ღამეებს
„ყოველი ღამე ყრუ სამარეა, ყოველი ღამე არის გოლგოთა.“ ტერენტი გრანელი აი ბინდდება, და ჩემი სული, კვლავ შემოსაზღვრეს მძიმე სვეტებმა, გავჰყურებ ცას და მისი სილურჯე, რა ვქნა, ღამისთვის არ მემეტება... ხასხასა ვარდებს, ვნებით აღვსილებს, მათ ღვთიურ ფერებს, რა შეედრება? ფაფუკი მთების ვარდისფერ კოშკებს, ნისლი ქათიბად ყელზე ევლება... და მოშრიალე ფოთლებში ქარი, შორეულ ზღვების საუბრებს ჰყვება, ამ სინაზეთი აღვსილი ლანდი, პოეტურ სტროფებს მეჩურჩულება. მაგრამ ბინდდება, იმატებს მწუხრი, ახლა მზის ფერი, მთვარით იცვლება, და ეს წუხილი, ღამეს რომ ახლავს, დილამდე შხამად გარდაიქცევა, ო მდუმარეო აჩრდილო, გიხმობ! მომხედე ფიქრში გალეულ მგოსანს, ნუთუ ვერა სცნობ, რომ შენს ცრემლებში, ჩემი ყინულის ცრემლებიც მოსჩანს, შენ თუ გაქრები, დაშრება ქვიშა, გახმება ლურჯი ფოთლების ფერი, და ამ უსაზღვრო ფანტაზიისგან, დარჩება, მხოლოდ ცისფერი მტვერი. შენ თუ დამტოვებ, მომიღებს ბოლოს, მწარე სიკვდილის ველური ცელი, შენა ხარ ჩემი საყრდენი ძალა, და ჩემი ფიქრის გამფიქრებელი. ვგრძნობ რომ აქვე ხარ, თვალებით მისმენ, სწუხხარ ამნაირ ბედის ტრიალით, შენც იტანჯები, ვიცი ღამეებს, როგორც უძლებდი... როგორც იტანდი... დაე დაინგრეს ბჭენი აკლდამის, ჩვენ მზად ვართ უკვე ყველაფრისათვის! და შევეგებოთ საზიზღარ ღამეს, გაუსაძლისის გაძლებისათვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი