დასრულდა, მორჩა


გული მიკვდება როცა სხვის ხმაში
ჩემს სულის ტკივილს ამოვიკითხავ,
ცრემლთა წვიმაში დახვრეტილ ლოცვებს
თვალამღვრეული თუ წავიკითხავ,
რა შეიცვლება, გული დალბება?
ტანჯვა ღიმილით გადიფარება?
საუკუნეებს შეაზანზარებს
ის ვინც ობოლთა ცრემლებით თვრება!
ოო ღმერთო ჩემო, ამგვარ ფიქრებით
როგორ გავთელო ცხოვრების რთველი
როგორ ვაქციო ზურგი ჭრილობებს
თუ ხსნას არსითგან აღარ მოველი.
„დასრულდა, მორჩა“ - ამას ვღიღინებ
და სნეულ სხეულს ვაწვალებ მაინც,
ნუთუ ვერასდროს ვეღარ ვიხილავ
ლურჯ კაბადონებს, ცქრიალა მაისს,
გათიბულ ნისლებს, არეულს მტვერში
და ზღვის კალთებით გარშემორტყმულებს,
ედემ ბაღებით, წვიმის ზარებით,
გაერთმანეთულ ქოშინა გულებს...
ფართო გუგებით, ვარდთა მორევში
მოქცეულ ფიქრებს, ანდაც ოცნებებს,
ყმაწვილკაცობით წამის ნამსხვრევში
გადაერთებულ ვარდისფერ კოშკებს,
ვეღარ ვიხილავ? დე იყოს ასე...
რაც ვნახე ალბათ ისიც კმაროდა,
თუმც გული მწყდება, რომ ვერ გავიგე,
ჩემში რომელი ღმერთი სახლობდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი