თქვენ


თქვენ ყველაფერი იცით,
მე არაფერი ისევ,
მაინც არ მესმის თქვენში
სიძულვილს რატომ ვიწვევ?
ფიქრებს გიყუჩებთ ბოლი
ნაირნაირი ფერის,
მე კი საამო ჰაერს 
ვსუნთქავ და ისე ვმღერი,
თქვენ ველურ ცეცხლში ბორგავთ,
ისვრით მოწამლულ სიტყვებს,
ვფიცავ სულამდის აღწევს
და გულის კარებს მინგრევს,
რომ მე ვერაფრით გშველით,
ვერაფრით გაიმედებთ,
თვალებისათვის თვალებს...
ხელებისათვის ხელებს...
შებორკილი მაქვს ვრცელი,
სურვილის კიდობანი,
წელს ემატება წელი
ხელებს დამჭკნარი კანი
იანვარია ცივი,
სუნთქვა ყელამდის მიჭერს,
თქვენგან დუმილიც როგორ
სიკვდილის თვალით მიმზერს,
და მე მტანჯავდა ისიც
როცა ვიყოფდით ჰაერს,
ავის მსურველი სიმართლეს
ვერაფრით შეიყვარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი