ჰემინგუეი


“მე იგი მაშინვე ვიცანი – თავის მეუღლესთან, მერი უელშთან ერთად სენ-მიშელის ბულვარზე სეირნობდა პარიზში. 1957 წლის გაზაფხულის წვიმიანი დღე იყო. ისინი ქუჩის მეორე მხარეს მიდიოდნენ, ლუქსემბურგის ბაღისკენ. უზარმაზარი კაცი, რომელსაც გახეხილი ჯინსის შარვალი ეცვა, თავზე კი ბეისბოლისტის ქუდი ეხურა, მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებისგან, თუმცა უხეში ძალის განსახიერებააო, მაინც ვერ იტყოდი.
იმ დროს იგი ორმოცდაცხრამეტი წლისა იყო, მაგრამ სიცოცხლის ხალისით სორბონელი ახალგაზრდების ნაკადშიც კი იქცევდა ყურადღებას. ფიქრადაც ვერ გაივლებდი, რომ სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ ის ცოცხალი აღარ იქნებოდა.
დაბნეული ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. მაკავებდა ჩემი პრიმიტიული ინგლისური, მტანჯავდა აზრი, რომ ვერ გავუგებდით ერთმანეთს. ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე – ტარზანივით მივიტანე ხელისგულები პირთან და ვიღრიალე:
“მა-ა-ა-ეეე-სტრო!!!”
ჰემინგუეი უმალვე მიხვდა, რომ მის გარდა სტუდენტთა მასაში მაესტრო არავინ იქნებოდა, შემობრუნდა, ხელი მაღლა აიქნია და ბიჭური სიმკვირცხლით მომაძახა ესპანურად: ” adios, amigo!”
ეს იყო ჩემი ერთადერთი შეხვედრა მასთან (მაშინ 28 წლის ვიყავი). მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევამ სამუდამო დამიტოვა განცდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც არაჩვეულებრივად მნიშველოვანი რამ მოხდა.”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი