მე კვლავაც ვმღერი


ყველა ზღაპარი ასე მთავრდება?
წლები გადის და მაინც ვერ ვხვდები,
ვითომ ამნაირ გრძნობებს ბადებდა 
თქვენში ძვირფასო ჩემი ლექსები?

ცრემლები ვიცი როგორც მამხელდა,
როგორ მტანჯავდა ეს ყველაფერი,
ნუთუ ამნაირ ფიქრებს აჩენდა
ჩემი კალმისგან აყრილი მტვერი?

გასული წლების მტანჯავს სიშორე
და წამებულთა დამსდევს ლანდები,
თუ ვეღარ მნახე, ან ვერ მიპოვე
სიზმარში ცხადად მოგელანდები.

წმინდაო დედავ, ისმინე ჩემი,
ეს წვა და გლოვა ფარული დარდი,
მე რაღად მინდა მქუხარე ტაში
თუკი სულ ყველას გადავუყვარდი,

მე აღარ მინდა მტკიოდეს გული,
მბანგავდეს ცეცხლთა მწარე ენები,
შემძაგდეს თავი მიტოვებული,
ან სიგიჟეში შენაჩვენები.

სადღაც მგრგვინავი ხმა ისმის გრდემლის,
რომელსაც მყუდრო ხმაური ახლავს.
მითხარით ფასი დაღვრილი ცრემლის
ან იმ ღიმილის ცრემლებს რომ მალავს.

წმინდაო დედავ, დიდხანს ვეწვალე,
მთანგავდა ღამით გრძნეულთა ლოცვა,
უკვე მომბეზრდა, მინდა რომ მალე
დასრულდეს ჩემი ბორგვა და ბოდვა.

რაც უფრო ადრე გრძნობები კვდება,
მით უფრო მალე იხარებს ვარდი,
მაგრამ ზღაპარი როგორ მთავრდება
ეს არის მთელი ეპოქის დარდი.

ახლა კი ღვთიურ კარიბჭეს ვუმზერ,
ნანგრევებს ვკაფავ და მე იმ კვალში
ვგრძნობ რომ უამრავ მოგზაურს ვუმღერ,
ზოგს აქვე ახლოს, ზოგს მომავლში.

და რარიგ ძნელიც არ უნდა იყოს,
სულ მარტომ ვზიდე ეს ყველაფერი,
ვერ მომერივნენ დამქცევნი ბედის,
მე კვლავაც ვმღერი, ვმღერი და ვმღერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი