შენი ბრალია


მე არ მეგონა, გეფიცებით თუ გამეფიქროს
და ახლაც თითქმის ვერ ვიჯერებ, მიჭირს ძალიან,
როცა ვკვდებოდი, სულს ვღაფავდი, სწორედ აიმ დროს
ყველა, სულ ყველა ჩამძახოდა - შენი ბრალია!
შენი ბრალია არჩევანის შედეგს რომ აცდი,
რომ ვერ განსაზღვრე მომავალში რა მოგელოდა,
რომ სასიკვდილოდ გამეტებულ იუდას ჰგავდი,
და საბელი რომ ყელზე უფრო გემოკლებოდა,
შენი ბრალია ეგ ცრემლები, გიჭირს გაძლება?
უნდა გიჭირდეს და ეს “უნდაც” შენი ბრალია,
შენი ბრალია რომ არსებობ, რომ არ ბარდები, 
რომ კიდევ იბრძვი აგერ უკვე წელიწადია,
რომ ბოდავ ყელში გამეჩხირა მძიმე სხეული,
რომ ეს თვეები მშვიდი ღამე არ გღირსებია,
რომ სუნთქავ ისევ, რომ არსებობ და შენი გული
ხშირი შეკუმშვით თუ როგორც ამბობ - აგტკივებია..
შენი ბრალია, ნუ მაცინებ, როგორც მენებოს?!
რა სისულელეს არ შეხვდები თურმე ამ ქვეყნად,
დეტერმინიზმის ნებაა და დაე შეგერგოს,
თუ ისე გესმის როგორც გინდა ანუ ბრალდებად!
აა კიდევ ერთხელ გიმეორებ, ვცადოთ დამარცვლით
შე-ნი ბრა-ლი-ა, შე-ნი, შე-ნი, შე-ნი ბრა-ლი-ა,
და ამის შემდეგ, უსაფუძვლო დოგმების ძალით
ჯანდაბამდეც კი ჩამაყოლეს „შენი ბრალია“.
თფუ რა მინდოდა, საერთოდ რას ვაჩენდი სახეს,
ჩოჩნხის პირებმა წამიკითხეს მდარე მორალი,
თავშიც გიხლიათ მესიეთი, არსთა მესნევი,
გამოცდილებაც და ნიღბების მთელი გორგალიც,
აი დინება, სამოსახლო ცხოვრების რიდე,
ფარცა-ფერხულით აგებული მწველი ხედები,
რაგინდ შორს იყო, რომელ მთაზეც არ უნდა იდგე,
ამგვარ შეძახილს ერთხელ მაინც შეეჩეხები.
მორჩა სპექტაკლი, გონგის ხმაა, აი ტრიბუნაც,
ფარდის ნანგრევი მახსენებს რომ ისევ ტაშია,
დაე იქუხოს ამ დარბაზმა, სტვენა-სიმღერით,
მათი ცხოვრება ბრალდების და ტაშის ცდაშია!
მე კი მეგონა სულ სხვაგვარი იყო დინება,
ახლაც კი თითქმის ვერ ვიჯერებ, მიჭირს ძალიან,
რაღაც ენები, უსაფუძვლო დოგმებს რომ მახვევს,
მხრებზე უაზრო შეხსენებით - „შენი ბრალია“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი