ჩვენ ყველამ ვიცით


ჩვენ ყველამ ვიცით, რა ტკივილებს ინახავს წვიმა,
თუმცა კი მაინც გვირჩევნია მისი ხმაური,
დავდგებით ხოლმე ფანჯარასთან და წვიმის წვეთებს,
ვკითხულობთ უხმო მონატრებით და სინანულით.
ჩვენ ყველამ ვიცით, რა გვჭირდება, ვინ გვინდა გვერდით,
მაგრამ რატომღაც არ ვმოქმედებთ, რაღაც გვაბრკოლებს,
და მერე გვიან აღმოვაჩენთ, რომ თურმე როგორ,
შევმცდარვართ, რადგან ავყოლილვართ უცნაურ ჭორებს,
ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უნდა იცხოვრონ სხვებმა,
რა უნდა ეცვათ ასაკის და როლის მიხედვით,
ჩვენ ყველამ ვიცით, ვის რა სტკივა, რა უხარია,
და ღამ-ღამობით ვინ იძინებს მეზობლის გვერდით,
ჩვენ ყველამ ვიცით, ხელოვნება რა ძვირფასია...
ხელოვანი კი თავისთავად ცოტა შეშლილი,
თავისებური, გულცივი თუ სახემტკივანი,
დადის ქალაქში გაბურძგნული და გაჯეჯილი.
ჩვენ ყველამ ვიცით, თვითმკვლელობის აბსურდულობა,
არარსებული მიზეზების ქვაფენილები,
ნეტავ ვის ესმის ამ ქაოსის ჩახუთულობა,
მსხვერპლი იყავი, მკვლელი გახდი და გარდაიცვლები,
ჩვენ ყველამ ვიცით, ყველაფერი რაც არ გვჭირდება,
და ყველაფერზე გვაქვს პასუხი დასაბუთებით,
გვიყვარს სხვის ომში ჩარევა თუ გამოკიდება,
ფანატიკური გეგმებით და რაღაც მცნებებით,
ჩვენ ყველამ ვიცით, ქუჩის სკოლა, დალევა, ჩხუბი,
გამოგვიცდია ყველაფერი რაც კი არსებობს,
და არ გვანაღვლებს არაფერი გარდა ძმობისა
რომელიც უკვე რა ხანია აღარ არსებობს.
ჩვენ ყველამ ვიცით, რა ტკივილებს ინახავს წვიმა,
თუმცა კი მაინც გვირჩევნია მისი ხმაური,
დავდივართ მდორედ, უღერღილოდ, ხელის ცეცებით,
სახლში კი შეგვაქვს პრობლემა და აურზაური,
ჩვენ ყველამ ვიცით, ახლობლობა, თავის გატანა,
ქვემძრომიალი და ნიღბების მთელი ოთახი,
გულახდილობა ვიცით თუმცა ისიც ხანდახან,
როცა გვგონია შევიცვალეთ ოღონდ ცოტათი,
ჩვენ ყველამ ვიცით, კლდეზე ცოცვა, შტანგის აწევა,
და სამსახურის მოძიება ისე გვიჭირს რომ,
არ შეგვიძლია ნერვოზისთვის თავის დაღწევა
გვირჩევნია და ასეც იყოს ცოლმა გვარჩინოს,
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არაფერს აღარ აქვს აზრი,
გეგმებს კი ვაწყობთ და გვგონია ისე იქნება,
როგორც ვარდისფერ სათვალიდან აღბეჭდილ კადრში
და ყველაფერი თავისთავად გარდაიქმნება.
ჩვენ ყველამ ვიცით, ძილის წინ რომ ერთი წამია,
როცა საკუთარ თავთან ვრჩებით, ასე პირისპირ,
როგორც ვიქცევით, რასაც ვამბობს სრული ფარსია,
მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ გარდა ტირილის
და ეს ცრემლებიც სინანულთან არაფერია,
რომელიც წვიმის წაკითხვისას რატომღაც მოგვდის,
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ცხოვრება ვრცელი გემია
სადაც ყოველ წამს ზოგი ჩადის, ზოგი ამოდის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი