თვალები


შენი თვალები არვის ეკუთვნის,
ის მხოლოდ შენი სულის ფერია...
თვალები უფრო მიყვარს და რა ვქნა
თვალებზე წმინდა არაფერია.
მაგრამ ეგ თმები უმწეო მხრებზე,
გლიცინიებად რომ გაფენია,
გაშლილი უფრო მიყვარს და რა ვქნა,
შენ კი გაშლილი მოგიწყენია...
და ეგ ტუჩები, შავ ზღვის ტალღებად,
ბროლის კბილებზედ რომ დაგფენია,
ტუჩებიც ძლიერ მიყვარს და რა ვქნა,
ტუჩები ვნების ეტრატებია.
ოო ეს წუთები, ლამის მაფიქრებს,
რომ სიყვარული შემპარებია,
ამ გრძნობას ცოტა ვუფრთხი და რა ვქნა
თუ ჯერ არავინ შემყვარებია.
თუ სიყვარულის მძიმე გვირგვინი
მე ჯერ ვერაფრით მომიხდენია,
არ ვღელავ არა, მაინც მოხდება,
რაც კი ამ ქვეყნად მოსახდენია.
მაგრამ თვალებზე მინდა კიდევ ვთქვა,
თვალები განა მხოლოდ ფერია?!
თვალებზე წმინდა, თვალებზე სუფთა,
თვალებზე ნაღდი არაფერია...
მინდა გიმღერო, მინდა გეფერო,
შენზე ფიქრები გარს მომხვევია,
ის რაც შენს თვალებს ბედნიერსა ხდის
ჩემში ღიმილის გამომწვევია.
ის რაც შენს თვალებს ანაღვლიანებს
ჩემთვის სულ მცირე ჯოჯოხეთია...
მე ეს თვალები მთელი ცხოვრება
ლამის კარდაკარ დამიძებნია,
რა ვქნა თუ ზოგჯერ შენს მწვანე თვალებს
ქრისტეს თვალებიც ვერ მირჩევნია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი