ზოგს არ შეხსნია ძველი ჭრილობა


ზოგს არ შეხსნია ძველი ჭრილობა
ზოგს კი სიკეთის შერჩა იერი,
ადამის დღიდან კაცობრიობა
ჯერ არ ყოფილა ასე მშიერი...

ზოგს ოქროს ლოდი უჩანს საუნჯედ,
ზოგიც მცირედით არს მადლიერი,
ჭირგამოვლილმა წლებმა იციან,
ვინ არის სუსტი და ვინ ძლიერი...

ვის ჰპატრონობდა ფარული ვნება,
ვის განდიდების ჰკლავდა წყურვილი,
ვის მძარცველური აჩნდა შეგნება,
ვის დახმარების ჰქონდა სურვილი.

ახლა კი ფიქრი ვის აქვს ძმობილო?
ქარმა დაგლიჯა მწარე დუმილი,
ვის ვესაუბრო? ვის გავუმხილო?
ჩემი დარდი თუ სევდა, წუხილი...

მძიმე ქუხილი დაანგრევს კედლებს,
მაგრამ რჩეულნი კვლავ იმღერებენ,
მორევში მტკიცედ აღთქმულ პირობებს
ნაპირზე გასვლის დროს ივიწყებენ.

აცრემლებული თვალებით ლოცვას
უღმერთოებიც რომ დაიწყებენ,
ღრმად ჩასუნთვისას დადებულ ფიცებს,
ამოსუნთქვამდე დაივიწყებენ.

ამ უღვთო გუმანს, განგების რიდეს,
ვერავინ ქვეყნად ვერასდროს შეცვლის,
თუ ვინმემ უცხო მანტიით გნახა
დაგიძახებენ გიჟსა და შეშლილს.

და უკანასკნელ წუთების გარდა
ბავშვობის დღიდან ყველაფერს ვთმობდი,
ხანდახან ვფიქრობ რომ მე ამ ქვეყნად,
რაღაც არასწორ გათვლებით მოვხვდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი