ბალადა სიყვარულზე
I აფრიალებს კაბის კალთებს გაზაფხულის სიო, ლამის გული გამიხეთხოს, ლამის გადამრიოს, მიმოფენილ ყვავილებში გადაქარგულ თმათა, ათას ვარსკვლავს მირჩევნია სიყვარული ქალთა. მოგვირილებულ წამწამებს, ქროლვას გულისთქმასა, ვინ გაუძლოს დაუღალავ ფეთქვასა და წვასა... ვინ დასცალოს ლალის ჭიქა უხვ გრძნობებით სავსე, ვინ მოშანთოს საუკუნო ფიცი ცხელ გულბანდზე, ვინ შეტრფოდეს ახალგაზრდულ ლტოლვასა და ხმასა, და გადასდოს ვნების ცეცხლი მოხასხასე ვარდსა. წინ აღუდგეს ხმალაღმართულ სპა-ალქაჯთა ჯარსა, გრგვინავდეს და ზურგს უქცევდეს ადიდებულ ქარსა. რადგან ტრფობის ღვთიურ ალერს სიყვარული შველის, რადგან მხოლოდ გედმა იცის გედი როგორ მღერის, ყური უგდეთ მგოსნის გუმანს და მომართულ ჩანგსა თორემ ფიქრი კვლავ აგირევთ თავში სათვალავსა. II თორემ მერი, თქვენ რა იცით, რა ანგელოზს ჰგავდა! გალაკტიონს სასიკვდილოდ გზას რომ უკაფავდა. ტარიელი შიშველ ხელით მგრგვინავ ვეფხვს რომ ჰკლავდა და ავთანდილს თინათინის მონატრება სწვავდა. დონ კიხოტს რომ სანუგეშოდ დულსინეა ჰყავდა, ჟულიენს რომ დე რენალის ვნება გულს უკლავდა, ესმერალდას ფებუსის ხმა სულს რომ უწამლავდა, კვაზიმოდოს ცოცხალ კუბოს, გრძნობა რომ მარხავდა, თვით ამგვარი სიყვარულით სატრფო ვის უყვარდა, როცა კვამლში პუშკინის გულს ცხელი ტყვია სწვავდა. ამადეო მთელი ღამე ჟანას რომ ხატავდა, თქვით ამგვარი გატაცებით სატრფო ვის უყვარდა? ტროას ომი აკრძალული ალერსის თასს ნთქავდა, მაშინ როცა საბერძნეთი ისტორიას თხზავდა, საუკუნე მძვინვარე მთის ბობოქარ ქარს ჰგავდა და ღმერთებო ალის ნინო როგორ შეუყვარდა? III სანამ გული გრიალებს და გრიგალივით ფეთქავს, ირგვლივ ყველა დაბრკოლებას უმალ გადათელავს. ზღვას დააშრობს და შემშრალი ზეცას გადასერავს, ცხელ უდაბნოს როგორც წვიმა ისე გადაცელავს. ველურ ალერს მოიმკის და ცეცხლად ამოხეთქავს, დამწვარ სხეულს შეაშველებს გადათოვლილ მწვერვალს, რომ დატკბეს და დაიშუშოს გულში ცხელი ვნება, რომ დილამდე სულს ღადრავდეს ტრფობის ნეტარება, რას არ გასცემს, რას არ დასთმობს თუკი ენატრება, ქალთწულთაგან მონაქროლი მძაფრი მხურვალება. IV ახლა როცა ჩამავალ მზეს ბინდი ეფერება, სულს ნამქერი პოეტურად ებაირონება შექსპირი კი ამ ფიქრებზე ცეცხლის წაკიდება, ვინ მიჰყვება გოეთეს ხმას, იმის მღელვარებას, ან დანტესთან დღეს ვინ შეძლებს სიმის ატოკებას? ვარსკვლავთცვენას და ქართულად ამოჩუქურთმებას, დამჭკნარ ვარდის მორჩენას და კვალად გახარებას, გორგილაძის სამშობლოში ვაზის აყვავებას და აკაკის გამზრდელ ენას, ქებას ან დიდებას, სხვა ვინ შეძლებს სიყვარულის ასე გაღმერთებას დიდოსტატთან შებმასა და მთვარის მოტაცებას. თქვით ვინ შეძლებს ჩანგის ისე ტკბილად ამღერებას, რომ მიუხმოს ფშაველას ჰანგს, როკვას და სიმღერას. V სანამ სულში ჩანჩქერივით ღელავს ტრფობის კვარი, ვერ ჩააქრობს მძინვარე მთას წვიმის ნიაღვარი, ვერც გაზაფხულს ცისფერ ლანდთა მონაქროლი სიო, რაგინდ ცეცხლში გამხვიოს და სულ მთლად გადამრიოს. ვერც ყივჩაღთა მზაკვრულ ბურანს ვერ გაადნობს ქარი, და ვერც გრდემლზე მჭრელი რკინის კვნესა და ზანზარი, ვერ გააპობს გადმოფრქვეულ თვალთგან ცრემლთა გუბეს მას რაც მხოლოდ სამარის ქვა ალღობს, ასულდგმულებს. ვერაფერი ვერ ჩააქრობს იმ ცეცხლს გულს რომ სწვავდა ქვეყნად ჩემო ძვირფასებო, სიყვარულის გარდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი