გოდოს მოლოდინში - "ჩვენ ადამიანები ვართ"


დღეები მიდის, დრო არ იცვლება,
ერთფეროვნება იმატებს მხოლოდ,
წინათ ფენილი სიცოცხლის ფერი,
გარდაქცეულა ყინულის ლოლოდ...
იმედის ძაფებს ჩაჰკიდებია,
გოდოს ლოდინის შემჭკნარი ლანდი,
წყეულიმც იყოს! წყეულიმც იყოს!
აბსურდულობა და სიაფანდი.
კლოუნადების რიგში ხეტიალს,
არ დაანებებს ადამის მოდგმა,
და შეჩვენებულ ბრმა მისტერიალს,
კიდევ ათასჯერ შეასხამს ხოტბას.
ტრიალებს სცენა, ბაწრებს უხმობენ,
ქამრის ნაგლეჯი გაუძლებს ვითომ?
ახარხარებულ ტირიფს ტირილით
ეკითხებიან - შენ როგორ ფიქრობ?
ჩვენ ახლა ყველა თითო ლაქი ვართ
და თითო პაცი გვილუკმავს ფიქრებს,
მთელი მსოფლიო დაგვცინის ახლა,
გოდო კი მაინც ვერაფერს იგებს...
ჩვენ ახლა ყველა ესტრაგონი ვართ
და ვლადიმირის ყბედობას ვისმენთ,
გოდოს ლოდინში, გოდოს ლოდინში,
რას აღარ ვთმობთ და რას აღარ ვითმენთ.
დღეები მიდის, დრო არ იცვლება,
იგივეობას ჰკვნესის ლოდები,
მშვიდობით ღელვავ, სიცოცხლის სხივო,
მორჩა, მეტს ვეღარ დაგელოდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი