უბრალოდ, მართლაც ლამაზი ქალი!.. .-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.-.


მოდის და ქუჩას ხალისით ავსებს, 
ჟრუანტელს აფენს სიცოცხლით მთვრალი, 
და გაოცებულ თვალების სალტეს, 
ლაღად მოარღვევს ლამაზი ქალი. 

ერთს შური მსჭვალავს: "ამას შეხედეთ, 
ცა ქუდად უნდა,მიწა - ქალამნად...” 
ვიღაც კრიჭაში ჩაიკლავს ბოღმას, 
ვიღაც დააწევს წყევლას ქარაგმად,

ზოგი ხითხითებს,ზოგი ქილიკობს, 
ვინ ვნებით გესლავს, უხამსი თვალით,
და ცოდვის კალოდ ქცეულ სამყაროს. 
მაინც... ამაყად მიაპობს ქალი. 

მოიგოგმანებს შველის იერით,
შეთვალულ სხეულს მოარხევს სხივად,
მის ნატერფალზე გამკრთალი შუქი, 
ქვაფენილს მკერდზე ასხმია მძივად.

დალოცვილს, ალვად უწვართავს ტანი,
კაბის შრიალში სინაზეს კვართავს, 
ნაქურდალ მზერას, მის კვალზე ნასროლს, 
ჩახრილ წამწამთა ბადეში ხლართავს. 

მოდის, ქუჩაში სიხარულს აფრქვევს,
ჟრუანტელს აფენს სიცოცხლით მთვრალი, 
და ყველას ხიბლავს ჩუმი ღირსებით, 
უბრალოდ, მართლაც ლამაზი ქალი!..

#Mimino

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი