„როგორც შევძელი, ისე ვილოცე“


ნათელ ოცნებებს თავს ევლებიან,
მომავალ ხმათა ლაღი ჰიმნები,
ჩემი ლექსები ამღერდებიან
და მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები...

მე მიხარია ეს ხილვა უფრო,
სხვა არაფერი აღარ მადარდებს,
თვალებს ვხუჭავ და რომ წარმოვიდგენ
იასამნებით მორთულ დარბაზებს,

სული ბავშვური სხივით მევსება,
ვსუნთხავ ხარბად და წარსულზე ვფიქრობ,
ღირდა? კი ღირდა, როგორ არ ღირდა
ამ გზების გავლა, ამ ხმების სითბო.

თუმცა სხვა მაინც სხვაგვარად ახსნის,
იტყვიან ასე ფიქრობდა აქო,
ეს იგულისხმა ამ სიტყვის უკან,
პეტრე ლანძღა და პავლე შეაქო.

ამას ვერცერთი ვერ გავექცევით,
თითქოს კრიტიკა აქრობდეს სხივებს,
მე არ მაშინებს, მე არ მაღელვებს,
თუ არასწორად გაიგებს ვინმე.

მე უფრო ვღელავ იმაზე ღმერთო
თუ გულწრფელობით ვერ შევიმოსე,
შენდობას ვითხოვ, მუხლებზე ვდგები
„როგორც შევძელი, ისე ვილოცე“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი