გულახდილი ლოცვის ძალა


გარეთ წვიმა ნისლის ქოლგით,
ეხურება სოფლის თავანს
და უმღერის ვით მშობელი
ბავშვს ძილისწინ იავ-ნანას.
აფრიალებს ფოთლებს ქარი,
ისე ნელა, ისე მდორედ,
მოგაგონებს ეს ზღაპარი,
მშობლის ნანას ხელმეორედ.
ალბათ ღმერთი ასე სუნთქავს,
გადაღლილი მძიმე დარდით,
იქნებ ლოცვით შევაღონე
დღეს რომ სახლში მივუვარდი,
რომ წუხილით მიველ კართან,
დაიფარე, უშველე - თქო,
ჩემი ცრემლით დაფშვნილი ხმა,
ედებოდა სოფელს ექოდ,
იქნებ მიტომ დაინაღვლა,
ასე უცებ არე-მარემ,
რომ აევსო აიმ ცრემლით,
უსამართლო ქვის სამარე.
აი ღმერთის განჩინება,
რა ნაზი და რა ძვირფასი,
თქვით რა არის, აქ ამ ქვეყნად,
გულახდილი ლოცვის ფასი?
ან საყდართან რიდით მდგომი,
მშობლის გვერდით მორცხვი ბავშვი,
როცა უწნავს სანთლის ძაფებს,
თეთრ ნაწნავებს რძისფერ თმაში,
როცა თვალებს ხატს უმალავს,
თან ატყუპებს ციცქნა თითებს,
თქვით სასწაულს რა არ სწვდება,
ბავშვი როცა პირჯვარს იწერს?
ახლა თითქოს წვიმაც შეწყდა,
მხოლოდ ქარი მღერის ნანას
და ღრმა ძილით აღვსილ სოფელს,
აფენს ფოთლით ნაქარგ საბანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი