთ შენი ტყე,
ვნახოთ მზექალას ნთხევაო.
-რაც დამავალეს,ვიქმოდი
კედართა მოურავიო.
რად ჩამაყენეთ თონეში?
მტრედს არ ვერჩოდი ყვავიო.
ყველამ ის უნდა იკისროს,
რაიც რომ დააკისრესო.
იგიგი იგი იყოს და
არ უნდა იყოს ის ესო.
არ ენდოს ავი სიკეთეს,
დაგმოს მოსაკითხავიო,
ყოფნა-არ ყოფნა თუ არ სურს,
დაურჩეს საკითხავიო.
-ბრიყვო,ნუ გჯერა ყოველი,
რაიც ჩაგესმის ყურშიო.
არა ხარ დევი უბრალო,
ბრალით ხარ ბაიყუშიო.
ღონე ვერ გშველის,თუ ალაგ
წაიგოიმებ მრუშიო.
ტვინნაკლული კი უხვი ხარ,
უსაქმო საყვედურშიო.
-გილგამეშ,რად მომატყუე,
გენდე და რა მიყავიო,
ალალი გული გიჩვენე,
თავი ყულფს გამიყავიო?
რად დამამცირეთ,რა გინდათ,
რატომ მიტირეთ მე ყოფა?
თქვენს გამო თავი სირცხვილით
მკვდარსაც არ გამომეყოფა.
-შენ თავის გამო ნუ დარდობ,
სულ მალე არც გექნებაო.
თავსაც დაჰკარგავ,კედარზეც
ჩვენი იქნება ნებაო.
-რას მოგიგებდით აყინჩულს
ან ღონით,ანდა მტრობითა?
ორმა ერთს განა მტრობითა,
გაჯობეთ მეგობრობითა.
თუ ცოდვა აგვიკრეფია,
ჩამოვიწერდეთ ომითა.
გვწყალობდეს გამარჯვებულებს
სოფელი თანადგომითა.
ან კი, რა ჩვენი ბრალია,
ძლიერი თუ ხარ არიფი?
ხერხი გახერხავს გოლიათს,
-თუ ჭკუითაა ღარიბი.
25
-მე,როგორც სარკე,ვაღიზიანებ პირდაპირობით
ადამიანებს,
რომელიც თურმე ლამაზებს
ავნებს
და როგორც სარკეს,ნამსხვრევებად მაქცევენ
ბრაზით-
არ მოსწონთ,თუკი ალაგ მუწუკი სახეზე
აზით
და მათი აზრით
სტყუის სარკე-
დასალეწია.
მომდევენ ქვებით-ორის ნასროლი
წამომეწია.
მე,როგორც სარკეს,
ცნობის წადილით
შემაწუხებენ.
როგორც სარკეში,
ჩამხედავენ და...
შემაფურთხებენ.
სარკეს აფურთხებთ?-
თავს აფურთხებთ,
როგორ ვერ ხვდებით?
არ მოგწონთ თავი?
სხვა გზა ნახეთ,
ანუ ხედები.
დახარეთ თავი,ან სარკეში
ნუ იხედებით.
სულამდე გრძელი გზებია და გზებზე
ხიდები.
სახეს გიჩვენებ,სულში როგორ
შეგეხიდები?
სარკე სარკეა-
და არ ესმის
ხვეწნა და ფიცი...
მე,როგორც სარკეს,
ნამსხვრევებად
მაქცევენ,
ვიცი.
26
-გილგამეშ!თუ რომ დამიმოყვრე,როგორ მექცევი?
-როგორც დევს,მტერი ხარ რამეთუ ხელშეუქცევი.
-შენი სიკეთის ფასი იქნება ერთი შაური,
სადაც ნდობაა სიბრიყვე და დანაშაული.
ბოროტს მეძახი და ხარ თავად პატივმოყვარე
და თანაც გინდა,მომკლა მიწოდე ვისაც მოყვარე.
ქონდრისკაცები,ვინც ჩემს მტრობას ზიზღით ბედავენ,
ტყის სიბნელეში განა დევის ცრემლებს ხედავენ?
ქალის ცდუნებით შენ ენქიდუც კი დაამარცხე,
ბოზი ჯაშუშით უბრძოლველად ძირს დაანარცხე.
რად გიკვირს,თუ მეც ვერ გავუძელი ცდუნებას ქალით,
ვის დავუშავე,ან ვაწყენინე,მითხარი,ამით?
იქნებ,გგონიათ,რომ არ მინდა დევს მოფერება?
იქნებ,გგონიათ,არ მწყურია დევს სწორფერობა?
იქნებ,გგონიათ,რომ არ მიცემს დევს გული მკერდში?
იქნებ,გგონიათ,უშნოს არ მინდა ლამაზი გვერდში?
ღმერთებმა რაიც მომიზომეს მეც იმას ვფლობდი,
სხვისთვის წამერთვა არც მიფიქრია,არც ვორჭოფობდი.
შენ კი,ენქიდუ,მიბარებული დააგდე ველი,
გამოისობით შენით დღესაა ის მოუვლელი.
თქვენს მეგობრობას წინ უძღოდა გეგმა მზაკვრული.
ენქიდუ,ნუთუ,არ იყავ ხრიკით მიწას გაკრული?
მან,ვინც უდაბნოს გმგებელი იყავი სრული,
თავისუფლებას რად ამჯობინე ყმად აღსასრული?
შენ კი,გილგამეშ,საკუთარი დათმე ქვეყანა,
ადრენალინის ყივილმა სისხლში აქ მოგიყვანა.
ურუქში მიტომ დაგეკარგა ჭამის ხალისი,
შენ კი არადა,მე რომ ვარ ამ ტყის მამასახლისი.
სიკეთე გინდათ და გიჭირავთ
სიკვდილის ცელი,
როს სამშობლოში სიკეთისთვის
ხართ მოუცლელი.
აქ მასწავლიან მოუხოცავი
ჭკუას ცხვირები,
მოვალეობას გამოქცეული
დეზერტირები.
ყოფას ყოველთა თავისი ახლავს ცხოვრების წესი,
ამკვიდრებს რასაც დედამიწაზე თვით უმაღლესი
და მეც თამაშის წესებს ვიცავ ბოროტის კვესით,
არ ვარღვევ კანონს არც უნებლიედ,არცა ვიქმ ნებსით.
რაიც ბატონმა გარგუნა იგი
უნდა იკმარო,
სხვას არ მიუხტე,არც მომხვდური
შინ გაიკარო.
თქვენ კი,თამაშობთ თამაშგარეშე
წესებით ძმები,
ერთფეროვნება აღმოჩნდა რადგან
ვერ გასაძლები.
კინაღამ ღმერთს და მეფეს კანონი მე არ მეხება,
თუ მითუმეტეს,მის დაცვას ჩემი სდევს შეფერხება.
როგორ იქნება უწესო ჩემგან იგი თამაში,
რაიც ღმერთებს სურთ და მიწყობს რაშიც მე ხელს შამაში.
ბოროტი ძირში ვინ აღმოჰფხვრა
სუფთა ხელებით?
გამომიყვანო წყობილებიდან
გსურს გახელებით,
ყელი გიშრება ატეხილი
ბოღმის ხველებით.
როცა სიკვდილიც მოგაკითხავს
დასახელებით,
გადაგიკიდებს როცა ნერგალი
ზურგს ღონემიხდილს,
წესების დაცვით გაგიფორმებ,
გპირდები სიკვდილს.
-განა,ხალხისთვის ცდილობ,გილგამეშ?
უკვდავება გსურს მხოლოდ საშენოდ.
თუ ბოროტებით მოიგეთ ომი,
სიკეთე როგორ უნდა აშენოთ?
სახელის მოსახვეჭადა
ამბავი ლექსად გსურთ თქმული,
ცოდვას კი არ ერიდებით,
გსურთ მოჰკლათ რადგან სულდგმული.
ჩემი სიკვდილით გსურთ გახდეთ
სოფელში სახელგანთქმული.
ოღონდ,გახსოვდეთ,თქვენს სახელს
ჩემიც ექნება დართული.
არ გიფიქრია,ნუთუ გილგამეშ,
ან არ დაეჭვდი,
თუ რომ მე არა,
უკვდავებას
ვით მოიხვეჭდი?
-მარტო ურუქში ჯდომასა
დავჯერდებოდი მე არა,
შენ რომ არ იყო ამ ტყეში,
იქნებ,სხვა ტყეში მეარა.
-შენ დავიწყება გაშინებს,
გაშინებს ხვალ უშენობა,
ჩემი მკვლელობით დაფებში
აშენო გინდა შენობა.
-ჩემი ამბავი დაფებში
თაობამ თუ წაიკითხოს,
იმან ჰუმბაბაც ახსენოს:
"ვინ ყოფილაო?"-იკითხოს.
თუ ჩემთვის მინდა სახელი-
მარადიული დიდება,
ვინაც მახსენოს იმას არც
ჰუმბაბა დაავიწყდება.
-რაინდობით რომ მოგეგო,
ვინ მოგცა მაგის შენ ღონე?
რაღას უყურებ? მომკალი
და საქმე ნუ დააყოვნე.
დევს პატიოსნად ებრძოლოთ
კაცებს ვინ მოგცათ მაგის შნო.
ჩემი ბრალია ყოველი
და მაინც,მინდა აღვნიშნო,
დაიწყეთ მჭერმეტყველობით,
ოღონდ...ამთავრებთ მკვლელობით.
27
-რაც უნდა ილაპარაკოთ,
მკვლელობა არის მკვლელობა,
შავ ფურცელს ვერ გაათეთრებთ,
თუმცა,გექნებათ მცდელობა.
ნდობა ვერ დარჩა მრჩეველი,
ვერ მიყო საქმე კარგიო,
ან ქალს ვინ ჩივის,გაზრდილი
ხე მრჩება დასაკარგიო.
თუ გადატეხავთ შუაში
კედართა ხერხემალსაო,
ნაწიწვნარს საჩრდილობელად
რას დარგავთ? შუშტყემალსაო?
სიმართლეს როგორ მოიმკით
ტყუილის თესლის მალვითა?
მოხვედით უკან შემოვლით,
მელამთა გამოძალვითა.
-განა,რომ ქალს გპირდებოდით,
ყაბულს არ იყავ სიძვითა?
განა,რომ არ ოცნებობდი
აზრებით,ერთობ ბილწითა?
-ვისაც არა აქვს,ოცნება
უფრო მისია ხელობა.
გამოდის ლამაზ ოცნებას
მიჯობდა მე მკრეხელობა.
ანდა,რითი სჯობს სიბრიყვეს
ოცნების გამყიდველობა,
ან ეშმაკური ტყუილი,
ანდა ცრუ მსოფმხედველობა?
ნუ გეგონებათ დღევანდელ
ავს ხვალიდელი ქველობა,
ვითარცა გამარჯვებულებს
ჩამოგაწერონ.მცდელობა
თუმცა გექნებათ,რომ თეთრი
ძაფით აკემსოთ შავიო.
მე ვარ სულელი...იყავით
შუაზე გასათხლეშავიო.
-საქმე ის არის,რისთვისაც
მომავლისათვის ვიღწვითა,
სხვა მხრივ კი გრეხილ თოკებში
თავი უდროოდ ვინ ცვითა?
-ვინ ბოროტი შეიწყალა,
მან სიკეთე მოიპარა.
-"ბლაბლაბლაბლა" რა შუაშია,
თქვით,რომ დევის გინდათ ფარა.
გეყოთ,რა,მაიმუნობა!
"გმირობის"იგავ-აგავი.
გამოტყდით,აქ გსურთ მრუშობა
და ქალაქური ნაგავი.
რაც უნდა შეაფერადოთ,
მკვლელობა არის მკვლელობა.
გილგამეშ!მკვლელობით გინდა
მიმდემში დღეთა გრძელობა?
კაი ყმის ნიღბით მოხვედით,
არადა,ხართ კრიმინალი,
ნუთუ,მუხანათობაა
თქვენი გმირობის ფინალი?
28
-ყველას თავისი ფუნქცია აქვს და თვისი მისია
და ვინც მოიგებს სამართალიც,ძმაო,მისია.
ყველას თავისი დემონი ჰყავს საძებნი ტყეში,
ვინც გაიმარჯვებს,დროშაც იმას უჭირავს ხელში.
საშუალებას ამართლებს ომში მხოლოდ მიზანი,
შენს სიბრიყვეზე მოწმობს მტერი თუ ვერ მიცანი.
გამარჯვებისთვის იბრძვის მარჯვე და იბრძვის ცაცია
და ორივესთვის გადამწყვეტია მოტივაცია.
-ტყუილით გინდათ მოიგოთ ომი
არგადახდილი,
კედროვანი კი კედარისაგან
გსურთ ტანგახდილი.
ტყეს თუ გაკაფავთ,შამაშისგან
სად გინდათ ჩრდილი,
ანდა,ვინ გკითხავთ,კედარი მოჭრათ
სხვისი გაზრდილი?
ჩეროში ჩრდილის გარეშე როგორ
გინდათ სადილი,
თუ ვერ დაგიცავთ მზეზე მლოცველებს
ხეთა მანდილი?
განა სიბნელე ხოლო აბრმავებს,
როცა წყვდიადი უკუნს აღრმავებს.
აბრმავებს ჭარბი სინათლეც ხშირად,
თეთრი აქციოს მან ქვანახშირად.
***
თუ მაინც მომკლავთ ტყის პატრონს,
ისმენდეთ ბოლო თხოვნასა,
არ ამისრულოთ,ვერ აცდეთ,
გზაზე სიკვდილის პოვნასა.
ნუ დაუბნელებთ სხივებსა,
ჩემს წიწილებს და წილებსა.
ნუ დამიჩაგრავთ ჩვილებსა,
თვინიერ და მორჩილებსა.
ნუ მომისპობთ ყველა სხივს,ან
შეიბრალეთ უფრო თოთო.
მე თუ არ გენანებოდეთ,
ბახალები შე-ღა-გცოდოთ.
-როცა შიშს თესდი,მისი ზარები სუყველას გვღლიდა,
ახლა კი შენი სხივი შენგან შორს რომ წავიდა,
რაც უნდა გულზე იბრაგუნო,ანდა იდაო,
შიშის გარეშე,თურმე,ყოფილხარ ერთი ციდაო.
-ან თავიანმა რა გვიყოს,
უთავო სულ რას გვიზამსო?
წინ გვივლია და კვლავ ვივლით,
სანამ გავხედნით მიზანსო.
წავაჭრათ კოკოშა თავი,
დევი დავტოვოთ უთავოდ.
ჩამოვუაროთ წიწილებს
ტყე მათგან დავაუთაოთ.
ჩემს ნატყვენავ ტყეს არ მინდა
სხვა ჯურის მე მოურავი,
არც დევის ბახალა მინდა,
არც გველი მუცლითმცურავი.
თუ რომ დევს დედა ვუტირე
და კეთილები ვუ...ხანი,
რად გავახარო მე მისი
ჭის ჭუჭყიანი ბუჭყანი?
მინდა აქ მზესუმზირა,ან
მეგებებოდეს იანი
და არამც გველის წიწილა-
ძუძუმწოვარა ჭიანი.
ეგღა მაკლია მზის ნათლულს,
დევებში ვიყო ჩართული.
ქვესკნელმა დამაკავოს და
ვარჩიო სწორს ჩახლართული.
-თუკი მზის დანიშნული ხარ,
რად მომეპარე მთვარულად?
ტკბილი შარბათი რად მასვი,
ავად მოსულმა მარულად?
-ვერ შემაბრალებ,დევო,თავს
ბრალეულობის გრძნობითა.
დიდი ვის შესცოდებია
ამხელა აღნაგობითა?
არ ეცოდება პატარას
მასზე დიდი და ძლიერი.
არ უნდა დარჩეთ მიწაზედ
დევები ნაყოფიერი.
-საცა სიკეთე ასია,
ბოროტი ხარობს ათასი,
მერე ისევლე სიკეთე,
რომ შენარჩუნდეს ბალანსი.
-მგელი და კრავის ერთად ყოფნა
თუ არ მოსულა,
არ უნდა იყოს ცხვარი ბერწი როს
მგელი ორსულად.
29
-რატომ ავალებ,გამჩენო,
მაჯლაჯუნას და პაწიას
გოლიათ-ბუმბერაზების
სრულიად ლიკვიდაციას?
თუ მაინც ვკვდები უკვდავი
და დროა,მეც დავფქვა სული,
რა აუცილე-
ბელია,
დევს მკლავდეს რომ დაქვაფსული?
არ ვიცი,რას მემართლებით,
ჩემგან ანუ რა გწყენიათ?
მე ხომ ის ცოდვა მასუქებს,
რაიც თქვენ ჩაგიდენიათ.
წუთისოფელში დღეს ღამე
იმიტომ უთენებია,
რომ უთუს წუთისოფელი
დევებთან უშენებია.
დღეს ღამე ცვლის და ღამეს დღე,
ვარდს ახვევია მკბენარი.
ასეა დღემდე,თუ ვინმემ
არ გადაწერა სცენარი.
დევი სახლშიც გყავთ,უთუოდ
თუ ტანშიც გიზით მდგმურადა.
ვით მომიშორებთ თავიდან,
მიპასუხებდეთ ძმურადა?
კაცი ღმერთს ჰგავს და დევი კაცს,
ღმერთს და დევს გვართობს აზარტი
და ნარდს სულებით ვთამაშობთ,
ყოფას რომ დავდოთ ლაზათი.
თქვენ პურთან ერთად ცოდვას ჭამთ,
ცოდვის მოდიხართ თაობით.
სადაც ერთად ვერ გერევით,
ვიქმოდეთ ცოტ-ცოტაობით.
ცოდვის სალარო თუ მე ვარ,
ხიბლით ხართ თქვენ მოზიდული.
სადაც ბოროტი ზეიმობს,
ჩემიც იქა დგას ტიტული.
30
სადაც რომ მზეა,მის ჩასვლას უნდა მოსდევდეს მთვარე,
ამ შუქჩრდილებში ასარჩევია კაცისგან მხარე,
რომ არ გიქციოს მხარი მოგზაურს გზაზე მაცილმა,
ხამს,საკუთარი გზა ეძიო ღონედაცლილმა.
როგორ იქნება უცოდველი ადამიანი,
თუკია იგი ქინგუს სისხლით ძარღვსისხლიანი?
თუ ყოველ კაცში ღაღადებს ღმერთი,ღმერთით დასჯილი,
დაბადებული აპრიორშია ცოდვით დაჭრილი
და დამნაშავე ღმერთების სისხლით ხალხი ნაზავი
დაბადებიდან ეშმას და ღმერთის არის მბაძავი...
ვინ ჩამოაგდოს იმ განრისხებულ ბოროტთან ზავი,
საკმევლის ნაცვლად უნთია ვისაც გულში საწვავი?
დასჯილი ღმერთის სისხლი ყივის ყოველ მათგანში
და სწორი გზიდან გადახვევას ურჩევს მათ განში,
მერე ასტეხონ ღმერთებმა ერთხანს ზემოთ განგაში,
ნუთუ,ზეცაში იწერება მსგავსი თამაში?
31
-ბოროტების მეუფევ და
ჭირ-ვარამის ბელადო!
აღარა გყავს მელამები
ცოდვის ბუდის მცველადო?
ჩუგლუგს დაგკრავ გონებაჩლუნგს,
გაგათავებ ხელადა,
შენს წიწილებს ფეხით გავსრეს,
ხელის გაუნძრევლადა.
-გილგამეშ,თავსაც თუ ვხრიო,
მკვდარს არ ჩამარტყა წიხლიო,
მელამს რა თავში იხლიო,
ზედმეტი რად გსურს სისხლიო?
ნუ დააბნელებ სხივებსა,
ჩემს წიწილებს და შვილებსა!
-რად გვინდა,თავზე ბაბა გვაჯდეს
ისევ დათვური?
ფუქუ და მიქუ!დროა,ვიცეკვოთ
დევთან დავლური!
-ჯერ მხეცი მოვკლათ,
მერე ყველა მისი მსახური,
თუ გვინდა ჩვენი ომის ამბავი
გახდეს ხალხური.
-ტყე გავკაფოთ და
ველი ვნახოთ ჯერ არნახული,
-და მზის სხივებით მოვიყვანოთ
ჩრდილში ზაფხული.
-მოვკლათ ენაბლუ,მერე შავი დღე
კედარს ვაყაროთ,
უთუს მეფობა მზეთუნახავშიც
რომ დავამყაროთ.
-სწორი ხარ!მოვკლათ პირველ რიგში ბაყბაყი დევი
და დევს სხივები მივაყოლოთ ზედ თანამდევი-
გველის წიწილა რად გვინდა,თუ რომ დევი მოვკალით?
-ფეხსაც ვერ მოგვჭამს დაწევრებული შამბში შხორკალით.
-მთის და ტყის მწყემსად წესდებით დგანან ტყეში დევები,
რაც დამავალეს მეც წესის დაცვით იმას ვედები.
შიშის ზარს ვფლობდი,ყველა მიტომ მემალებოდა,
თქვენი მოკვლა კი კონტრაქტის მუხლით მევალებოდა.
ახლა კი,ვხედავ,ვინც აქ დამნიშნა,თქვენ გწყალობთ იგი,
რახან ტყეში ხართ,მერიდება როცა იგიგი.
თუ დამამარცხეთ,განვიხილოთ ზავის პირობა,
გამარჯვებულსაც დამარცხებულთან ჰმართებს ზრდილობა.
გილგამეშ,თუკი მომერიე,მაშ მიპატრონე!
ტყეს გაგიფორმებ,გემსახურები,კვლავ შემწევს ღონე.
თუკი არ მომკლავ,ყმად დაგიდგები,დევი მიმონე.
მუხლმოდრეკილი გევედრები და გთხოვ,გამიგონე!
დევებს სიცოცხლე რომ გვიყვარდეს,რატომ გიკვირთ ძმებს,
ან კი,უკვდავი ბოროტი სიკვდილს როგორ გაუძლებს?
ვერ ვთმობ სიცოცხლეს,უცნობი გზები გასაძლებია,
უკვდავს სიკვდილის მეშინოდეს,გასაგებია.
მოწყალებას გთხოვთ,შემიწყალეთ დამარცხებული!
ზნესაც შევიცვლი,არ ვარ სულ მთლად ზნედაცემული.
ნუ მომისწრაფავთ სიცოცხლეს,ვითხოვ მუხლდაცემული!
თორო დაგწყევლით,იყოთ ჩემგან გადაცემული.
თუ გინდა,აქვე დავრჩები,გილგი,ტყეების მცველად.
მივხედავ კედარს,შეველევი ამ მთებსაც ძნელად.
შენი ყმა ვიყო ახალი,ძალით ვიყო რაც ძველად...
თუ გაწყობს,ჩემი ყველა მელამი წაიღე მძევლად.
თავად ენლილის დავალებით ამ ტყეში მოვხვდი,
თუ ბრალი არ მაქვს,გილგამეშ,გთხოვდე,სულს ნუ ამომხდი!
რამდენსაც მეტყვი,იმდენ ხეს მოვჭრი,ფეხთან დაგიწყობ,
ფუქუ და მიქუს დაკრულზე ვივლი და ფეხს აგიწყობ.
მეფის სასახლეს რომ ეკადრება იმ კედარს მოვჭრი,
გინა ბებერი ამოირჩიე,გინა სულ ნორჩი.
შენი ცხვარი ვარ,მიწინამძღვრე,გიცანი ყოჩი!
მიპასუხებდე,შენსას მეტყოდე.მე ჩემსას მოვრჩი.
-სამე,იქნება ბოროტიც
კეთილშობილობს წამითა.
ბოლოს კი მაინც იმას იქმს,
რაც მოსდევს ბაბა-მამითა.
თუ არსით ბოროტი ხარ და
ცოდვა თუ შენით რიგდება.
კაციჭამია დევს კაცი,
მარქვი,ვით გაურიგდება?
ან დევი როგორ ჩაისვამს
კაცს ჯამში,გინა უბეში,
თუ კაცის ხორცით ტრაპეზობს
ყელამდე სისხლის გუბეში?
ივარგებს დედათა მიწა
ქვეწარმავლებით და დევით?
უნდა დამთავრდეს დევობა
დევის ქვესკნელში ჩამწყვდევით.
ადამიანის სადგომი
დედა-მიწა და ერთია.
დევს მშვიდობაში მოგხმარდეს
ტარტაროს-ჯოჯოხეთია.
თუცა,აღდგომის იმედით
ბევრი დაეძებს ნაპრალებს,
როცა პოულობს,დიდებას
ადამიანებს აბრალებს.
ვეღარ ეტევა ჯოჯოხეთს
ვერც დევეთა ბელი-ბელადი.
არ მოსწონს ერთფეროვნება,
ბნელს ურჩევნია მზერადი.
-თუ მთვარე მზეს ცვლის,მზე მთვარეს,
უკვდავი ვით ვიქმ ჭკნობასა?
მოყვარე მტერი ვიქნები,
გაგიწევთ ჭაბუკობასა.
საომარ აბჯარს გაჩუქებთ,
თვით გაგიკაფოთ გზა ვიწრო.
მსურს,ცოდვა მოვინანიო,
სუფთა ცხოვრება დავიწყო.
სიკეთის
და-ცა-მლეწველი
და ბოროტების მრეწველი
შევეგუები ყმობასა,
ვიკადრებ არიფობასა.
-ვინ იცის,
იქნებ,გულწრფელი ხარ ამ წუთას,სამე.
მაგრამ გინახავს ჯანმრთელი ცხვარი
შენ მგელთან სადმე?
-წმინდანი დევი?!ანუ შამაშს
თვალში ჩახედავს?
რას მაღადავებ,
შენს გარდა ხედავ
შენ აქ სახედარს?
-გინდა შენსავით მოვღორდეთ
უღრანში ორი ძმობილი?
ფეხს ვით აგვწყობ,თუ უკვე
ბოროტთან გაქვს აწყობილი?
-ან ვით გახდება სიკეთე
შენთვის საამო,ქებული,
თუკი იქნები"კეთილი"
ბოროტით გასუქებული?
ანუ ვითა იქმს მადლიანს,
ვინც ცოდვისაა კრებული.
ყალბია მადლი,თუკია
ბოროტს ამოფარებული.
არ მინდა შენი ზღაპრები
და არც იწილო-ბიწილო.
დროა,ახალი ეპოქის,
დროა,რომ მიგასიკვდილო!
-ყველანი ცოდვის შვილნი ვართ
და მორჩილნი ვართ ცდუნების.
ბოროტი ხარობს,დრო დგება,
სიკეთის როს მოდუნების.
-სწორი ხარ,ოღონდ,გეშლება
მაცდუნებელში ცდუნება.
ბინძურს სჩვევია სუფთაზედ
ხელების მოთათუნება.
თუ შენი არსი ავია,
როგორ გახდები კეთილი,
ან მზეს თვალს ვით გაუსწორებ
ღამეში კარჩაკეტილი,
ან როგორ ვენდო დევისგან
მონანიების სწრაფვასა,
მისი შეხებით სიკეთე
თუ სულის იწყებს ღაფვასა?
თუ ერიდები მზის შიშით
ტყეში კედარის კაფვასა,
რას ვაქნევ ოდენ სურვილს,ან
სიკვდილის შიშით ნათქვამსა?
თუ საოცნებო კოშკს დევი
შავი აგურით იშენებ,
თეთრ ნაბადს შავნაბდიანი
მითხარი,ვით დაიმშვენებ?
-იმად რომ,ვერ შევეგუო
სიკვდილის გზაზე წამებას,
როგორც ენქიდუ,ვეცდები,
გავუძლო ფერიცვალებას.
ხორციელი ხარ,გილგამეშ
და ნუ მიიტან ქვას გულთან.
ნუ გამამწესებ უდროოდ
ქვესკნელის გამოქვაბულთან.
-დევი გვერდს იცვლის და არა
ქაჯურ ზნესა და გუნებას.
ვერ შეელევა მშიერი
ბოროტით გაფუფუნებას.
ავი ავია-ეს უკვე
ხელმოწერილი აქტია.
ბოროტს ხმლად ხმარობს,
სიკეთეს რომ ფარად,ესეც ფაქტია.
-ნუ უსმენ,მეფევ!ეშმაკთან ვინ თქვა,
მშვიდობის ზავი?
ბოროტებასთან როგორ იქნება
მადლი ნაზავი?
თუ გავიმარჯვეთ,რისთვის დავუგდოთ
ბაყბაყას ყური?
ალის ნაშიერს შემოვარტყათ
სჯობს ალიყური.
ჰუმბაბას მხოლოდ საკუთარი ადარდებს ტყავი,
მხეცი მხეცია,მოგეხსენება,მეც სად ვიყავი.
ინსტინქტით ცხოვრობს ნადირი და როგორ ინდობა?
ვინც იკბინება,დაგგლეჯს კიდეც,თუ მოინდომა.
თავი მოვაჭრათ და ნაკუწებად ტანი ვაქციოთ,
მკვდარის კედარი ამოვძირკვოთ,ან წავაქციოთ.
32
-გატყობ,ენქიდუ,კაცი ხარ მხეცზე დაუნდობელი,
იქნება,მითხრა,განკაცებულს სად გყავს მშობელი?
მე მხეცს მეძახი,სუნიანი ხარ თავად ცხოველი,
განკაცებული მხეცისგან,თუმცა სხვას რას მოველი?
თუ განუდექი მხეცს,ვითომ კაცად გადაიქეცი?
იქნებ,გგონია,შორს გაგექცა ქეციანს ქეცი?
ყელში გეცემა,თუ დაეცი და წაიქეცი...
ან კი,საშიში კაცზე უფრო სად ნახე მხეცი?
-ნუ მევაჭრები ჭუჭყიანო,ცოდვააჭრილო,
გადაჯაჭვული ჭინჭრაქების ჭინჭრით დაჭრილო...
-წაგაჭრათ თავი ხეპრეს ხაპივით,დარჩე უთავოდ,
-ჩაფიქრებული ავასრულოთ უნდა უდავოდ.
დაიღრიალა ჰუმბაბამ სიმწრით,სასოწარკვეთით...
ვერ ახარებდა პერსპექტივა თავის წაკვეთით.
-არ გაგიროფე სანამ თავი ხელმწიფემ კვერთხით,
იყუჩე,დევო!ნუ დააფრთხე ქვესკნელი მკვდრეთით.
ვისაც სირია და ლიბანი ემონებოდა,
შიშით პატარა დევის ბახალა გეგონებოდა.
ვისაც ევალა,ტყეს კედარი არ დაჰკლებოდა,
ვინ იფიქრებდა კაცის ხელით ჩაძაღლდებოდა.
იმ უსიერ ტყეს,რომელსაც არსად ედო ფონია
დევის ღრიალი დაედო ფონად,ვით სიმფონია
დემონის.დიდხანს ბღაოდა მეფე კედროვან ტყეთა,
მოღორებული მიერ ძმათა და ძუძუმტეთა.
თუმცა,საშველი არავინ და არსითგან ჩანდა.
-შენი ღრიალით,დევო,გული გადამიქანდა?
ვხუმრობ...დევიკო, ვეღარ გვაშინებ...ძმაო,დაჰკარი!
დააგდებინე ნამუსახდილს თავი მზაკვარი.
-დამიწყევლიხართ!ორთავე
ნინსუნას ენახეთ მკვდარი.
თქვენ დაგიღამდეთ ზამთარი,
ზაფხულშიც ვერ ნახოთ დარი.
შორს იყოს ჭირისუფალი,
არც გყავდეთ გამკითხავიო,
თუ არ ვიყავი მე თქვენგან
ღალატით მოსაკლავიო.
ვინც ორგულობა გასწავლათ,
გასძვალებია მას ენა!
დასწყევლოს ღალატიანმა
ქვეყნად თავისი გაჩენა!
-როგორც ბალახი,სიკვდილის წინ ივსები
შხამით,
ბოღმას რომ ანთხევ,რას დაგვაკლებ,მითხარი
ამით?
მელამს ვერ ანთხევ და ოდენ სიტყვა რას გვიზამს?
წამით
თუ გიფიქრია,უდღეური რომ ღრიალებ
ღამით?
-თუ მაინც მომკლავთ,ასრულდეს ჩემი
წყევლა და ნება!
დე,დაგეკარგოთ დღეიდან ძილი
და მოსვენება!
სადაც გაჩერდეთ,ანუ სადაც
ძმებმა იაროთ,
ყველგან წამოგყვეთ,სასმელ-საჭმელშიც
ჩაგეზიაროთ...
მარჯვენა ხელით მეფემ ნაჯახი ზემოთ აღმართა,
დევს მთელი ძალით კეფაში გლიჯა-ვაი დაჰმართა.
ენქიდუმ სამი დარტყმით ჰუმბაბას გაუპო გული,
დაეცა დევი ცოცხალ-მკვდარი და გულამოდგმული.
ძმებმა ჰუმბაბას ბოლო აკორდი არ დააცალეს
და ბრიყვი თავი ერთის მოქნევით ძირს წააცალეს.
რაიც რომ ესხა საჭურველი ტანით აჰყარეს
და ეს ამბავი ქურუმებმა რიმათს ახარეს.
ძმებმა შუბს აცვეს ბაყბაყას თავი,
მწვადი მიართვეს მზეს შესაწვავი.
როს ხბოს ლოცავდა ურუქში ფური,
ბოროტ გულს სხივის ხვრეტდა შამფური.
-ან როგორ იზამ საქმეს,მითხარი,
კეთილი ქველსა,
არ წააჭერი თუ რომ თავი
შხამიან გველსა?
-სარტყელის შემომრტყმელმა ძმებმა
ძლიერ ვიმარჯვეთ...
-და გავმარჯვეთ!
-და გავმარჯვეთ!
-და გავმარჯვეთ!
33
დაჭრეს სხივები,გაიფანტა ტყეში წიწილა,
(სად გაგონილა,ავის გაწყდეს სულ მთლად სინსილა)?
ზე ატოტილი ჩამოუშვა დევმა ტოტები,
ვეღარ მყარობდა ძირს ძველებურად მძიმე ბოძები.
ვეღარ ჰშველოდა მხეცს მოჭრილ თავში ხელების ცემა,
მოაკლდა რახან შვიდი აურის პატივისცემა.
დაეცა როცა მოკვეთილი,ვითარცა მორი,
ჩამოწვა ერთობ აუტანელი გვამისგან შმორი.
ბინძურმა სისხლმა კედროვანში შხეფად იკვეთა,
დევის ფეხი კი სამუდამოდ აღმოიკვეთა.
მიმოიფანტნენ უსიერ ტყეში მისი სხივები,
გამოეკიდნენ დევის წიწილებს მყის არწივები.
-შევეშვათ... ფეხსაც ვერ მოგვჭამს შავი დევის ჭიანი,
რას გვიზამს ჭია,თუ მოვკალით მეჭეჭიანი.
-ესეც არ იყოს, ავი შებუმბლავს სანამ წიწილებს,
მანამდე არაერთი არწივი ჩვენშიც იწივლებს.
-ესეც არ იყოს,სხვას თუ მოუნდა კვლავაც გმირობა,
ვის შეეჭიდონ,პიროვნულად,თუკი პირობა
აღარ ექნებათ?რამეთუ ავი არსად დარჩება,
-თუმცა დაჭრილი ან მოკვდება,ან გადარჩება.
***
-აწ რას დაგვაკლებს ალები-
ობოლი მაწანწალები?
-დევი თავს ვეღარ მიიბამს
და ვერც გულს გაიმთელებსა,
ჭია ვერ იგველეშაპებს,
თუ მოვაშორეთ დევებსა.
სიკეთის
და-ცა-მლეწველი-
და ბოროტების მრეწველი
დევი მივაკრათ ჯოჯო ხეს
და სამუდამო ჯოჯოხეთს.
ახალი ერა იწყება,
დევებისაა მოჭმული.
თუ დევმა ვერა გვიყო რა,
მისი რას გვიზამს მო.მული?
-ახალი ერა იწყება
დევებისაა მოჭმული,
დღეა ღამეზედ გრძელი და
სიკეთე ტახტზედ მორჭმული.
შამაშმა ტყე გაარღვია
აქამდე მზეთუნახავი.
სინათლემ ნახა ალაგი
მანამდე თვალთუნახავი.
ბოროტი სხვა რიგის ძალით
დაეცა კაცის ხელითა.
თმას უვარცხნიდა კედროვანს
მზე ოქროს სავარცხელითა.
-სარტყელის შემომრტყმელმა ძმებმა
ძლიერ ვიმარჯვეთ!
და გავიმარჯვეთ!
და გავიმარჯვეთ!
და გავიმარჯვეთ!
***
სინათლე ტყეში თანდათანობით
იხვეწებოდა,
მკვდარი ჰუმბაბა სიცოცხლეს აღარ
იხვეწებოდა.
დაიმტვრა ტყეში მხეცის მანქანა -
სხივი ბირთვული-
რას გარგებს ღონე,
ბუმბერაზი თუ ხარ ბითური?
აფეთქდა შუა ტყეში სიბნელე,სხივით გაბრწყინდა.
გამოჩნდა ზეცა და როგორც იქნა ტყეშიც გაწვიმდა.
ამოიკვეთა კედროვანში დევის სახელი,
ტყემ მოიხვია ყელსაბამი-ანუს სარტყელი.
34
სანამ ჰუმბაბა,თავწაჭრილი,სულს სულ ღაფავდა,
გილგი ხეს ჭრიდა,ენქიდუ კი ტოტებს კაფავდა.
ომს დაჰყურებდა შეძრწუნებული და ოფლიანი
ცა ვარსკვლავებით დანაღმული და ჭორფლიანი.
დასძლიეს ძმებმა დაუძლეველი შიშის სადგური,
დაეპატრონა ტყეს,ვისაც ჰქონდა მზისგან დასტური
და შეიცვალა პოლიტიკა ტყეში საკადრო
-უკაცრავად ვარ,კედარო,ცული უნდა გაკადრო.
-კედართა შორის გამორჩეული და რტომრავალი
დავაგდოთ,უკეთ რომ ვიხილოთ ამომავალი.
ხე-ებ-ში-თე-ენ-თე-ენ!ადგილის დედაი ძრწოდეს,
როს მზის სხივების შამფურზე ბნელი ცეცხლში იწვოდეს!
-კედარისაგან კარი გამოვჭრათ
ღვთისთვის ხისაო,
ამოვარჩიოთ მათ შორის უფრო
დიდი ხნისაო.
-მოვჭრათ კედარი!
-მოვჭრათ კედარი!
-მოვჭრათ კედარი!
უფალს ვაჩვენოთ საკუთარი
ნამოქმედარი.
მოვჭრათ ყველაზე უფრო მაღალი
ტყეში კედარი,
-ან ვინ რას გვეტყვის,
მამასახლისი
თუა ცხედარი?
-მოვჭრათ კედრები!
-მოვჭრათ კედრები!
-მოვჭრათ კედრები,
რამეთუ ფერდის მკუმშველნი ვართ
ჩვენ სახედრები.
***
მოჭრეს კედარი,რომლის წვერი ღრუბელს ატანდა,
ნამშობიარებ ტყის შიშებს ქარი ვეღარ ფანტავდა.
რა შერცხვენილი ბნელი ნათელში დაპატარავდა,
დარჩენილ ხეებს ღრუბელი ცრემლებს დაუფარავდა?
-გაჰკვეთს სიბნელეს ტყისას დილით ანუს ცისკარი,
ვინც აკაკუნებს,გაეღება იმას ღვთის კარი.
ერთ კეთილ საქმეს,მიმბაძველი გაუჩნდეს ბევრი,
მე ჩემი ვნახე,სხვამ თავისი ეძიოს ტევრი.
მზემან განწმინდა დამყაყებული
და მდგრადი შმორი,
ტყეში შეჭრილმა სხივმა გააპო
როს კორიდორი.
35
მო-ცა-კვდა დევი,მო-ცა-კვდა
და მის სისხლს მიწა ლოკავდა.
სხივს ჩიტი შეჰყვა კედარში,
გმირებს ჭიკჭიკით ლოცავდა:
-გილგამეშ,შენ ხარ პირველი
გაუკვალავის მკვლევარი,
ღვთის ნებიერა სვიანი,
პირმშვენიერი მძლევარი.
შენ ხარ სიკვდილის კარიბჭის
ცოცხალი გადამლახველი,
მარადიული ღამერის
გათენებამდე მნახველი.
იდუმალებით დაღლილი
შენ ხარ სიჩუმის მშთანთქმელი,
იხსნება ნისლის ფარდები,
რომ უთქმელი თქვა სათქმელი.
36
-ცოდვის სიმძიმით აქამდე ცრემლი
ბევრი მდენია,
მომიტევებდე,მზეო,
რაც მოკვდავს ჩამიდენია!
მე დაუღლელი მზის სხივი თავზე გადავიკარი
და გავარღვიე მხეცის მელამი,დევს ხელი ვკარი.
ახლა კი,დროა,გამოვთალო რომ ხვთის მე კარი,
საქმეს დავიწყებ,ენქი,ხელი წამომიკარი!
კედარის კარი გამოვთალოთ,ღირს თავდადება.
დე,ოცდაოთხი იყოს სიგანით იდაყვდადება.
არც ნაკლები და არც უნდა იყოს ზომაში მეტი,
სიგრძე კი სამოც იდაყვს პლიუს კვლავ ათორმეტი...
-და გავაყოლოთ ბურანუნას ქვემო დინებას,
-კარის მეორე მხარეს ნახავენ ჩვენს მოთმინებას.
-ევფრატის წყალი ატივტივებულ კარებს წაიღებს.
(განა ყველასგან,ან ყველა მსხვერპლს ღმერთი აიღებს)?
კარი შევაღოთ,ვნახოთ ალაგი ხელუხლებელი,
სადაც ღმერთების რანდევუა,შესაკრებელი.
-ვნახოთ ღვთის სახლი,რომლის ღერძი თვით ზესკნელს ჩხვერავს,
ვიხილოთ იგი,ვინც მოკვდავთა სიცოცხლეს ზვერავს.
ანუნაქები ვნახოთ წერაქვმომარჯვებული,
რამეთუ ჩვენ ვართ ბოროტებაზე აჯანყებული.
-თუ გავარღვიეთ გაურღვეველი კაცისგან ველი,
ვნახავთ სასახლეს,რომლის აპსუში დგას საძირკველი.
იგია ცენტრი ყოველთა
თავაღმართული სახლისა,
ფესვი გაუდგამს ქვესკნელში
და თავს ცის თავანს ახლისა.
იქ შეაჯამონ ძველი და
გვითხრან მიზანი ახლისა.
ვინც არ გასწირა სოფელი
მან გვაპოვნინოს გზა ხსნისა.
-ვნახოთ ღმერთების იმპერიის
სატახტო ვილა,
რამეთუ საქმით უკვდავებამ
უკვე გვიშვილა.
კედარისაგან გამოთლილი კარი ნაქები,
შეაღეს ძმებმა და იხილეს ანუნაქები.
37
-რაც ჯერჯერობით თვალთაგან
დაფარულია მალული,
სამანქანური ჯაჭვებით
ვიხილე წამოლალული.
მზე ვნახე,ჯდა ოქროს ნავში
და იყო ნავი მოქნილი,
პირველყოფილი ზღვებიდან
მიწა და ცა წარმოქმნილი
ვიხილე.ვნახე მთის ძირი
უფსკრულში და მიბჯენილი
მწვერვალით ცის კაბადონს და
ღრუბლებში პირდაფჩენილი.
წყვდიადის სახლში ვიხილე
მკრთალ სინათლეში ენლილი,
ვიხილე ორში მე ერთი
ვით სამში აღმოჩენილი.
ერთის ორმაგი ფუნქციით
ხე ბოროტი და კეთილი.
ერთ ხეზე ვით არჩევანი
მწარე და ტკბილი ხეხილი.
ერთში ვიხილე მე ორი
და ორში ერთი ენლილი,
რაც დღით არ ჩანდა ის ღამით
ვიხილე მზით გამხელილი-
ღამარი მომღიმარე და
პირიმზე პირმოწყენილი.
ორთავე ერთის წიაღში
წილობით გადმოწელილი.
თურმე,ვყოლივარ ჩემსავე
დემონებს გამოდევნილი.
ვბრუნდები დედის წიაღში
ხმიანი ხმაგაკმენდილი.
ეკლების ბოლოს,ბილიკზე
ვიპოვე გამოფენილი
აი,ია და ეს ია,
მისგან,ვინც უმაღლესია.
აი,ია და ეს ია,
ფიქრები შემომესია.
აი,ია და ეს ია,
მეფეთა ვნახე მე სია.
აი,ია და ეს ია-
ვნახე იგი და მესია.
***
ზესკნელს-ცის კარი,
ქვესკნელს- ჭის კარი,
ზემოთ და ქვემოთ
კიბე-ღვთის კარი-
ერთია ორი,
ორია ერთი,
ანუა სამი
მაღალი ღმერთი.
ვნახე სამყაროს შუაგულში ის დიდი ღერძი,
რომელზეც ღვთიშვილები იჯდნენ,ვით უფლის კერძი.
ვნახე ერთ ღერძში დატანებული მე სამი სკნელი
და სამი სკნელის ხეზე სამთა ერთი შემსკვნელი.
-----------------------------
შესამკობი,სამძიმარი,
სამთავრო და სამშვილდველი,
სამშჳდობო,სამართალი,
სამშობლო და სამშჳნველი.
სამჭელნი,გინა სამხარი-
ანუ ისევ სამ ხარ ერთი,
სამხვეწილო და სამარე,
სამზარეულო,სამხრეთი.
სამყარო და გასამრჯელო,
სამწყობრო და სამა(რს)ჯური,
სამწუხარო სამკაული,
ერთი,ოღონდ სამ ხარ ჯური.
ერთი ხის სამი სამცველო-
ხე ამ იყავნ-ვით სამ-ოცი,
სამაია,სამთა ქალო,
სამოსელი ვით სამოსი.
სამი მზის ერთიანობა
სამზე ერთი,ართი=არდი,
სა(მ)ლამი და სამლოცველო,
ერთზე სამი მისამარ(დ)თი
გასამხელი,დასამალი.
ხვალაც იყივლებს მამალი-
სამი,ორი,ერთი -არდი...
კვლა მიყვარხარ,ვინც მიყვარდი!
ხაშურიდან დილით მზარდი,
სამ-ა-აია,ვინ ხარ ვარდი,
სიბნელიდან განთია(რ)დი,
დია(რ)დი ხარ ვინ ლაჟვარდი.
38
შეაღეს კარი და იდუმალი ბინა იხილეს,
ამასობაში მახარობლებმა დილის იყივლეს
-მთავრდება ბნელი და ახალი თენდება დილა!
დილა,ო,დილა,დილა ო,დილა,ო,დილა-დილა!
იხსნება შავი ფარდა,დილა დგება ახალი!
დამარცხებულმა ბნელმა დაჰყარა ფერში ფარ-ხმალი.
-თუ მიყივლია,უნდა გათენდეს!-ამბობს მამალი,
დროა,ქვესკნელში ეძიოს ავმა დასამალავი.
თუ მიყივლია,დღემ გაარკვიოს მტყუან-მართალი,
უწმინდური კი სახლში გარბოდეს,დროა,დამფრთხალი.
გათენდება და დაიწყება რაღაც დიადი!
წყვდიადს გააპობს დღე დღესინდელი და განთიადი.
ჩემი ხმა ბნელში მეკვლეა რახან დილით ღამარის,
თუ მიყივლია უნდა გათენდეს!სხვა გზა არ არის
და მე არ მითქვამს:"მე კი ვიყივლე"…"რას ვჩივი"..."თუნდაც"...
თუ მიყივლია,ლაჟვარდოვანი დაგვიდგეს უნდა!!!!
სხვა გზა არ არის! გადაუდებლად უნდა გათენდეს
და გაბზარული კაცის გული უნდა გამთელდეს!
ფეხზე დამდგარი დახვდეს მზექალას ხაშურში მთები,
თუ მიყივლია,არვითარი ვარიანტები!
თუ განთიადის სადარაჯოზედ ვყივი მამალი,
ცამდე აზიდულ მწვერვალებიდან აღმომავალი
მზე დამანახეთ! მზის შვილებმა,გააღეთ კარი
ღვთის... და შენ მზეო, დამწუხრებულნი გულს ჩაგვიკარი...
და დავინახავთ შუქმფინარ სხივს მზე როგორ სტყორცნის
დედამიწას და თითოეულ მზის შვილს,ვით ჰკოცნის.
ვინც ელოდება,ფეხზე დგომით მიეგებება!
არ გამაგონოთ:"ვნახოთ","ვინ იცის","იქნებ","ეგება"?
-რასაც დაეძებს იმას იპოვის ბოლოს მსტოვარი,
რასაც იპოვის-გახდება ყველას მონაპოვარი
და გაღვივდება მიცვალებულის გულში მარცვალი,
როს მეორე ცალს იპოვის,რაიც იყო ცალცალი.
39
-ბედგაუტეხელს გზა დამილოცე,დიდო ენლილო!
ჩემსკენ ჰქენ პირი,ციხევ,ცაზედ წვერმიბჯენილო!
თუ ვაკაკუნებ,გამიღე,ღმერთო,ღვთისშვილს ღვთის კარი,
მორიგე ღმერთო,არ ჩამიკეტო ცხვირწინ ცისკარი.
ალვის მაჩვენე ხე,ქვესკნელში ფესვებგანრთხმული
და მის რტოებზედ ღაბუშები სახელგანთქმული.
გამაგებინე შენს მძებნელ დერვიშს ვინ ვართ და რანი,
საით წაგვიყვანს ნაპრალიდან ვიწრო დარანი.
გავიგო,ოქროს ტახტზე ოქროს ბაგით
რაც ითქვა,
მოკვდავი სიტყვით უკვდავი გავხდე
და ხმა გავითქვა.
მორიგე ღმერთო!
ოქროს ბაგე
გახსენ,დაძარი!
შენ აუშენე ჩემს ხალხს გულში
მზეო,ტაძარი!
40
-ენლილი უკვე ნიფურშია,
უთუ-სიპარში,
ჰუმბაბა მკვდარი,
თუმცა,მაინც დამდევს სიზმარში.
-თუ რომ გავნაღმეთ ტყე-დევისგან
სხივდანაღმული,
დროა,გავმართოთ დაპირებული
ურუქს აღლუმი.
დროა,აღვმართოთ დედაქალაქში
ხსოვნის კვარცხლბეკი,
ლაპარაკობდეს რომ თაობა
ჩვენზე დამდეგი.
-დაღათუ კედარს მოვაშორეთ
დევი ცხოველი,
აღვმართოთ ურუქს ხელთუქმნელი
სვეტი ცხოველი.
-მარადიული მარმარილოსგან
ავაგებთ კვარცხლბეკს,
იგი გაუძლებს ყოველ დროში
დროს-ხსოვნის აბრეგს.
41
-მზეო!ჩამისვი
უბესა,
დევის მაშორე
წუმპესა.
ვნახე ჩასული მზე და ოქროს
ვნახე მე ნავი,
მივდივარ სახლში,მიმაქვს საჭურჭლე
და ნატყვენავი.
-თავისუფლება წასვლის კი არა,
შინ დაბრუნების არის უფლება,
გასულფონებულ ოღონდ სანამ ყმას
მზე თვინიერი დამეუფლება,
გამარჯვებული დავბრუნდე უნდა
ურუქში კურო,
მარტოობაში კაცობრიობას
წყალი ვაპკურო.
გულზეც ვასხურო-გაქვავებული
თუა,დავულბო
და გზები უთუს მიმართულებით
თამამს დავუთმო.
ახალი წელი ჩემს ხალხს ორჯერ
შევპირდი რაკი,
გამოვუთალო კედარისაგან
მას ჩიჩილაკი.
-ჩვენ გამოვთალოთ სხივდახუნძლული
ჩიჩილაკები,
დავრჩეთ ღამეში,ვით მონაწილე
მზის ღილაკები.
-დროზე დავიწყოთ საქმე,დრო არ
დავკარგო ფუჭად,
ვით მზის სხივები სიცოცხლის ხეზედ
ავქნათ ხუჭუჭად
წილამურები-მზის წილები-
თეთრი,ვით ცხვარი,
-ოთხად შეხეთქილ თავზე
დავადგათ ხატი- ვით
ჯვარი.
-და მზის ნიშანი მის მწვერვალზედ ჯვრით გავამყაროთ
და მოვაქციოთ პატარა ხეში მთელი სამყარო.
შენ დამილოცე,მზეო,ჩემი ოთხივე კუთხე!
შენი სხივებით მთელ ერში თითო კაცი მიკურთხე!
-ორმა მზის ბურთმა
აავსეთ სახლი ბურბუშელებით,
მზის სხივის ძალით
წარწირულებს
მოგეშველებით.
ნაყოფიერი თუ გინდათ ამ წელს
ბურბულეთს მადლი,
ბალაგასული ჩამარხეთ ყანას
(ვერ შეჭამს მატლი).
***
დაიდგით სახლში
ახალ წელს ყველამ
ჩიჩილაკები
და ტალახიანს
მზის ნუ გაშინებს
მცირე ლაქები.
42
-კლდიდან გადმოღვრილ წყაროს საცქერად,ძმაო,რაღა სჯობს.
პირსისხლიანი დევი თუ მას აღარ დარაჯობს?
-მგელი და კრავის ერთად ყოფნა თუ არ მოსულა,
არ უნდა იყოს ცხვარი ბერწი და მგელი ორსულად.
-ვეშა წყაროთი დავიწყო კვება,
სიმურის ჩანჩქერს მივადო კეფა,
მარადიული გავიყო ჩქეფა,
როგორც უკვდავმა დავიწყო ყეფა.
-წავიდეთ სახლში!თავისუფლებმა ვქნათ ამა-არ-გი.
შევირგოთ მადლი,მზის სხივებით გულში ნაქარგი.
მსხვერპლი შევწიროთ ღმერთებს,ავი ვაქციოთ კარგად,
მადლის სანაცვლოდ,მზეო,სიკეთე მიიღე ხარკად.
-კოცნით დავუშროთ ნინსუნას
თვალები ცრემლით მლაშენი.
ვუთხრათ,ავლაგმეთ სხივები,
კედროვანს მოპარპაშენი
და ვუფეშქაშოთ ჰუმბაბას
განძიდან გულის სამშვენი
და ყელის ჯაჭვი,ოქროში
ზურმუხტით მოკაშკაშენი.
ავავსოთ ხალხი ბარაქით-
უხვად გვაქვს თვალმარგალიტი.
-უძლეველიც რომ იძლევა
ვუთხრათ,რომ ვართ მაგალითი.
43
-ვბრუნდები დევის მელამით
ძალღონემომატებული,
ომგადახდილი და ძლიერ
მშვიდობამონატრებული.
მე შევაღწიე კედარის ბნელ და უღრან ნაკრძალში,
გზას ვეძებდი და ბოლო საწყისი ვნახე ტაძარში.
უგულებელვყავ მხეცის შვიდი აბჯარ-მელამი
და მიმოვფანტე წიწილები,თვალად ელამი.
დევი მოვკალი!ვარ სახლისკენ მე წარმავალი,
(დევს მივაყოლე ბარე ბევრი ქვეწარმავალი).
თუმცა,ცოდვებსაც მიუჩინა ენლილმა ბინა,
გადაშენებას დაქუცმაცება როს ამჯობინა.
მადლი დამყვება დაუფარავი ელვარე მზისა,
ზებუნებრივი სხივოსანი ენერგიისა.
დედამიწაზე სიცოცხლე მინდა,უფრო ფერადი,
რომ პანთეონის ჩემში დარჩეს ისევ ბელადი.
უკუნ ღამეში ვარსკვლავი
მზის ნაწილით ვარ მზიური,
ვარ ჩრდილში უთუს ფანტომი,
ვარ მზე-რა ფანტაზიური.
მზის ჩასვლის შემდეგ მზის შვილი
ვარსკვლავთა ძმა ან და ვიყო-
ლამაზთან ლამაზი ვიყო,
ღამის საბანი გავიყო.
გვერდით შენ მყავდე,ენქიდუ-
მოძმე მნათობი ციური,
წყვდიადის სახლში მზის მოწმე,
ციმციმით ემოციური.
-ღამის ცარგვალზე აინთოს
ვარსკვლავი ჩემი და შენი.
გამორჩეულად ვბრწყინავდეთ
წყვდიადში მოკაშკაშენი.
44
-დარანის ლიფტით სიცოცხლის ხეზე ვარ მოგზაური,
მზით გალახული
და კუბიკებად დაჭრილი ღამის ნაპრალებიდან
მომყავს ზაფხული.
დაუღალავში გადაღლილი
გესტუმრე ლეში
შენს წინ გათხრილი ჭიდან ქვესკნელის
ოკეანეში.
მაკავშირებდა წყვდიადში შენთან
წყლის
ერთი წვეთი,
ვშიშობდი ბნელში,არ დაგვეკარგა
რომ ერთმანეთი.
მოვედი,ანუ ვიხილე
უოხჭნო გზების ოხჭანი
საწყისში.ის წვეთი ვნახე
შენს წინ მითხრია რომ ჭანი.
მოვსულვარ გასულფონებით
მეგობრით,არ მყავს წინ ჯარი-
შენი რჩეული ღვთისშვილი-
პირი-მზე,ანუ პირ-ჯვარი.
ვიხილე დაბუდებული
სიცოცხლის ხე სხივნაყარი.
მეკვლედ ზაფხული და კვალში
მარცვალთა უხვი მაყარი.
45
მოდი,ვნახოთ მადლი,
რამ შეჭამა მადლი?
მიველ,ვნახე მადლი,
ცოდვამ ჭამა მადლი.
მოდი,ვნახოთ ცოდვა,
რამ შეჭამა ცოდვა?
მიველ,ვნახე ცოდვა,
კაცმა ჭამა ცოდვა.
მოდი,ვნახოთ კაცი,
რამ შეჭამა კაცი?
მიველ,ვნახე კაცი,
დარდმა ჭამა კაცი.
მოდი,ვნახოთ დარდი,
რამ შეჭამა დარდი?
მიველ,ვნახე დარდი,
ღამემ ჭამა დარდი.
მოდი,ვნახოთ ღამე,
რამ შეჭამა ღამე?
მიველ,ვნახე ღამე,
მზემ შეჭამა ღამე.
მზემან ღამე,
ღამემ დარდი,
დარდმა კაცი,
კაცმა ცოდვა,
ცოდვამ მადლი,
მადლმა რა?
მადლმა პური გვაჭამა!!!!
უფალო,შენ შემიწყალე,
ანუ გამიღე შენი ბჭე!
საზღვარგარღვეულ სახეცვლილს
სიცოცხლე კვლავ მომანიჭე!
თენდება!ღამემ ვარსკვლავით სავსე მოიკიდა
ზურგზე გიდელი.
მთვარე ჩავიდა,დაგვადგა თავზედ
დღე დღესინდელი!
ძეო,მზისავ!
მზეო,ცისავ!
სიცოცხლეო საწყისისავ!
შენა ხარ ბოლოს ბოროტის
ხერხემლის სხივით მხერხავი,
გაქვავებულზე სიცოცხლის
ბალახით ამომტეხავი.
მარ შამში,შამშუ შა,შამე!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!!!
შემოვიარე წყალი და ხმელი
ზესკნელ მთა-ბარი,
მთვარეზე ნაშობს მომაქვს გული
უთუს გამთბარი.
***
სიკვდილის პირას ყოველი
დარწმუნდა,
სიყვარული,ვით საგზალი,
კაცს უნდა.
ჟამი დადგება როს უკუ
ათვლისა,
დაუნთებელი ჯავრი გვკლავს
სანთლისა.
46
ორი ძმის ესე დამთავრდა ერთი
საქმე გმირული.
ორმა ბოკვერმა დააგდო ლომი,
გულგანგმირული.
დაიმტვრა ტყეში მხეცის მანქანა -
სხივი ბირთვული
და იყო მძიმე უკუგზა
განძით გადატვირთული.
p.s
ერთი ლექსი
დღემდე დამდევს,
ვერ ვერევი
დღემდე ამ დევს
ერთი ლექსი,
ერთი ლერწმის,
დამდევს დღემდე,
ანუ მერწყმის
და მონა ვარ
ერთი მე ყმის,
ვახმოვანებ
რაც რომ მეთქმის.
მე ლექსად ვთქვი,
(არ ვარ ვერდი),
მკარნახობდნენ,
ჰოდა,ვწერდი...
შევიცვალე
სანამ გვერდი,
ალალთან ვარ....
ალავერდი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი