ოღონდ ეს გზა დასრულდეს!
რთული პერიოდია, ვეომები ნაცნობ გზებს, საუბარი დამძიმდა, სუნთქვა უფრო ძნელია, გული მტკივა და ვუმზერ გაუკვალავ დღიურებს, მივდივარ და თანაც ვგრძნობ ძალა გამომლევია. დატალღული შუბლიდან, ბედისწერა იშლება აი ჩემი ბავშვობა, სოფლის გრძელი დღეები, ვწუხვარ ძლიერ, რადგანაც ნელ-ნელა მავიწყდება, გათანგული აპრილის დაღლილი სახეები. მე არ ვიცი სიჩუმე, არც სიმშვიდე მსმენია, ჩემი სული მშფოთვარე, ცხელი, დაუღალავი, დიახ, ცხოვრების გზაზე, ბევრი მომითმენია, რადგან მევლო ამაყად, გზები გაუკვალავი. რომ მეთიბა ივნისი, მზის და მთვარის არეში, გუბეებით მომერთო დარდი და სიმარტოვე, არასდროს მიმიღია არავისგან ნუგეში, ყველა ჩემი ტკივილი მარტომ გამოვიგლოვე. აი ჩემი ცხოვრება, ვრცელი ნიაღვარები, მსურს ძილისგან ამაღამ აღარ გამოვიღვიძო, მე სიკვდილზე არ ვღელავ, სიკვდილს არ ვედარდები, ამ სამყაროს როგორმე უნდა გადავესხვისო. თუნდაც იგი არ იყოს, განა რასმე მოველი, ღრუბლებია დილიდან, მთების კოლონადები, გასაცემი ცოტაა, უფრო მეტი მთხოვნელი და ჩაკლული სიზმრიდან მოსჩანს ცეცხლთა ბზარები. რა დარჩება ამ გზაზე? ალბათ ჩემი ლექსები, მოგონებებს მოითხოვს ვიცი გარდაცვალება, ვიცი ყველას სხვაგვარად, სხვა დროს გავახსენდები, ზოგიც გულით მიტირებს, ცრემლი თვალს შეაშრება. სული მაინც დიდგულობს, ვერ მოირგო გალია, ვერც სპილოსძვლით ნაქარგი ჩარჩო და აგურები, იდეიდან წარღვნამდე ერთი ნაპერწკალია, შეცდომიდან სახლამდე, მთელი საფეხურები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი