ულისე


ჩამოიქცევა ზეცის ზარები,
წალეკავს ხიდებს მძიმე ლოდები,
მე კი დავრჩები,
დაგელოდები,
სულთან მოგიტან სიტყვებს
და გაღეღილ მკერდს მოვეფერები
ჩემო ულისე....
ჩამოიხევა ტაძრის კარები,
დაიფანტება ქარში ზოდები,
მე კი დავრჩები,
დაგელოდები,
თვალებს მოგირთავ, მოგიალმასებ,
სულზე უტკბესო და მშვენიერო
ჩემო ულისე...
ჩაიხერგება მომავლის გზები,
საუკუნეებს გადავშორდები,
მე აქ დავრჩები,
დაგელოდები,
მოხატულ თითებს გაგიფერადებ
ჩემო სინაზევ,
ჩემო ულისე.
რა ადვილია შენთან ცხოვრება
თივაში წოლა და მოგონება, 
ჩნდება და ქრება,
ჩნდება და ქრება,
შენი ტუჩების მგზნებარე გემო,
მიმოხვეული მთვარე და გზები,
გადაბაწრული ლურჯი კორტები,
მე რომ დავრჩები
დაგელოდები,
ისე ვერავინ გაგათბობს სხვა,
ვფიცავ არასდროს არ მოგანატრებ
ალერსს ულისე.
აი კოცონი,
ზღვა და ქვიშაა სულ,
ჩვენი ცხოვრება ჩვენვე გვეკუთვნის,
მე შენ მიყვარხარ,
შენ მე გიყვარვარ,
ჩვენ ერთად ყოფნა გვსურს.
პოეზიაა ჩემი ფიქრები,
არავის ხატს მე არ ვეჯიბრები,
მიყვარს სიჩუმე, ტბა და გედები,
ალკოჰოლური მოლანდებები
და უსასრულო დრო.
ჩამოიფრქვევა ციდან ბზარები,
აღელდებიან ზღვა კოლონები,
მე... აქ დავრჩები
დაგელოდები,
მხოლოდ და მხოლოდ
შენ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი