დღეს კი სიყვარული მინდა!


ქარი აშრიალებს ფოთლებს,
წვიმას ელოდება თითქოს,
ჩემგან ნაჩუქარი ლექსი,
მხოლოდ გაღიმებას ითხოვს...

თეთრი ივნისია ახლა,
ჩრდილი შეპარვიათ ხეებს,
ამბობ გაღიმების გარდა,
შენ სხვა სურვილებსაც ეძებ,

მთები მოქარგულა იფნით,
მთვარე ალიონზე ქრება,
მე კვლავ გიპასუხე ფიცით,
არა, მხოლოდ გაღიმება!

ზეცა გაიცრიცა თითქოს,
თვალი ამარიდა ზიზღით,
- ნუთუ მხოლოდ ღიმილს ითხოვ
ასე მუდარით და ფიცით?!

ჩემს წინ ყვავილების ჯარი,
ჭკნება სიყვარულის მიღმა,
მე ვთქვი აღარ მინდა ქალი!
შენ თქვი გაგიტაცა ფიქრმა!

ხელში კონიაკის ბოთლი,
ვხედავ სხვანაირად ღელავს,
უნდა გამოგიტყდე ახლა,
გული გაგიჟებით ფეთქავს.

ფარდებს ესალმება დილა,
თითქოს აღარ ჭკნება ვარდიც,
ჩემო შოკოლადის ფილავ,
როგორ გამიქარწყლე დარდი...

იად ამოსულხარ სულში,
სანთლის სილუეტო წმინდავ,
გუშინ გაღიმებას გთხოვდი,
დღეს კი სიყვარული მინდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი