ლოიარეალურობა
მთელი სამყაროც რომ შევარყიოთ, უსამართლობას სამართლიან გზით, ვფიცავ ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ! მთელი მსოფლიო გაგვთელავთ წიხლით, ჩვენ შეიცვლებით, ყველაფრის მიმართ და ჩვენში სულ სხვა ვინმეს შევხვდებით. ზურგს შემოგვაქცევს ყველა ვინც გვიცნობს, ჩვენ დაგცინებენ ჩვენი გეგმები და ამას ხალხში ამოვიკითხავთ. დამსხვრეულ სარკეს რჩევას მოვკითხავთ, ეგ სული შეგვრჩეს, და ეგ თვალები, განა სხვა რამეს დავეძებთ კიდევ? მაგრამ ვერაფრით ვერ დავივიწყებთ, მთელი ცხოვრება გვემახსოვრება უსამართლობის ბინძური გემო. და საბოლოოდ დავრწმუნდებით რომ ადამიანის ჩაგვრით იმატებს, არარაობის წარმატებები... შურისძიების აზრებს ვიძახებთ, გსურთ განადგურდეს მისი სახელი, მაგრამ ვამჩნევთ რომ ბევრნი არიან. ჩვენ კი მარტო ვართ სულ მარტოდმარტო, არავინ გვიწვდის დახმარების ხელს, სულ ყველას რაღაც საქმე აქვს ახლა. ბრმა მორჩილების სუდარას ვიხვევთ და საბოლოოდ ვშორდებით სხეულს, ამ წმინდა სულის გადასარჩენად. დაე დაგლიჯონ რასაც ხედავენ, მხოლოდ ესა ვართ, მეტი ხომ არა, ვამბობთ და ამის არავის სჯერა... გვსურს მოგვისმინონ, ამ ერთხელ მაინც... ხალხი იცინის, ხარხარებს, ხარობს, ჩვენ კი ცხოვრება გვენგრევა თავზე... მაგრამ სულ ასე ხომ არ ვიქნებით? ვნახავთ, თუ როგორ შემოვა ჩვენში სხივები, სულის ნაპრალებიდან. და ვიტყვით ალბათ საჭირო იყო, ზუსტად ამ დროს და ზუსტად ასეთი, რომ რეალობა აღგვექვა უკეთ. ჩვენ გვეღიმება, თბილი ღიმილით, რა დიდი ტანჯვაც არ უნდა გვჭირდეს, ერთ ბწკარედსაც კი ვერ მიხვდებიან. ვიცით ახლა და არვის ვემდურით, ჩვენ სიყვარული გვჭირდება ახლა და ძალა რაღაც ახლის შექმნისთვის. ჩვენ უკვე ვიცით, სამყაროს სახე, ჩვენ ყველაფერი ვნახეთ და გვესმის, მაგრამ ხალხს მაინც ვერაფრით ვუგებთ... ისინი ისევ ისე ცხოვრობენ, სულ არაფერი შეცვლილა მათში, როცა ჩვენ ასე გამოვიცვალეთ. ვერ ავხსნით მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არც ვიმარჯვებთ და არც ვმარცხდებით, უფრო სხვანაირ ცხოვრებას ვიწყებთ... ცოტათი უკეთ ვალაგებთ ფიქრებს, ყვავილებს ვრგავთ და ღრუბლებს გაჰყურებთ, თან ამინდებზეც ვიწყებთ საუბარს. აივანიც გვაქვს, სარწეველა სკამს ვუჩოჩებთ გვერდით წიგნების თაროს, და მოგონების ვრცელ კაბადონებს. და ჩვენ ვღიღინებთ, სხვანაირ ხმაზე, ბედნიერი ვართ ძალიან, თითქმის გამოვიარეთ ყველა ღრმა ღელე. და ცოტა შიში შემოგვრჩა იმის, რომ ახლა ვიღაც ხომ იტანჯება, როგორ ძლებს ნეტავ, არ ვიცით არა... ვღიღინებთ მაგრამ, ჭრილობებს გვიხსნის, უსამართლობა ამ სამყაროში, რომ სამართალით არ იკურნება! ვფიქრობთ და ვფიქრობთ, გვიჭირს არჩევა თან ბედნიერი, თან უბედური, ვერ ვაცალკევებთ რომელ მხარეს ვართ... აი ბეღურებს ვუყურებთ თანაც, თითქოს ისინი უკეთ ცხოვრობენ, მაგრამ ტკივილის მათაც იციან. რომ წერა მე არ შემეძლოს ახლა, ვერ გამოვთქვამდი სამყაროს წუხილს, რომელიც მოგვდგამს დასაბამიდან. მაგრამ ვერ ვხვდებით, სანამ არ ვნახავთ, უსამართლობა როგორ დაგვინგრევს, ყრმობისდროინდელ ნათელ ოცნებებს. ჩვენ ახლა ხისაც გვტკივა ნაფოტი, ძაღლის ცრემლიან თვალებს ვერ ვუძლებთ და ვერც გატეხილ თეფშს ან ლარნაკსაც. ასე გვგონია ყველაფერს სტკივა როცა იმსხვრევა, ეცემა, იბრძვის, ჩვენ ყველას ტკივილს აუხსნელად ვგრძნობთ... ჩვენში რამდენი ტკივილიც არის, იმის ნახევარ ბედნიერებას, თუ ვეღირსებით ამ ქვეყანად ნეტავ... ვნახოთ ხო ვნახოთ, აი მორევი, ამ სამყაროში არსებობს ძალა, რომელიც ლამის შეუვალია. იცხოვრეთ ისე, როგორც ღმერთს უნდა, თორემ მწვერვალებს არ უყვართ როცა მათ ზემოთ კიდევ ვიღაცა არის. გეცოდინებათ, ახსნაც არ უნდა, რომ მწვერვალიდან დაცემა უფრო, ძნელია ვიდრე ქოხის ფანჯრიდან.... სწორედ ამიტომ, ვიტყოდი ასე: რაც უნდა გვითხრან, რაც უნდა მოხდეს, ვერაფერს ვიზამთ, ვერაფერს შევცვლით, მთელი სამყაროც რომ შევარყიოთ, უსამართობას სამართლიან გზით, ვწუხვარ და მაინც ვერ მოვაგვარებთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი