თოვა
მიყვარს თოვლის თეთრ საბანში გახვეული ჩემი ბინა, თეთრი ფიფქის ფრთხილი ვალსი ხელის გულს თუ დაეფინა, გადმოშვებულს, გადმოფენილს, კორიანტელს ლურჯი ციდან, ანთებული თვალით ვუმზერ ღრმა ბავშვობის აივნიდან... სიზმარეულ მოგონებით ვმღერი ისე როგორც მინდა, როგორც ამას თოვა ყვება თავის იდუმალებიდან. მეც იმგვარი აღტაცებით გადვიჭრები სხვა ბგერებში, და ბავშვური სიხარულით გავერევი ფანტელებში, აი თოვა, ოხ ეს წმინდა, წმინდა სულის ზიარება, ისე ფრთხილი, ისე ნაზი, არ ღირს ახლოს მიკარება. თორემ დნება, თორემ ქრება, კაცის გულს არ ემსგავსება?! სითბოსაგან უცაბედად ფითრდება და იყინება. მაგრამ თოვა, თოვა მაინც რა ვქნა ისევ მიყვარდება, სანამ ჩემში ბავშვურობა საბოლოოდ მიმკრთალდება, და თუ თოვლის თეთრი ვალსი ხელის გულზედ დაეფინა, აი მაშინ გაბრწყინდება ცის ნათელით ჩემი ბინა, და იმგვარი აღტაცებით გადვიჭრები სიმღერებში, გავეხვევი, გავერევი, შავ-თეთრ თოვლის ალუბლებში, ოხ ეს თოვა, ნეტავ მართლა, ნუთუ მართლა აღარ მოვა? და თუ მოვა, თოვის ჰანგზედ ამღერდება საიათნოვა “აბა თეთრი თოვლის კონა... აბა თეთრი თოვლის კონა...” მე ასეთი შეძახილი ჯერ არასდროს გამეგონა, თურმე სად ხარ, აი ღმერთო, ფიქრებს ამოვყავარ ზღვიდან, და გავჰყურებ მოგონებებს ღრმა ბავშვობის აივნიდან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი