გშორდები! გშორდები!


ნოემბრის წვიმები, ნოემბრის ქარები,
ამტვრევენ მაისებს, ზაფხულის კ(ა)რიდორს,
თოვლია იფნებში, და მთებში ზარები,
გასცემენ შეძახილს - წადი შორს! წადი შორს!
თითებში ვიფლები, ნისლები ღვივიან,
გორებზე დათოვლილ ფიქრების კაბადონს,
გამლღვალი წვიმები აკრისტალდებიან,
და მერე თავთავებს თოვლივით დაათოვთ.
ყორნისფერ დაისებს, აცილებს მერმისი,
იმედით ლოდინი, უფრორე ძნელია,
პალადინს ვუხმობდი, გათეთრდა თეზისი,
მოჰგავდა სასახლე, გადამწვარ კელიას...
გორები გროვდება, გუგუნით გამიღებს
სამოთხის დარაბებს, - გშორდებით! გშორდებით!
და როცა გოლგოთა, აისით აივსებს
გადამწვარ უდაბნოს, სამოთხის მოგვებით,
ღმერთების სავანეს, ცისფერი რიდებით,
მოვლენილ საუფლო, რაინდთა ნადიმზე,
მიმღერენ, მიმღერენ, მიმღერენ წვიმები,
ბავშვობის ხმაზე და ბავშვობის წადილზე
ელჭექი მკივანი ძახილით ზარებში,
ჩამწივლებს წყეულო - წადი შორს! წადი შორს!
ნოებრის ველური სიცივე ჭალებში,
გაჰკივის ბაღებს და ვარდებზე ნადირობს.
ეჭვებით სავსეა, მგლისფერი თვალები,
ნიღბები ნიღბებთან იცვლიან წარწერებს,
გვირგვინი ქვავდება და მცვივა ბრჭყალები,
ვეღარ ვცნობ წარსულში, მომავლის ნაწერებს.
გავჰყურებ ბურუსით გათოშილ ონავარს,
ხვავრიან ნალექებს, იხვევენ ლოდები,
და უღვთო წუხილით, წარსულს და მომავალს,
მივმართავ ღრიალით - გშორდები! გშორდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი