ედემის ბაღში ვარდი დავკრიფე


ედემის ბაღში ვარდი დავკრიფე
და სიყვარულზე ვწერე და ვწერე,
თუ ერთხელ ქალი გადაივიწყე
ვეღარაფერი გიშველის მერე...

ოო რა ძნელია ეს მონატრება,
ლამის მაჯები გადავისერე!
თუ ერთხელ ქალი მოგეკარება,
ვეღარაფერი მოგხიბლავს მერე.

ამ ღვთიურ ნეკნში არის ხატება,
სინატიფე და სიმშვენიერე,
თუ ერთხელ ქალი გაგიჯავრდება,
ვეღარაფერი დაგიცავს მერე.

არის ტირილი, ცრემლი და გლოვა,
სატრფოს თვალებს თუ ვერ მოეფერე.
თუ ერთხელ ქალმა ლოდინი გთხოვა,
ვეღარაფერი გადაგთქვამს მერე.

რა კარგი იყო, ოხ იმ დროს იმ დროს,
მთვრალმა ლექსები რომ მივუმღერე,
თუ ერთხელ ქალმა თავისთან გიხმო,
ვეღარაფერი დაგიხსნის მერე.

და როგორ გარბის ძვირფასო წლები,
რა ლამაზად ჟღერს „ჩვენი სიბერე“
თუ ერთხელ ქალში დაიკარგები,
ვეღარაფერი დაგატკბობს მერე.

ღალატი ნდობის მახეა ვიცი,
ბავშვობიდანვე გადავემტერე,
თუ ერთხელ ქალმა დაგიდო ფიცი
ვეღარაფერი გაგტეხავს მერე.

ბროლის თასებით დავსცალე ღვინო
და სიყვარულზე გულით ვიმღერე,
ოოხ ქალი როგორ გადავივიწყო?
თუნდაც იმ ერთი საღამოს მერე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი